საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121005108150
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№643აპ-22 ქ. თბილისი
ბ. ო., 643აპ-22 26 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ო. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) მისი მსჯავრდების ნაწილში - უკანონოა; მსჯავრად შერაცხულ დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით დაზარალებულ ლ. პ-ს ჩვენება იყო არათანმიმდევრული, ვერ აკმაყოფილებდა სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ საკვლევად წარმოდგენილ ანაწმენდზე, ბოცის გარე ზედაპირსა და ორ სანთებელაზე ნავთობპროდუქტის კვალი არ გამოვლენილა, ხოლო ბოცის შიგთავსში აღმოჩნდა სახეშეცვლილი ნავთობპროდუქტის კვალი; დაზარალებულ ლ. პ-ს ჩვენებით დადგინდა, რომ მას ო. ბ-ს მუქარა არ აღუქვამს რეალურად და არ გასჩენია მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც მსჯავრად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ო. ბ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 11 ნოემბერს, ღამის საათებში, .. ყოფნისას, ო. ბ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. პ-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2020 წლის 11 ნოემბერს, ღამის საათებში, .. ყოფნისას, ო. ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. პ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. 2021 წლის 17 სექტემბერს, საღამოს საათებში, .. ყოფნისას, ო. ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. პ-ს, კერძოდ, ბენზინი მოასხა სახლში და უთხრა, რომ დაწვავდა, რაც ვერ შეძლო, შემდეგ აიღო სამზარეულოს დანა და უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, .. ყოფნისას, ო. ბ. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ იყო ქალი და მიიჩნევდა უუფლებოდ, მათი არასრულწლოვანი შვილის - ი. ბ-ს თანდასწრებით, სისტემატურად ამცირებდა, ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. პ-ს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
3. ო. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ო. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; ო. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ო. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ბ-მ ჩაიდინა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
5.1. 2021 წლის 17 სექტემბერს, საღამოს საათებში, .. ყოფნისას, ო. ბ. ქონების განადგურებით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. პ-ს, კერძოდ, ბენზინი მოასხა სახლში და უთხრა, რომ დაწვავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ო. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ო. ბ-ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა; ამასთან, კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში; დაზარალებულ ლ. პ-ს ჩვენება, რომ გაბრაზებულმა ო. ბ-მ მისაღებ ოთახში მოასხა ბენზინი, აიღო ასანთი და ემუქრებოდა სახლის გადაწვით, რისიც შეეშინდა, რადგან მსჯავრდებული იყო ძალზე აღელვებული, არის დამაჯერებელი და დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ს. ს-ს, ნ. ს-ს, ვ. რ-ს და ა. რ-ს ჩვენებებით/გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს დაზარალებულისა და მსჯავრდებულის სახლში ნამდვილად იდგა ბენზინის სუნი, ხოლო ლ. პ-ს გადმოცემით შეიტყვეს, ო. ბ-ს მუქარის თაობაზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ .. მდებარე ლ. პ-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას მისაღებსა და საძინებელში იგრძნობოდა მძაფრი სუნი, რა დროსაც სამართალდამცავებმა ამოიღეს: პლასტმასის ჭურჭელი, რომელშიც, ქიმიური ექსპერტიზის № დასკვნის მიხედვით, აღმოჩნდა სახეშეცვლილი ნავთობპროდუქტის კვალი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ბ-ს ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - ოჯახის წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - შემადგენლობა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში არის კანონიერი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი