გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-271-956-03 19 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სესხი და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 15 მარტს ზ. ხ-მა მ. კ-ისა და ლ. უ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა მ. კ-ისათვის 5600 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება და ქ. თბილისი, ... მდებარე იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია შემდეგი საფუძვლით:
2000წ. 20 ოქტომბერს მ. კ-ეს 3 თვის ვადით ასესხა 5600 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით ლ. უ-ის მინდობილობის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის 14988 ლარად ღირებული ბინა.
მიუხედავად იმისა, რომ სამთვიანი ვადა გავიდა, მოპასუხემ ვალი არ დაუბრუნა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მ. კ-ემ განმარტა, რომ მართალია, სესხის ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერაა, მაგრამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გაკეთებულია შეცდომით. ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხა მას არ მიუღია.
დ. უ-ემ განმარტა, რომ სესხისა და იპოთეკით ბინის დატვირთვის შესახებ მინდობილობა მას არავისთვის მიუცია და არც რაიმე თანხა მიუღია საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების შესაბამისად.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოპასუხე ზ. კ-ეს იპოთეკით დატვირთული, ლ. უ-ის კუთვნილი ბინის რეალიზაციის გზით დაეკისრა 5600 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.
რაიონულმა სასამართლომ ლ. უ-ის მინდობილობის საფუძველზე საქმეში არსებული იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილად მიიჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. უ-ის სააპელაციო საჩივარი ამ უკანასკნელისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა ლ. უ-ის საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. უ-ემ ვერ დაამტკიცა, რომ 2002წ. 16 დეკემბერს სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი იყო ავადმყოფობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. უ-ე, მისი განმარტებით, ავად გახდა 2002წ. 15 დეკემბერს. საქმის განხილვა კი დანიშნული იყო 2002წ. 16 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად, მას ავადმყოფობის შესახებ წინასწარ უნდა შეეტყობინებინა სასამართლოსათვის. რაც შეეხება მის წარმომადგენელს, ვერც მან წარმოადგინა რაიმე დროკუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი 2002წ. 16 დეკემბერს 11 საათზე დაკავებული იყო სხვა პროცესზე.
2003წ. 26 ივნისს ლ. უ-ის წარმომადგენელმა დ. შ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული 2003წ. 16 მაისის განჩინების, 2002წ. 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
2002წ. 16 დეკემბერს მოპასუხე გახდა ავად. იგი 11 საათსა და 10 წუთზე იმყოფებოდა პოლიკლინიკაში, სადაც დაუსვეს დიაგნოზი კვებითი ინტოქსიკაცია. სასამართლომ აღნიშნული ცნობა არ მიიჩნია დოკუმენტად იმ მოტივით, რომ მას დასმული არ ჰქონდა შტამპი და არ იყო რეგისტრირებული ჟურნალში, მაშინ, როცა ცნობას დასმული აქვს შტამპი, პოლიკლინიკის ბეჭედი და გახსნილია დროებით სამედიცინო ბარათი.
რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობას, საპატიოა, ვინაიდან იგი გაფრთხილებული არ ყოფილა სხდომის შესახებ სსკ-ს 70-78-ე მუხლების დაცვით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო პროცესი დანიშნული იყო 2002წ. 16 დეკემბერს, 11 საათზე. სხდომა დაიწყო 11 საათსა და 40 წუთზე და დამთავრდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით 12 საათზე.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივართან ერთად ლ. უ-ემ წარადგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი 2002წ. 16 დეკემბერს იმყოფებოდა ავად (დიაგნოზი – კვებითი ინტოქსიკაცია). ამ ცნობის მიხედვით, ლ. უ-ე პოლიკლინიკაში გამოცხადდა 11 საათსა და 10 წუთზე. ცნობა დამოწმებულია მკურნალი ექიმის ხელმოწერით, პოლიკლინიკის ბეჭდით. ცნობას დასმული აქვს შტამპი.
2002წ. 16 დეკემბერს, 11 საათსა და 10 წუთზე ლ. უ-ის პოლიკლინიკაში ყოფნის და ავადმყოფობის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული 2003წ. 28 მარტს გაცემული ¹11/114 ცნობითაც.
მართალია, ლ. უ-ეს ავადმყოფობის შესახებ სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო 2002წ. 16 დეკემბერს, ამიტომ სასამართლო უფლებამოსილი იყო, მის წინააღმდეგ გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ სასამართლო ვალდებული იყო, გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განეხილა არსებითად, ვინაიდან სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. უღრელიძის ავადმყოფობა სწორედ ისეთ გარემოებას წარმოადგენს, რომელიც იძლევა მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. მის მიერ ავადმყოფობის თაობაზე წარმოდგენილი ცნობის სათანადო წესით რეგისტრაციაში გაუტარებლობამ არ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ავადმყოფობის ფაქტის არსებობაზე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2002წ. 16 დეკემბრისათვის სასამართლო პროცესზე მოწვევის შესახებ უწყება გაეგზავნა ლ. უღრელიძის წარმომადგენელსაც, მაგრამ მას უწყება ვერ ჩაბარდა.
მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო სასამართლომ მოპასუხის შესაგებელსა და სარჩელში
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად. გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია, რაც ამ გადაწყვეტილების აუცილებელ გაუქმებას იწვევს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძფვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. უ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2003წ. 16 მაისის განჩინება და საქმე არსებითად განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.