საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100121005306744
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1229აპ-22 23 თებერვალი, 2023 წელი
ი–ი რ., №1229აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ი–ი (პირადი ნომერი ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ. ბ–ა მართავდა კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ........, მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა რ. ი–ი. ა–ს რაიონის სოფელ კ–ს ტერიტორიაზე გადაადგილებისას რ. ი–ი გ. ბ–ას ყაჩაღურად დაესხა თავს მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ......, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. კერძოდ, რ. ი–ი გ. ბ–ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი ავტომანქანას სამართავად არ გადასცემდა. ამასთან, რ. ი–იმა საჭეს ჩასჭიდა ხელი და გ. ბ–ს არ აძლევდა ავტომობილის მართვის საშუალებას, რითაც იგი აიძულა გაეჩერებინა ავტომანქანა. ამის შემდეგ რ. ი–მა ფიზიკური ძალის გამოყენებით, და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სცადა გ. ბ–სთვის ავტომობილის გასაღების წართმევა, თუმცა გ. ბ–მ შეძლო მისგან თავის დაღწევა და თან წაიღო ავტომანქანის გასაღები, რის გამოც რ. ი–მა ვეღარ შეძლო ავტომობილის გატაცება. აღნიშნული ქმედებით გ. ბ–ს შესაძლოა, მიეღო 3500 ლარის ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ი–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ. ი–ი დაზარალებულ გ. ბ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც გ. ბ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით რ. ი–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, რ. ი–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2022 წლის 22 ივნისის ჩათვლით (პატიმრობის ერთი დღის, რომელიც უდრის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთ საათს, გაანგარიშებით) და საბოლოოდ რ. ი–ის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
2.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, რ. ი–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 9 ნოემბერს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, რ. ი–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი რ. ი–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს რ. ი–ის მიერ ყაჩაღობის ჩადენას, კერძოდ: 2021 წლის 8 ნოემბერს გ. ბ–ამ ა–დან პ–ში წაიყვანა ნასვამი რ. ი–ი, რომელმაც ჩაუსხა საწვავი და აძლევდა მგზავრობის საფასურსაც. ა–ს რაიონის სოფელ კ–სთან რ. ი–იმა გამოთქვა ავტომანქანის ტარების სურვილი. უარის მიღების შემდეგ კი გ. ბ–აას ხელი უკრა საჭეზე, შემდეგ ხელი ჩაავლო საჭეს და არ აძლევდა მისი უსაფრთხო მართვის საშუალებას. გ. ბ–ა იძულებული გახდა გაეჩერებინა ავტომანქანა. გარდა ამისა, თუ ავტომანქანას სამართავად არ გადასცემდა, რ. ი–ი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად. მან დააპირა ავტომანქანიდან გადასვლა და ჩამკეტიდან გასაღები გამოაძრო. ამ დროს მას ჩაეჭიდა რ. ი–ი, რომელმაც უთხრა, არ გადასულიყო მანქანიდან და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა გასაღების გადაცემა, თუმცა გ. ბ–ა დაუსხლტა მას და დაიმალა ბუჩქებში, საიდანაც გამოიძახა პოლიცია. მოცემულ შემთხვევაში რ. ი–მა გ. ბ–ას სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა გასაღების და ავტომანქანის სარგებლობაში გადაცემა. შესაბამისად, რ. ი–ის ქმედება მიმართული იყო სხვისი ნივთის დაუფლებისკენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის განხორციელების ხერხს. ის, რომ რ. ი–იმა გ. ბ–აას ჩაუსხა საწვავი და სურვილი გამოთქვა წინასწარ გადაეხადა მგზავრობის ღირებულება, ამასთან, რომ მას გ. ბ–სთვის არ წაურთმევია რაიმე ნივთი, მობილური ტელეფონი ან ფულადი თანხა და დაზარალებულის მანქანიდან გადასვლის შემდეგ არ უცდია სადენების გადაერთების გზით ავტომანქანის დაქოქვა, არ გამორიცხავს მისაკუთრების მიზანს. აუცილებელი არ არის რ. ი–ის წინასწარ ჰქონოდა ავტომანქანის დაუფლების სურვილი, აღნიშნული შეიძლება მგზავრობის მომენტშიც წარმოშობოდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რ. ი–ის ამოძრავებდა ავტომანქანის დაუფლების სურვილი და არა - გ. ბ–ს კუთვნილი სხვა ნივთების მისაკუთრების მიზანი. რ. ი–ი მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულებდა დაზარალებულს, გაეჩერებინა ავტომანქანა და გადაეცა მისთვის. ამასთან, ემუქრებოდა და აიძულებდა, გადაეცა ავტომანქანის გასაღები, რასაც დაზარალებული არ ემორჩილებოდა. რ. ი–იის მუქარა არ იყო წყენით ან სხვა პირადი მოტივით გამოწვეული, პირიქით, დაზარალებულის ქონების დაუფლებისკენ იყო მიმართული. შესაბამისად, რ. ი–ის მხოლოდ მუქარაში დამნაშავედ ცნობა არის არასწორი. რ. ი–ის რომ მისაკუთრების მიზანი ამოძრავებდა, ასევე დასტურდება იმით, რომ მას შემდეგ, რაც გ. ბ–ა გაიქცა, რ. ი–ი გადაჯდა ავტომანქანის მძღოლის სავარძელზე და ავტომანქანის საჭის მექანიზმთან ეძებდა რაღაცას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ რ. ი–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებისა და მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს რ. ი–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად თავდასხმაში, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა, ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. მოცემულ შეთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ რ. ი–ის ამოძრავებდა ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი დასტურდება იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა უკანონოდ მოისურვა სხვისი მატერიალური სიკეთის საკუთარი მიზნებისა და შეხედულებისამებრ გამოყენება და განკარგვა. გარდა ამისა, დანაშაულის სუბიექტური მხარის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია პირის ანგარებითი მოტივი, რაშიც იგულისხმება ქმედების ჩადენა იმ მიზნითა და მოტივით, როდესაც პირს სურს მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური გამორჩენა, ფული, ქონება, ქონებაზე უფლება ან/და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სხვისი საკუთრება. მოცემულ შემთხვევაში რ. ი–მა განმარტა, რომ მისი სურვილი იყო მხოლოდ საჭესთან დაჯდომა და დაზარალებულ გ. ბ–ას ავტომანქანის მართვა. მისი ჩვენება თანხვდენილია დაზარალებულ გ. ბ–ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ როდესაც გასცდნენ სოფელ მატანს, მას რ. ი–მა სთხოვა დაესვა ავტომანქანის საჭესთან, რაზეც უთხრა უარი, რადგან რ–ი იყო ნასვამი. მოგვიანებით სოფელ კ–სთან მას რ. ი–მა კვლავ სთხოვა დაესვა საჭესთან, რის შემდეგაც საჭეზე აუკრა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში და დააპირა მანქანიდან გადასვლა. მას ჩაეჭიდა რ. ი–ი და უთხრა, არ გადასულიყო ავტომანქანიდან და მოსთხოვა გადაეცა გასაღები. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ რ. ი–ი დაზარალებულისგან არ ითხოვდა ავტომანქანის დატოვებას, რაც მას ყაჩაღობის ჩადენას გაუადვილებდა ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მას შემდეგ, რაც გ. ბ–ა გადავიდა ავტომანქანიდან მას რ. ი–ი გასაღების წასართმევად არ დადევნებია. შესაბამისად, მის ქმედებაში ავტომანქანის მართვის სურვილის გარდა, სხვა განზრახვა არ იკვეთება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ი–ის მიერ ჩადენილი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენების ანალიზი ცხადყოფს, რომ რ. ი–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება შემოიფარგლა მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის მუქარით და არ იყო მიმართული ზემოქმედება მოეხდინა დაზარალებულის თავისუფალ ნებაზე.
5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შეტყობინებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 112-ში დარეკა გ. ბ–მ და განაცხადა, რომ მას დაემუქრა რ. ი–ი და ითხოვა დახმარება. მას არ განუცხადებია, რომ ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა რ. ი–ი.
5.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. ი–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მისი ქმედება სწორადაა დააკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე