საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.03.2023
საქმის ნომერი
2კ-1110აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100121004480596

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1110აპ-22 ქ. თბილისი

რ. ი. 1110აპ-22 23 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილმა

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი. რ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. რ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 19 თებერვალს, დღის საათებში, ქ.ზ–ში, .......ის ქუჩა №..-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. რ–მ, არასრულწლოვანი შვილების - ა. რ–ს და ა. რ–ს თანდასწრებით, წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ქ. ა–ს, რომელიც იდგა ავტომანქანის უკანა გაღებულ კართან და ემშვიდობებოდა ავტომანქანაში მსხდომ შვილებს, იმ მიზეზით, რომ არ სურდა მას კომუნიკაცია ჰქონოდა შვილებთან, განზრახ კარი დააჯახა მკლავში, რის შედეგად ქ. ა–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით:

3.1. ი. რ–სა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

3.2. გამართლებულ ი. რ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ი. რ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის საქართველოს სსკ-ით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნა.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ი. რ–ას ინიტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ყ–მა, რომელმაც მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ი. რ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნა.

6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ ი. რ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, რომლითაც პროკურორი ითხოვს ი. რ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომლებმაც ი. რ–ს გამართლება განაპირობეს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი ი. რ–სთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების - ი. რ–ს მიერ ქ. ა–სის მიმართ ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია: მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება; არასრულწლოვნებმა - ა. რ–მ და ა. რ–მ (რომელთა თანდასწრებით დანაშაულის ჩადენაზეც მიუთითა დაზარალებულმა) ადვოკატისა და საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობით ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ დედას - ქ. ა–ს მანქანიდან გადასვლისას კარი არ მოხვედრია; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულ ქ. ა–ს დაზიანებები არ აღენიშნებოდა; ბრალდების მხარეს დაზარალებულის ჩვენების გარდა არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულებები.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის შეფასებას მოწმე ტ. ჯ–ს ჩვენებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ ტ. ჯ-მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა ი. რ–ს მიერ კარის განზრახ მირტყმის ფაქტი და მიუთითა, რომ 2021 წლის 19 თებერვალს, სოციალურ სააგენტოში ი. რ–მ მოიყვანა ბავშვები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა შეხვედროდნენ დედას, მაგრამ ბავშვებმა არ მოისურვეს დედასთან შეხვედრა და ქ. ა–ი მივიდა მათთან და ჩაჯდა ავტომანქანის უკანა სალონში, სადაც ისინი ისხდნენ, როდესაც დედა ბავშვებს ემშვიდობებოდა ავტომანქანის უკანა მარცხენა კარი იყო ღია, ი. რ–მ სწრაფად დახურა კარი და ქ–ს მოხვდა ხელზე. ქ––ი დახრილი იყო, დიდი ალბათობით უნდა დაენახა ი–ს, მაგრამ დანამდვილებით ნახა თუ არა ვერ იტყვის, მანქანის კარი იყო დაბურული. მისი ქმედება განზრახი არ იყო, ი–მ კარი დახურა და ჩაჯდა მანქანაში (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმი 13:04:54 – 13:05:24).

11. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ი. რ–ას დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გულისხმობს პირის განზრახ ქმედებას (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ი. რ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას რომელსაც ემყარებოდა განაჩენი. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, [ევროპული] სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის” (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილმა