საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.01.2023
საქმის ნომერი
2კ-1023აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100120004232584

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№1023აპ-22 25 იანვარი, 2023 წელი

დ–ე მ.,№1023აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ კონსტანტინე არნანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. დ–სეს (პირადი ნომერი .............) წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის მარტიდან თ. რ–სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მ. დ–მ, რომელიც 2020 წლის მაისიდან სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, 2020 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ.ფ–ში, ........ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სიმთვრალეში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახის მარცხენა არეში გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა თ. რ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით მ. დ–სე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა პროკურორმა კონსტანტინე არნანიამ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განაჩენით პროკურორ კონსტანტინე არნანიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 28 ივნისს გაასაჩივრა პროკურორმა კონსტანტინე არნანიამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, მ. დ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. პროკურორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით, რასაც შეეძლო, მნიშვნელოვნად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ მარტივად გადაწყვიტა საკითხი და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. პალატის ასეთი მსჯელობა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. თუკი პალატის ზემოაღნიშნულ ლოგიკას გავყვებით, ცალსახად ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „... სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საზოგადოების და დაზარალებულის ინტერესებს, რომ დანაშაული სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება). ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ: შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - ლ. ჭ–სა და რ. გ–ს ჩვენებები იმის თაობაზე, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ თ. რ–სის განმარტებით, მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ, მ. დ–მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იყო მთვრალი. მ. დ–ს გარეგნულად სხეულზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, რაც მოგვიანებით დადასტურდა მ. დ–სის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. ბრალდების მხარის პოზიციით, აღნიშული დაზიანება აშკარად მიუთითებს მეუღლეებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, მაგრამ აღნიშნულ გარემოებაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს რატომღაც არ უმსჯელია. სასამართლომ ირიბად მოითხოვა პირდაპირი მტკიცებულებების წარდგენა, სადაც ასახული იქნებოდა, თუ როგორ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მ. დ–სემ თავის მეუღლეს, მაშინ, როცა აღნიშნულ კონფლიქტს სხვა არავინ შესწრებია. ბრალდების მხარისათვის ასეთი ირიბი მითითების მიცემა აბსტრაქტულია, ვინაიდან ამ კატეგორიის მტკიცებულებების მოპოვება კონკრეტულ საქმეზე გონივრულ ზღვარს შორდება. სააპელაციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი მითითება, პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვის თაობაზე, ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს, რადგან ასეთი ჩანაწერი თავშივე სპობს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სამართლიანი სასამართლოს სულისკვეთება უნდა გამოიხატებოდეს არა იმის ძიებაში, თუ რამდენია პირდაპირი და რამდენი ირიბი მტკიცებულება, არამედ იმაში, თუ როგორია მტკიცებულებების ხარისხი, მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებები არ უნდა ფასდებოდეს სიმრავლით, ისინი უნდა ფასდებოდეს სამართლებრივი წონით. არც პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მ. დ–სის, როგორც მოძალადის პიროვნება, რაზეც მეტყველებს წარსულში მისი ნასამართლობა ძალადობრივი დანაშაულისათვის, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე იგი ისევ იმყოფებოდა პატიმრობაში კვლავ მეუღლის - თ. რ–სის მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის. აქვე, ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა, ხოლო მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა კი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ასევე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. დ–სის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმცირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას მხედველობაში იღებს ცალკეული საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.6. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი ბრალდების ფორმულირების თანახმად, მთვრალმა მ. დ–სემ 2020 წლის 6 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკების შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახის მარცხენა არეში გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა თ. რ–ს, თუმცა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება ბრალდებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. შემთხვევის ადგილას გამოცხადებული პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები ირიბია, რომელთა შინაარსიც თავად ინფორმაციის მიმწოდებელმა წყარომ - დაზარალებულმა თ. რ–მ სასამართლოში დაკითხვისას უარყო. ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არათუ არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა მ. დ–სის დამნაშავედ ცნობისათვის. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა დაზარალებულ თ. რ–სის ჩვენება, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა მეუღლის - მ. დ–ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ხოლო საქმეზე დაკითხული არცერთი სხვა მოწმე არ არის ძალადობის ფაქტის თვითმხილველი. ამდენად, ძალადობის გარემოებების შესახებ თავად ბრალდების მხარის მოწმეთა განმარტებებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობების გათვალისწინებით, სასამართლოსათვის ვერცერთი ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენება ვერ გახდება იმდენად სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ რომელიმე მათგანს ფაქტების დასადგენად უტყუარი მტკიცებულებითი წონა მიანიჭოს. ზემოაღნიშნულ ჩვენებასა და გამოკითხვის ოქმებში არსებული ფაქტობრივი წინააღმდეგობები კი არ არის დაძლეული სხვა, ნეიტრალური, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით. აღსანიშნავია, რომ კასატორმა მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, სადაც საკასაციო სასამართლომ, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მოწმე - პოლიციის თანამშრომლის ჩვენება გაიზიარა, როგორც პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების მნიშვნელობისა და ხასიათის შეფასებისას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენებაში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მოწმემ უშუალოდ იხილა და გაიგონა ან/და რაც მხოლოდ გადმოცემით შეუძლია დაადასტუროს. მოწმის ჩვენებაში შესაძლოა, კომბინირებულად გვხვდებოდეს როგორც ფაქტების პირდაპირი, ისე ირიბი გადმოცემა. როდესაც მოწმის ჩვენება დანაშაულის კვალიფიკაციისათვის საინტერესო და არსებით გარემოებებზე სრულად ეფუძნება სხვა პირთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლებიც სასამართლოში დადგენილი წესით არ ადასტურებენ იმავე ფაქტებს, ირიბი ხასიათის მტკიცებულების გამოყენების კონსტიტუციური სტანდარტის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ კონსტანტინე არნანიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე