საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.12.2022
საქმის ნომერი
2კ-963აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100120003478349

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№963აპ-22 8 დეკემბერი, 2022 წელი

ს-ე ი., №963აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ს–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ლ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ი. ს–სე (პირადი ნომერი .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ი. ს–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო (2020 წლის 10 იანვრიდან 2020 წლის 12 იანვრის ჩათვლით) და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათით.

1.2. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ს–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

ი. ს–მ, 2018 წლის მარტიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ქ. მ–ს 2020 წლის 10 იანვარს, ღამის საათებში, თ–ში, ........ის ქ.N..-ში მდებარე ბინა N... მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ითრია თმით, დააგდო იატაკზე და ხელი მოუჭირა ყელში, რა დროსაც ქ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ს–ს ადვოკატმა გ. ლ–მა, რომელმაც მოითხოვა ი. ს–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ს–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ლ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 2 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ს–სის ინტერესების დაცველმა, ადვოკატმა გ. ლ–მა, რომელმაც მოითხოვა ი. ს–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა;

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ძირითადმა მოწმემ დაზარალებულმა ქ. მ–მ სასამართლოში არ დაადასტურა 2020 წლის 10 იანვარს განვითარებული მოვლენები, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ი. ს–სის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარემ გამოძიების საწყის ეტაპზევე წარადგინა ქ. მ–სის ხელწერილი პრეტენზიის არქონის თაობაზე, რითაც დგინდება, რომ 2020 წლის 10 იანვრიდან ძალიან მალე, ქ. მ–ე აცხადებდა, რომ მას არ ჰქონდა პრეტენზია ი. ს–სის მიმართ. პრეტენზიის არ ქონის შესახებ ხელწერილის წარმოდგენა უმალვე, მიუთითებს იმაზე, რომ იყო სხვა გარემოებები და ი. ს–სეს ის არ უცემია, მითუფრო იმ ფონზე, რომ ქ. მ–ს აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება. საყურადღებოა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამება 2020 წლის 10 იანვარს, ხოლო აღნიშნული დაზიანებების წარმომავლობა კი გამოძიების მიერ ახსნილია კომიკური და არადამაჯერებელი მიზეზებით. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაზიანებების წარმომავლობის კვალი გამოწვეულია ქ. მ–სის ალკოჰოლიზმით. ამასთან, ქ. მ–ს დედამ გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მის შვილს ალკოჰოლთან დაკავშირებით აქვს პრობლემები და მანვე დაადასტურა, რომ პოლიციაში წასვლამდე, წინა დღით, ქ. მ–სე იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. დასტურდება ისიც, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოკითხული ე.წ. დაზარალებული, თანამშრომლებთან საუბრისას იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რაც არ ყოფილა პოლიციის თანამშრომლებისთვის შემაკავებელი გარემოება და მაინც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები მსგავს ვითარებაში მყოფ ქ. მ–სესთან. ი. ს–სის ჩვენების თანახმად, ქ. მ–ე 2020 წლის 10 იანვრის საღამოს იმყოფებოდა იმდენად ნასვამ მდგომარეობაში, რომ უჭირდა ფეხზე დგომა. ქ. მ–სის ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები დასტურდება სამი მოწმის მიერ მიცემული პირდაპირი ჩვენებებით. ასევე ის, რომ ქ. მ–მ შემთხვევიდან 1 წლის შემდგომ არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, თავის მხრივ, უნდა შეფასდეს ი. ს–სის ჩვენების ნამდვილობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, მოწმეთა ვინაობა, კერძოდ ქ. მ–სის ალკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით საუბრობს თავად ქ. მ–სის დედა, რომლის შვილის ცემასაც ედავებიან ი. ს–ს. ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა მხოლოდ ირიბი მოწმეების გამოკითხვის ოქმების საფუძველზე, რომლებიც, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, გადმოსცემენ მთვრალ და ნაბახუსევ მდგომარეობაში მყოფი ქ. მ–ის ნაამბობს. სასამართლო-სამედიცინო დასკვნით არ დასტურდება, რომ დაზიანებები ქ. მ–ს მიაყენა ი. ს–მ. დაცვის მხარის მტკიცებით, ექპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ქ. მ–ის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დროს დაცემითა და თვითდაზიანებით არის გამოწვეული. გარდა ამისა, დაცვის მხარის პოზიციით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება იმის დასადასტურებლად, რომ ქ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაამტკიცებდა ი. ს–სის მიერ დანაშაულის ჩადენას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

4.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. ადვოკატმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არსებობს ი. ს–სის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.

4.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

4.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

4.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმცირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას მხედველობაში იღებს ცალკეული საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

4.6. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ს–სემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ქ. მ–ს 2020 წლის 10 იანვრის ღამის საათებში, თ–ში, ......ის ქ.N..-ში მდებარე ბინა N..-ში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ითრია თმით, დააგდო იატაკზე და ხელი მოუჭირა ყელში, რა დროსაც ქ. მ–სემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქმეზე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს: 112-ში დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმს და აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, მოწმეების: ბ. გ–ს, ე. დ–ს, ლ. რ–ს, ნ. მ–ს გამოკითხვის ოქმებს, 2020 წლის 10 იანვრის დათვალიერების ოქმს, 2020 წლის 10 იანვრის N........ შემაკავებელ ორდერსა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 10 იანვრის N........ დასკვნას. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დგინდება ი. ს–სის მიერ ქ. მ–სის მიმართ ძალადობის ჩადენა, დაზარალებულის მიერ 112-ისათვის შეტყობინება განპირობებულია მისი ნასვამობით, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ადასტურებს, რომ მას პრეტენზია არ გააჩნია ი. ს–სის მიმართ, დაზარალებულის სხეულზე ექსპერტიზის შედეგად აღმოჩენილი დაზიანებები კი ხანდაზმულია და მიღებულია დაზარალებულის ნასვამობის გამო დაცემის შედეგად.

4.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სრულყოფილად და ობიექტურად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ თანმიმდევრულად და გარკვევით უპასუხა დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ ვარაუდებს მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასებისას განაჩენში გადმოცემულ დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ: განსახილველ საქმეში ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაძლია წარდგენილი ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებებისა და დანაშაულის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ელემენტის მტკიცების ტვირთი. ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების შესრულება მოითხოვს გამოძიების ორგანოს მხრიდან უტყუარი და რელევანტური სამხილების მოპოვებასა და სასამართლოში ისეთი ერთი პირდაპირი მტკიცებულების წარდგენას მაინც, რაც არსებითად არ იქნება დამოკიდებული დაზარალებულის ჩვენებაზე. განსახილველ საქმეში იკვეთება, რომ მიუხედავად დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, საქმეში მოიპოვება მისი ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ფაქტებისა და გარემოებების დასადგენად საინტერესო და მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ერთობლიობა. ამასთან, უსაფუძვლოა დაცვის მხარის შეფასება, თითქოს დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ადასტურებს ძალადობის მანამდე გაცხადებული ფაქტის არარსებობასა და მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზიის არქონას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას შესაძლოა, სასამართლოსათვის უცნობი სხვადასხვა მოტივი განაპრობებდეს, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ გამოდგება არც ბრალდების მტკიცებისა და არც უარყოფისათვის რელევანტურ გარემოებად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მიუხედავად დაზარალებულის მიერ ახლო ნათესავის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, საქმეზე მოპოვებულმა სხვა უტყუარმა მტკიცებულებებმა გამოავლინოს საკმარისი სიცხადე და დამაჯერებლობა ბრალდებაში აღწერილი ფაქტების დასადგენად.

4.8. სასამართლოს არაერთხელ შეუფასებია დაზარალებულის ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მსუსხავი ეფექტი მასზე არსებითად დამოკიდებული სხვა მტკიცებულებათა ბედის მიმართ, თუმცა, მოცემულ საქმეში ურთიერთდაკავშირებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მსჯავრდებულის უდანაშაულობის გონივრული ეჭვის გამოსარიცხად, კერძოდ: განსახილველ შემთხვევაში, მართალია, 112-ის შესაბამის სამსახურს თავად დაზარალებულმა შეატყობინა ძალადობის ფაქტის შესახებ, ხოლო თვითონ ჩვენება არ მისცა სასამართლოს, მაგრამ სხვა მტკიცებულებებით სასამართლომ შეძლო დაედგინა 112-ში მიწოდებული შეტყობინების შინაარსის სისწორე და დამაჯერებელობა. აღსანიშნავია, რომ 112-ის შეტყობინება, ცალკე აღებული, შეიცავს საკმარის ინფორმაციას ძალადობის ისეთი დეტალების შესახებ, როგორიცაა: ძალადობის დრო (2020 წლის 10 იანვარი, 05:13 სთ), მოძალადის ვინაობა (ი. ს–სე), ძალადობის ფორმა (ფიზიკური) და მსხვერპლის მდგომარეობა (წამოსულია სახლიდან). N........ შემაკავებელი ორდერითა და ოქმით ირკვევა, რომ 2020 წლის 10 იანვარს მსხვერპლს - ქ. მ–სეს თავის არეში, ფეხთან და სახეზე აღენიშნება სილურჯე. მსხვერპლის განმარტებით კი: ი. ს–სემ დაარტყა სახის არეში, მოქაჩა თმით და ორივე ხელი წაუჭირა ყელში. შემაკავებელი ორდერისა და ორდერზე თანდართული ოქმის სისწორე ხელმოწერით დადასტურებული აქვს დაზარალებულ ქ. მ–სეს. ამდენად, დანაშაულის შესახებ შეტყობინება და შემაკავებელ ოქმში აღწერილი დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები ურთიერთშესაბამისია და შეიცავს საკმარის დეტალებს, რათა 2020 წლის 10 იანვარს ქ. მ–სის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტობრივი გარემოებები დადგინდეს. საგულისხმოა, რომ საგამოძიებო ორგანომ დაათვალიერა 112-ის შესაბამისი აუდიოჩანაწერი, რაც, მიუხედავად დაზარალებულის ჩვენების არარსებობისა, ეჭვს არ ჰბადებს 112-ში შესული შეტყობინების შინაარსის ავთენტურობის შესახებ. შეტყობინებაში აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის რეალობასთან შესაბამისობაზე მეტყველებს პოლიციის მუშაკთა გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ცნობები შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაზარალებულის ფსიქოემოციური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. სასამართლოს არ გააჩნია გონივრული საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს უდავოდ ცნობილი პოლიციის მუშაკების გამოკითხვის ოქმების სარწმუნოობა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, ისინი შესაძლებელია, განხილულ იქნენ ბრალდებისათვის რელევანტური ფაქტების „ცხელ კვალზე“ შემსწრე ნეიტრალურ მოწმეებად. საგულისხმოა მოწმე ე. დ-ას გამოკითხვის ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ დაზარალებულმა მოწმეს ფაქტიდან მალევე, 2020 წლის 10 იანვარს, დაახლოებით დილის 07:00 საათზე, დაურეკა და აცნობა, რომ მეუღლის მიერ ცემის გამო პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. ე. დ-ა ადასტურებს, რომ მივიდა პოლიციის განყოფილებაში და ნახა, რომ დაზარალებულს მართლაც ჰქონდა თვალის მიდამოში სიწითლე, ხოლო მარცხენა ხელის იდაყვზე - ნაკაწრები. სსიპ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი ლ. რ–ი გამოკითხვის ოქმში ასევე ადასტურებს, რომ 2020 წლის 10 იანვარს, 07:39 საათზე, ადგილზე დახვდა ქ. მ–სე, რომელიც იყო აღგზნებული და შფოთავდა, მასთან გასაუბრებით კი გაირკვა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ. რ-ი ადასტურებს, რომ ქ. მ–სეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: ზედაპირული ექსკორიაციები, ორივე თვალბუდის მიდამოში და მარცხენა ხელის იდაყვის არეში, რის გამოც გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მოწმე ნ. მ–ს განმარტებით, 2020 წლის 10 იანვარს, დილის 06:00 საათზე, დაურეკა შვილმა ქ. მ–სემ და ტირილით უთხრა, რომ ი. ს–სე ხელებით სწვდა ყელში, ძირს დააგდო და ახრჩობდა. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას დაზარალებულის ნასვამობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, დადასტურებულ ფაქტად მიღების შემთხვევაშიც კი, გავლენას ვერ მოახდენს დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე და მითუფრო, ვერ გამორიცხავს უშუალოდ განსახილველ დანაშაულში მსხვერპლად ყოფნას. ამასთან, გადამწყვეტია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, დაზარალებულის ჩვენების არარსებობისა და მისი პოზიციის მიუხედავად, ერთობლივად, აშკარად და ცალსახად ადასტურებენ დანაშაულის შემადგენლობას.

4.9. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამოუკიდებლად გამოყოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 10 იანვრის №........... დასკვნით დადგენილი, დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები, კერძოდ: ქ. მ–სეს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ერთი ნასკდომის, ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წყვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დანარჩენი დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით. დაზიანებები, ცალ-ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებები მომწვანო-მოყვითალო ფერის კიდეებზე კონტურებწაშლილი სისხლნაჟღენთების სახით დაახლოებით 5-9 დღისაა, ხოლო დანარჩენი დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ გადმოცემულ შემთხვევის თარიღს. ამდენად, ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილ დაზიანებათა მორფოლოგია და ხანდაზმულობა შეესაბამება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ფიზიკური ძალადობის შესახებ. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მოცემულ შეფასებას, რომ თითქოს, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებები ხანდაზმულია, მხოლოდ ფრაგმენტულ მსჯელობას წარმოადგენს და არ შეესაბამება მტკიცებულებაში გადმოცემულ სრულ ინფორმაციას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ექსპერტიზის დასკვნა სასამართლომ მიიჩნია ერთ-ერთ (თუმცა არა ერთადერთ) სარწმუნო და დამაჯერებელობის მაღალი ხარისხის მქონე მტკიცებულებად განსახილველი დანაშაულის სავალდებული ნიშნის - ტანჯვის ან ფიზიკური ტკივილის დასადგენად. ამასთან, საკასაციო სასამართლოს ადრეც აღუნიშნავს, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, როგორც ქმედების თანამდევი, კანონზომიერი შედეგი, უნდა დადგინდეს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ძალადობის ფორმა და ინტენსივობა, მსხვერპლის ასაკი, მოძალადესა და მსხვერპლს შორის ურთიერთდამოკიდებულება, მსხვერპლის აღქმა და განცდების დონე ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის შედეგების მიმართ. განსახილველ საქმეში დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები - დაზარალებულის მდგომარეობა პოლიციის მუშაკების ადგილზე მისვლისას, ხილული დაზიანებების მორფოლოგია და უშუალოდ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოებები, ერთობლივად აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, ყოველგვარი გონივრული ეჭვის გარეშე დაასკვნას, რომ მსგავს ვითარებასა და მდგომარეობაში მყოფმა მსხვერპლმა უსათუოდ განიცადა გამოყენებული ძალადობის შედეგად მიყენებული ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა, შეფასებულია ადვოკატის მიერ მითითებული თითოეული მტკიცებულების ბუნება, მათში ასახული ინფორმაციის წონა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

4.11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ს–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ლ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე