საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.03.2023
საქმის ნომერი
2კ-1309აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100121004547241

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1309აპ-22 27 მარტი, 2023 წელი

ს-ი ი., №1309აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის, ასევე - მსჯავრდებულ ი. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ს–სი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 4 აგვისტოს, თ–ში, თ–ს გზატკეცილ №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. ს–სმა მეუღლეს - შ. ჯ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ურტყამდა ხელებს სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე, თავი დაარტყმევინა იატაკზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2020 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ–ში, ..........ის ხეივანის მე-.. კილომეტრზე მდებარე „რ–ს“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილებისას ი. ს–მა მეუღლეს - შ. ჯ–სს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. ს–ს მირ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენით ი. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ი. ს–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ი. ს–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 7 მარტის ეპიზოდი).

ი. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით.

3.2. 2022 წლის 22 ნოემბერს მსჯავრდებულ ი. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ბ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდეებულის მიმართ ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.3. 2022 წლის 25 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ი. ს–სის წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.4. 2022 წლის 19 დეკემბერს მსჯავრდებულ ი. ს–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ბ–მა წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ი. ს–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ–ს პოზიციით, წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებენ ი. ს–ს ბრალეულობას. დაზარალებულ შ. ჯ–სის განმარტება, რომ ი. ს–ი მას აყენებდა მორალურ და სულიერ ტანჯვას არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, ვინაიდან 2020 წლის 27 ოქტომბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........... დასკვნითა და ექსპერტ მ. მ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ შ. ჯ–ს ი. ს–სის ქმედებებით არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯავა. კასატორი ასევე უთითებს, რომ შ. ჯ–ი მოტივირებულია დასაჯოს ი. ს–სი, რომელიც ამ ქმედებებით ნადგურდება ფსიქოლოგიურად, რასაც ადასტურებს მის მიმართ გაცემული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნა. ი. ს–ს თავად შეეძლო შ. ჯ–სის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიემართა სამართლადამცავი ორგანოებისთვის, თუმცა ეს არ გააკეთა, რაც ადასტურებს, რომ იგი არის მშვიდი, გაწონასწორებული და არაკონფლიქტური პიროვნება. დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის 4 აგვისტოს მასზე ფიზიკურად იძალადა ი. ს–მა, რა დროსაც მიიღო დაზიანებები, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება შ. ჯ–ს სამედიცინო დოკუმენტაციას, სადაც მითითებულია, რომ იგი თვითდინებით შევიდა კლინიკაში და განაცხადა, რომ წინა დღეს იატაკზე გაუსრიალდა ფეხი, დაეცა, დაარტყა თავი და დაკარგა გონება. ექსპერტმა ე. ჩ–მა კი განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას დაეყრდნო შ. ჯ–სის სამედიცინო დოკუმენტაციას და რომ იგი დაზიანების მექანიზმს ვერ განსაზღვრავს. მოწმე ა. ს–მა განმარტა, რომ მან დედას დაზიანებების მიყენების დღესვე გადაუღო ფოტოები. დაზარალებულის განმარტებით, იგი დაზიანებების მიყენებიდან მეორე დღეს იმყოფებოდა კლინიკაში. თუმცა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ შ. ჯ–ის სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებულს არცერთ ეპიზოდთან დაკავშირებით არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მან მოგვიანებით, უწყინარ სიტუაციაში გამოიძახა პოლიცია და ძალადობაში დაადანაშაულა ი. ს–ი, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს იყო მათ შორის არსებული ხანგრძლივი ქონებრივი დავისა და უთანხმოების გამო ი. ს–სის მიმართ ანგარიშსწორება. შ. ჯ–ის ჩვენება არის არასარწმუნო და არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. ხოლო მოწმეები - ა. ს–ი, ნ. ქ–ე და ნანა ლიპარტიანი უშუალოდ არ შესწრებიან მომხდარს და ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. შ. ჯ–ი რომ ფსიქოლოგიურად ძალადობდა ი. ს–ე დასტურდება 2020 წლის 15 აგვისტოს შემაკავებელი ორდერით. ამასთან, დაზარალებულის განმარტება, რომ ი. ს–სთან კონფლიქტი არ იყო გამოწვეული ქონებრივი დავით მოკლებულია დამაჯერებლობას და ეწინააღმდეგება მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და მოწმე ა. ს–ის გამოკითხვის ოქმს. შ. ჯ–სს სურდა უძრავი ქონების გაყიდვა, რასაც არ თანხმდებოდა ი. ს–ი, რის გამოც მას ცრუდ დასდო ბრალი დანაშაულის ჩადენაში.

4.2. კასატორის, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ი. ს–ის გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ მის ბრალეულობას. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა დაადასტურა ი. ს–ის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტები. ამასთან, ამ კატეგორიის საქმეები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს და წაახალისა მსჯავრდებული. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ი. ს–ი დაზარალებულის მიმართ წლების განმავლობაში ავლენს აგრესიას და მისთვის დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ ი. ს–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 7 მარტის ეპიზოდი) გამართლების, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის, მსჯავრდებულ ი. ს–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ–ს პოზიციას ი. ს–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, კერძოდ: დაზარალებულ შ. ჯ–სის ჩვენებით დადგენილია, რომ ი. ს–ი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც ქორწინების მეორე დღიდან აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მათი კონფლიქტის ძირითადი მიზეზი იყო ქონებრივი დავა. 2019 წლის 4 აგვისტოს იგი იმყოფებოდა თ–ი, გ–ი, თ–ს გზატკეცილ №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ქონებრივ საკითხთან დაკავშირებული კონფლიქტისას ი. ს–ა ხელი ძლიერად დაარტყა თვალის არეში. იგი დაეცა მეტლახზე, რის შემდეგაც ი. ს–ა წაქცეულს თავი არტყმევინა მეტლახზე, ხელები ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში და ათრია იატაკზე. აღნიშნულის გამო მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დაკარგა გონება და მიიღო დაზიანებები. მალევე მათთან მივიდა მათი შვილი - ა. ს–ი, რომელმაც ურჩია მიემართა პოლიციისთვის, თუმცა მან შვილების გამო დაინდო ი. ს–ი და პოლიციას არ მიმართა. მიღებული დაზიანებების გამო იგი მთელი ღამე იყო ცუდად, ამიტომ მეორე დღეს მივიდა კლინიკაში, სადაც განაცხადა, რომ „ფეხი გაუსრიალდა და მეტლახზე დაეცა“. დაზარალებულის ჩვენება თანხვედრილია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან და გამყარებულია მოწმე ა. ს–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ 2019 წლის 4 აგვისტოს მას დაურეკა დედამ და უთხრა, რომ ი. ს–სთან ჰქონდა კონფლიქტი. ადგილზე მისულმა ნახა, რომ შ. ჯ–სი იყო ნანერვიულები, სახე ჰქონდა შესიებული, თავზე ჰქონდა ჰემატომა და თვალი ჰქონდა შეშუპებული. შ. ჯ–სი მთელი ღამე იყო ცუდად, რის გამოც მეორე დილით მივიდნენ კლინიკაში, სადაც დაზარალებულს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. დაზარალებულის დაზიანებებთან დაკავშირებით შ. ჯ–სისა და ა. ს–მის ჩვენებები გამყარებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 21 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნით, რომლებითაც დგინდება, რომ შ. ჯ–სს დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ (2019 წლის 4 აგვისტოს) და სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილ მიმართვიანობის თარიღს (2019 წლის 5 აგვისტოს). ამასთან, მართალია სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ავადმყოფის გადმოცემით მას წინა დღეს მეტლახზე გაუსრიალდა ფეხი, დაეცა, დაარტყა თავი და დაკარგა გონება, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა და მოწმემ განმარტეს, რომ შ. ჯ–ი ამით შეეცადა არ გაემჟღავნებინა მომხდარი. ის ფაქტი, რომ შ. ჯ–ს აღენიშნებოდა დალურჯებები და ჰქონდა ტვინის შერყევა ასევე დადასტურდა მოწმე ზ. ს–ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ მის მშობლებს ჰქონდათ ხშირი კონფლიქტი, რა დროსაც მამა უშვერი სიტყვებით ლანძღავდა დედას. მანვე აღნიშნა, რომ შ. ჯ–ს ჰქონდა ტრავმები - ტვინის შერყევა და დალურჯებები, თუმცა დედას მასთან ამაზე არ უსაუბრია და არ იცის საიდან და რა ვითარებაში მიიღო. ამასთან, მართალია მოწმეები ნ. ხ–ე, ნ. ლ–ნი და ნ. ქ–ე უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, თუმცა მათ დაადასტურეს, რომ შ. ჯ–სს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, მოწმე ნ. ხ–მ განმარტა, რომ 2019 წლის ზაფხულში ა. ს–სგან შეიტყო, რომ შ. ჯ–ს გ–ს სახლის კიბეებზე დაგორების გამო ჰქონდა ტვინის შერყევა, მოგვიანებით კი გაიგო, რომ შ–მ ტვინის შერყევა მიიღო მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობისას. მოწმე ნ. ქ–მ კი დაადასტურა, რომ 2019 წლის აგვისტოში ნახა შ. ჯ–ი, რომელსაც სახეზე, ყელზე, ხელზე და ფეხებზე აღენიშნებოდა დაზიანებები - დალურჯებები და სისხლჩაქცევები, რაზეც შ–მ უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გარდა ამისა, მოწმე ნ. ლ–მა განმარტა, რომ 2019 წლის ზაფხულში შ. ჯ–სმა უთხრა, რომ ი. ს–სთან ბინასთან დაკავშირებით ჰქონდა კონფლიქტი. ამ დროს შ. ჯ–სს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. მართალია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 27 ოქტომბრის N......... ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ შ. ჯ–სმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა საგულისხმოა, რომ დაზარალებულის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან. ამასთან, ის, რომ მეუღლეებს შორის არის ქონებრივი დავა, არ წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს.

5.4. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ დაზიანების არსებობის შემთხვევაში ექიმ-ნევროლოგის ჩანაწერში მითითებული იქნებოდა თვალზე არსებული დაზიანების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ექიმი-ნევროლოგი არ არის ფიზიკური ტრავმების მიმართულებით სპეციალიზებული პირი და მის მოვალეობაში არ შედის ნევროლოგიური პაციენტის სხეულის დაზიანებების აღწერა. შ. ჯ–სს არ გაუმხელია დაზიანებების ძალადობის შედეგად მიღების შესახებ, შესაბამისად, სამედიცინო დოკუმენტაციაში მიუთითეს მხოლოდ დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა და არ აღუწერიათ დაზიანებები, რაც უპირობოდ არ გამორიცხავს შ. ჯ–სის სხეულზე დაზიანების არსებობას.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის პოზიციას, ი. ს–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 7 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულმა შ. ჯ–სმა განმარტა, რომ 2020 წლის 7 მარტს, საღამოს საათებში, ა–ს ხეივანზე ყოფნისას მას და მის მეუღლეს მოუვიდათ კამათი, რა დროსაც ი. ს–მა იგი უშვერი სიტყვებით გალანძღა. კითხვაზე აგრესიულობა სხვა ქალის არსებობით ხომ არ იყო გამოწვეული ი. ს–სი უფრო გაღიზიანდა და ხელი ისე ძლიერად დაარტყა ცხვირში, რომ სახლამდე სისხლი მოსდიოდა. შემდეგ კი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუხსნა მანქანის კარი და უთხრა, რომ ავტომანქანიდან უნდა გადაეგდო. მან ი. ს–ს უთხრა, რომ პატრულს გამოიძახებდა, რამაც ეს უკანასკნელი შეაჩერა. მოწმე ა. ს–მა კი განმარტა, რომ 2020 წლის 7 მარტს იგი მშობლებმა დატოვეს ვ–ს ბინაში, თვითონ კი წავიდნენ გ-ში მდებარე სახლში. დაახლოებით ნახევარ საათში დაურეკა დედამ და უთხრა, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. მან დედას უთხრა არ გაეთიშა ტელეფონი, მივიდოდა და წამოიყვანდა, რაზეც შ. ჯ–სმა უპასუხა, რომ წამოიყვანდა ზ-ს და მივიდოდა მასთან. ცოტახანში დედა და ძმა - ზ–ა მასთან მიიყვანა ი. ს–სმა, რომელიც იყო გაღიზიანებული და აგრესიული, რაც ავტომანქანის ადგილიდან სწრაფად და ხმაურიანად დაძვრაშიც გამოიხატა. შ. ჯ–მა, რომელსაც ცხვირი ჰქონდა შესიებული უთხრა, რომ ი. ს–მა ხელი გაარტყა ცხვირში. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა 2020 წლის 7 მარტს ი. ს–სის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მხოლოდ დაზარალებულ შ. ჯ–ის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად ვერ დაედება ამ ნაწილში ი. ს–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. მოწმეები - ა. ს–ი და ნ. ქ–ე მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. ამასთან, შ. ჯ–ს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებისთვის ან სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს, სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი რაც დაადასტურებდა 2020 წლის 7 მარტს ი. ს–ს მხრიდან დაზარალებულზე ძალადობასა და ამის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტს წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის პოზიციას ი. ს–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ი. ს–ს განესაზღვრა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ს–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ი. ს–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის, ასევე - მსჯავრდებულ ი. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე