საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №828აპ-22 თბილისი
კ-ი რ., 828აპ-22 12 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. კ-ს ბრალი დაედო:
ь ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორ - 2020 წლის 24 აგვისტოსა და იმავე წლის 5 სექტემბრის ეპიზოდებში);
ь ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ესე იგი მის ფსიქიკურ იძულებაში, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2020 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, რ. კ-ი მივიდა რ-ში, დ. კ-ის ქუჩის №--ში მდებარე თავისი ყოფილი მეუღლის - ს. ბ-ას სახლში და იძალადა მასზე, კერძოდ: მათი საუბარი გადაიზარდა კამათში, რა დროსაც რ. კ-მა ს. ბ-ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2020 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, რ. კ-ი მივიდა რ-ში, დ. კ-ის ქუჩის №--ში მდებარე თავისი ყოფილი მეუღლის - ს. ბ-ას სახლში და მოსთხოვა კარის გაღება, ვინაიდან სურდა მშვიდად საუბარი. კარის გაღებისთანავე რ. კ-ი ს. ბ-ას მიმართ გახდა აგრესიული, სახეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი, თმა მოქაჩა და ძირს დააგდო, რის შემდეგაც გაშლილი ხელი კვლავ ორჯერ დაარტყა სახეში. ს. ბ-ა მას სამზარეულოში გაექცა და კარი გადაკეტა, თუმცა რ. კ-მა მეორე კარიდან შეძლო შესვლა და სახეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2020 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, რ-ში, დ. კ-ის ქუჩის №--ში მდებარე სახლში, რ. კ-მა თავის ყოფილ მეუღლეს - ს. ბ-ას მასზე ძალადობის შემდეგ უთხრა, რომ თუ ძალადობის შესახებ დარეკავდა პოლიციაში, თავს მოაჭრიდა. დაზარალებულმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც საკუთარ თავზე განიცადა მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის განაჩენით:
· რ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2020 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
· რ. კ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2020 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდში და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 9 თვე - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. რ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 6 სექტემბრიდან.
4. განაჩენის მიხედვით, რ. კ-ს მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2020 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი).
5. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, რ. კ-ი მივიდა რ-ში, დ. კ-ის ქუჩის №--ში მდებარე თავისი ყოფილი მეუღლის - ს. ბ-ას სახლში და მოსთხოვა კარის გაღება, ვინაიდან სურდა მშვიდად საუბარი. კარის გაღებისთანავე რ. კ-ი ს. ბ-ას მიმართ გახდა აგრესიული, სახეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი, თმა მოქაჩა და ძირს დააგდო, რის შემდეგაც გაშლილი ხელი კვლავ ორჯერ დაარტყა სახეში. ს. ბ-ა მას სამზარეულოში გაექცა და კარი გადაკეტა, თუმცა რ. კ-მა მეორე კარიდან შეძლო შესვლა და სახეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა: რ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ორ ეპიზოდში, ასევე - 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას: რ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ორ ეპიზოდში, ასევე - 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს რ. კ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2020 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. ამასთან, რ. კ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2020 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდისათვის განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ რ. კ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
13. ამავე დროს, სააპელაციო პალატამ რ. კ-ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენების გარეშე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
14. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება რ. კ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2020 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდში მსჯავრდების, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2020 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში - უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე