შეიცვალა სასჯელი დამძიმებისაკენ

სისხლის სამართლის 20.06.2022
საქმის ნომერი
2კ-1005აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.06.2022

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119003123441

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1005აპ-21 20 ივნისი, 2022 წელი

ს-ი ხ, 1005აპ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განაჩენით:

ხ. ს-ი, - დაბადებული --- წლის....- თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით და გათავისუფლდა მისი მოხდისაგან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2019 წლის 27 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ხ. ს-ი, ბოთლში ჩასხმული სითხით, მივიდა ა--ს რაიონის სოფელ წ-–ი მდებარე ყოფილი რძლის ა. გ-ს საცხოვრებელ ოთახში, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და შვილიშვილების: მ. ს-ისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - ა ს--ის თანდასწრებით, მოსთხოვა მას სახლის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დაემუქრა ბოთლში არსებული ბენზინის გადასხმითა და სახლთან ერთად დაწვით.

აღნიშნულის გამო ა. გ--ს, ა. ს-სა და მ. ს--ს გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, რის გამოც დატოვეს კუთვნილი ოთახი და წავიდნენ სახლიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში და ხ. ს--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ხ. ს--მა დანაშაული ოჯახის წევრების მიმართ ჩაიდინა. მათ შორის ოჯახის ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მსჯავრდებული დაზარალებულებთან შერიგებული არ არის. ამასთან, დაზარალებულები დაინტერესებულები არიან მისი დასჯით.

5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ხ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გამკაცრდეს.

2. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ხ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიუსაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით, რომლის მოხდისაგან იგი გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის არგუმენტებად მიუთითა: მსჯავრდებულის ასაკსა (83 წელი) და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე (საქმის განხილვის პროცესში არაერთი ქირურგიული ჩარევა, საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას, უჭირს გადაადგილება);

სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ ამგვარ ვითარებაში თავისუფლების აღკვეთა შეეწინააღმდეგებოდა სასჯელის მიზნებს, რასაც არ წარმოადგენს ბრალდებულის დასჯა და მისი არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება.

წარმოდგენილი საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ არგუმენტებს არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი მსჯავრდებულისათვის ჩადენილი დანაშაულის გაანალიზების ეფექტურ ბერკეტს წარმოადგენს. მოსამართლე როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ისე მისი ზომის შერჩევის დროს შებოჭილია/შემოსაზღვრულია არა მხოლოდ იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებით, არამედ განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით.

4. მოცემული სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს თანმიმდევრულად შეაფასებს:

ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მუქარისათვის განსაზღვრულ შესაბამის ალტერნატიულ სასჯელებს და მათგან უფრო მკაცრი ან მსუბუქი სასჯელის დანიშვნის მიზანშეწონილობას, სასჯელის კონკრეტულ ზომას, სასჯელის მოხდის შესაძლებლობას/მნიშვნელობას (ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ხ- ს-ი გაათავისუფლა სასჯელის მოხდისაგან).

4.1. ჩადენილი ქმედების სიმძიმე:

ხ. ს-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, რაც იმაში გამოიხატა, რომ იგი ბოთლში ჩასხმული სითხით მივიდა ყოფილი რძლის - ა. გ-ს საცხოვრებელ ოთახში და შვილიშვილების: მ. ს-ისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - ა. ს-ის თანდასწრებით, მოსთხოვა სახლის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას დაემუქრა ბოთლში არსებული ბენზინის გადასხმითა და სახლთან ერთად დაწვით.

აღნიშნულის გამო ა. გ--ს, ა. ს-სა და მ. ს-ს გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, რის გამოც დატოვეს მათი კუთვნილი ოთახი და წავიდნენ სახლიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მუქარა მიმართულია როგორც სიცოცხლის მოსპობის, ისე ქონების განადგურებისაკენ; ამასთან, ხ. ს-ი დაემუქრა სამ პირს, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. დაზარალებულმა ა. გ-მა ჩვენებაში მიუთითა, რომ მუქარის დროს მის ავადმყოფ შვილს იმდენად შეეშინდა, რომ გარეთ გაიქცა; მეორე შვილი კი შეშინებული და ანერვიულებული ხმით ეკითხებოდა ხ. ს--ს, რატომ აპირებდა მათ გადაწვას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამავე მოწმის ჩვენების თანახმად, ხ. ს-ი მუდმივად ცდილობდა მისი და მისი შვილების სახლიდან გაყრას, მაშინ, როდესაც მათ წასასვლელი არსად აქვთ.

ამასთან, დაზარალებულების - ა. გ-სა და მ. ს-ის ჩვენებების მიხედვით, ხ. ს-ი და დაზარალებულები ერთ სახლში ცხოვრობენ (იზოლირებულად, სარდაფში). შესაბამისად, ამ შემთხვევაში ქმედების განმეორების რისკიც გამოკვეთილია.

ამდენად, მუქარის შინაარსის (დაკავშირებული სიცოცხლესა და ქონებასთან), დაზარალებულთა რაოდენობის (სამი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე), დანაშაულის განმეორების რისკის (დაზარალებულები და მსჯავრდებული განცალკევებულ ოთახებში, მაგრამ რეალურად ერთ სახლში ცხოვრობენ) მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ-ს-ის ქმედება მცირე საშიშროების მქონე არ არის და მას პროპორციულად უნდა შეესატყვისებოდეს როგორც შერჩეული სასჯელის სახე, ისე - ზომა.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).

4.2. შერჩეული სასჯელის სახე:

საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხ. ს-მა ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა 2019 წლის 27 მაისს. შესაბამისად, იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 სექტემბრის კანონის მიღებამდე რედაქცია). იმჟამინდელი რედაქცია ამ მუხლის მე-2 ნაწილისათვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 170-დან 200 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამასთან ერთად საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების საფუძველზე (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენისათვის) თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ზემოხსენებული მუხლის სანქციაში თავისუფლების აღკვეთის მხოლოდ მაქსიმალური ზომა - სამი წელია მითითითებული, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების მხედველობაში მიღებით, მოცემულ შემთხვევაში ხ. ს--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შემთხვევაში, მას მინიმუმ 1 წლითა და 6 თვით უნდა განესაზღვროს სასჯელი.

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ (2019 წლის 20 სექტემბრის კანონი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს, მუქარას დაემატა ,,დ“ ქვეპუნქტი შინაარსით - ,,ოჯახის წევრის მიმართ.“ შესაბამისად, ამჟამინდელი რედაქციით ხ. ს-ის ქმედება დაკვალიფიცირდებოდა - საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ვინაიდან ხ. ს-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ). აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი ზემოხსენებული, 2019 წლის 20 სექტემბრის კანონამდე მოქმედი რედაქციის ანალოგიურ სასჯელს ითვალისწინებს, კერძოდ: ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 170-დან 200 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

განსხვავება ამჟამინდელსა და მანამდე მოქმედ რედაქციებს შორის არის ის, რომ მოქმედი რედაქციით საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების დანაწესის გავრცელება აღარ არის შესაძლებელი, ვინაიდან ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ჩადენა უკვე პირდაპირ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი ნიშანია (მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი), რაც, თავის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, მავალდებულებელი ფორმით გამორიცხავს მოსახდელ სასჯელზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთის ზომის განსაზღვრას. შესაბამისად, თუ 2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შემთხვევაში სასჯელის მინიმუმი 1 წლითა და 6 თვით უნდა განესაზღვროს, მოქმედი რედაქციით იგივე ქმედება მხოლოდ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, რაც არ გამორიცხავს მათ შორის თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომის - 6 თვის გამოყენების შესაძლებლობას.

მაშასადამე, გამოდის, რომ ნორმათა შესაბამისობაში მოყვანის გარეშე, ხ. ს-ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შემთხვევაში, დასანიშნი სასჯელის მინიმალური ზომა (1 წელი და 6 თვე) უფრო მკაცრია, ვიდრე ამჟამინდელი მოქმედი რედაქციით დაენიშნებოდა (მინიმალური 6 თვე). მოცემულ ვითარებაში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით (ე.წ. უკუძალის პრინციპი), რომლის გამოყენების საფუძველზეც საკასაციო პალატა უფლებამოსილია, დანიშნოს იმაზე ნაკლები სასჯელი, ვიდრე 2019 წლის 20 სექტემბრის კანონამდე რედაქცია ითვალისწინებდა.

ვინაიდან საკასაციო სასამართლო ხ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე (მუქარა, მიმართული სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურებისკენ, დაზარალებულთა რაოდენობა, ქმედების განმეორების რისკის შეფასება), არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ზომის შერჩევამდე მართებულად მიიჩნევს ხ. ს-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირებას (როგორც აღინიშნა, სასჯელის ზომები მე-2 ნაწილისათვის იდენტურია); ამდენად, საკასაციო სასამართლო სასჯელის გადაკვალიფიცირების შემდეგ უკვე შეარჩევს თავისუფლების აღკვეთის კონკრეტულ ზომას.

ამასთან, პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის შერჩევა თავად ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან, მოვალეობათა დარღვევის ზომიდან გამომდინარეობს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასაპატიმრო და საპატიმრო სასჯელთა შერჩევის დროს, ძალიან ფრთხილად უნდა დაიცვას ბალანსი, რათა, ერთი მხრივ, ზედმეტად მკაცრად არ დასაჯოს მსჯავრდებული, ხოლო, მეორე მხრივ, არც დაზარალებულთათვის მიმართ მიყენებული ზიანის მოცულობა და დანაშაულის პრევენციის საფრთხე დარჩეს შეუფასებელი.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ ხ. ს-ისათვის სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ ენიშნება საპენსიო ასაკის პირს. აღნიშნული წესიდან გამონაკლისს მატერიალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა უთითებს, რომ სასჯელის სახისა და ზომის შერჩევის დროს სასამართლო შებოჭილია იმპერატიული სახის ნორმებით, რომელთა შორის არის საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილიც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, ხ---- ს---------ისათვის სასჯელის სახედ განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთა საკასაციო სასამართლოს დაუტოვებია ძალაში (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N166აპ-18 განჩინება).

4.3. თავისუფლების აღკვეთის ზომა:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის სამართლიანობას განსაზღვრავს არა მხოლოდ სასჯელის სახე, არამედ მისი ზომაც.

მოცემულ შემთხვევაში იმ არგუმენტებს, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების დასასაბუთებლად გამოიყენა - მსჯავრდებულის ასაკი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა (საქმის განხილვის პროცესში არაერთი ქირურგიული ჩარევა, საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას, უჭირს გადაადგილება), საკასაციო პალატა თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ზომის შერჩევის დროს გაითვალისწინებს და ხ. ს-ს მინიმუმთან მიახლოებულ სასჯელს, კერძოდ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს.

სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ იკვეთება.

4.4. თავისუფლების აღკვეთის მოხდის შესაძლებლობა:

სააპელაციო სასამართლომ ხ. ს-ი დანიშნული საზოგადოების სასარგებლო შრომის მოხდისაგან გაათავისუფლა, რაც აგრეთვე მატერიალური კანონის ჭრილში უნდა შეფასდეს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტად მიუთითა კვლავ ასაკსა და ჯანმრთელობაზე და მიიჩნია, რომ ხ. ს-ს არ შეეძლო დანიშნული სასჯელის მოხდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ზოგადად, საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლოა გამოტანილ იქნეს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, თუმცა განსახილველი შემთხვევა არცერთ კანონისმიერ საფუძველში არ ექცევა.

მოცემულ საქმეში არ იკვეთება არც საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლის საფუძვლები (ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება), კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობას მიღწეული პირი მამაკაცი - 70 წლიდან, თუ მას: 1. სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და 2. მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. მაშასადამე, მოცემული დანაწესი დაკავშირებულია სასჯელის გარკვეული ნაწილის მოხდასთან, რაც ამ შემთხვევაში გამოკვეთილი არ არის.

ხ. ს-ის მიმართ აგრეთვე არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძვლები, ვინაიდან იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ხ. ს-ის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების (ან გადავადების) არცერთი სამართლებრივი საფუძველი, ხოლო სხვა რაიმე სახის კანონისმიერ არგუმენტზე სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია. ამგვარი მოცემულობით კი სასჯელის მიზნები რჩება მიუღწეველი. საკასაციო პალატა უთითებს, რომ როდესაც სასამართლო იყენებს რაიმე სახის შეღავათს მსჯავრდებულის მიმართ, იმგვარად უნდა იმოქმედოს, რომ არ გასცდეს კანონის მოთხოვნათა ძირითად ჩარჩოს და ამასთან, დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი არ დარჩეს შეუფასებელი. მოცემულ შემთხვევაში ხ. ს-ის მიმართ როგორც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა, ისე მისი მოხდისაგან გათავისუფლება არ შეესაბამება მატერიალური კანონმდებლობის ძირითად მოთხოვნებს და ამასთან, შეუფასებელი რჩება დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანიც, მოვალეობათა დარღვევის ზომა, ჩადენილი ქმედების საშიშროება, სიმძიმე. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ, როგორც კასატორი საჩივარში უთითებს, მსჯავრდებული დაზარალებულებთან შერიგებული არ არის.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში თავისუფლების აღკვეთა (ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე) შეეწინააღმდეგებოდა სასჯელის მიზნებს, რომელსაც არ წარმოადგენს ბრალდებულის დასჯა და მისი არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია მტკიცებულებებზე, რომლებიც ცალსახად მიუთითებდა, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან.

საკასაციო სასამართლო დამატებით ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის მე-5 ნაწილსა და ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მე-4 ნაწილს; აღნიშნული ნორმები პენიტენციურ დაწესებულებაში ხანდაზმულთათვის (მამაკაცს 65 წლიდან) სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულ საყოფაცხოვრებო პირობებსა და მათი მდგომარეობის შესაბამის კვების საკითხს შეეხება.

ამასთან, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ავადმყოფის გათავისუფლება შესაძლებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, იმ შემთხვევაში: 1. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და 2. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის; ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სავალდებულო მონაწილეობით).

მაშასადამე, თავისთავად, ცალკე აღებული ხანდაზმული ასაკი, უპირობოდ არ გამორიცხავს მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შეუძლებლობას; რაც შეეხება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის საფუძველზე სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება ან განაჩენის აღსრულების გადავადება მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისი წინაპირობების შემთხვევაშია შესაძლებელი.

როგორც აღინიშნა, ის გარემოებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისა და მისი მოხდისაგან გასათავისუფლებლად საკმარისად ჩათვალა, საკასაციო პალატამ თავისუფლების აღკვეთის კონკრეტულ ზომაში ასახა. ამასთან, საკასაციო სასამართლო სხვა სისხლის სამართლის საქმეში არ გამორიცხავს, რომ პირის ხანდაზმული ასაკი, საქმეში არსებულ შემამსუბუქებელ და ინდივიდუალურ ფაქტორებთან ერთად, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი გახდეს, თუმცა, არა - მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც, როგორც მიეთითა, ქმედების ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს პროპორციულ სასჯელს.

5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი ხ. ს-ის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე საფუძვლიანია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის და შემდეგ მსჯავრდებულის აღნიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის ნორმათა იმპერატიულ წინაპირობებს; ამასთან, საკასაციო პალატა თავად მუქარის შინაარსიდან, დაზარალებულთა რაოდენობისა და ყველა სხვა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ხ. ს--ისათვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა (თავისუფლების აღკვეთა 1 წლით) სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის მიზნების მიღწევას, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

6. რაც შეეხება არგუმენტებს მსჯავრდებულის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით (რაც საკასაციო სასამართლომ სასჯელის ზომაში ასახა), თუკი აღნიშნული ფაქტორები რეალურად შეუშლის ხელს სასჯელის მოხდას, საკასაციო პალატა განმეორებით უთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პროცედურებს (საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლი, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი), რომელთა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ხ. ს-ს ექნება შესაძლებლობა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

ხ. ს--ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 სექტემბრის კანონამდე რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე (მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით, მისი დაპატიმრების მომენტიდან;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი