დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.03.2023
საქმის ნომერი
2კ-16-I-23
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.03.2023

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802223006945139

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №16I-23 თბილისი

ჯ–ი ი., 16I-23 23 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჯ–ს ადვოკატ გ. შ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ი. ჯ–ს მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში:

· თურქეთის რესპუბლიკის საქარიის რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის 2021 წლის 20 იანვრის საბრალდებო აქტის მიხედვით, ი. ჯ–ს ბრალი დაედო თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

· 2022 წლის 17 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის საქარიის მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა ი. ჯ–ს დაკავების ბრძანება;

· 2022 წლის 14 დეკემბერს გამოცხადდა ი. ჯ–ს ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. საქმის მასალების მიხედვით, ი. ჯ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 2 ივლისს, თ–ს რესპუბლიკის ქ. ს–ში ი. ჯ–სი წარსულში არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით დაუპირისპირდა ე. მ–ს და მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ე. მ–სი გარდაიცვალა, ხოლო ი. ჯ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

3. ი. ჯ–სის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

o 2022 წლის 28 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ი. ჯ–სის ექსტრადიციის თაობაზე მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;

o 2022 წლის 19 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი ი. ჯ–სი;

o ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ი. ჯ–ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო 2022 წლის 19 დეკემბრიდან;

o ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2023 წლის 6 იანვრის განჩინებით ი. ჯ–ს ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით ი. ჯ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 19 მარტიდან 2023 წლის 19 ივნისამდე.

4. 2023 წლის 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი. ჯ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი. ჯ–ს, - დაბადებულის 19.. წლის პირველ იანვარს, - თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჯ–სის ადვოკატმა გ. შ–მ, რომელიც ითხოვს ი. ჯ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: ი. ჯ–სს ე. მ–სი რელიგიური შეხედულების გამო დევნიდა და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. 2020 წლის 2 ივლისს მან კვლავ გააგრძელა მუქარა და შეურაცხყოფა. ამასთან, თავისი ავტომანქანიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ი. ჯ–სის მიმართულებით დაიწყო მისი დემონსტრირება, რა დროსაც ი. ჯ–მა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას, რის გამოც ე. მ–ი გარდაიცვალა. ადვოკატი უთითებს, რომ თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობისაგან განსხვავებით, ი. ჯ–ს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რის გამოც დაუშვებელია მისი ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში.

7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი დემეტრე ჯინჯოლია ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჯ–სის ადვოკატ გ. შ–ს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი ი. ჯ–ს საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. რაც შეეხება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჯ–ს ადვოკატის მოთხოვნას, რომ ი. ჯ–მა მუქარის, შეურაცხყოფისა და ცეცხლსასროლი იარაღის მის მიმართ დემონსტრირების შემდეგ, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულის მიმართულებით და თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობისაგან განსხვავებით, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი ქმედებისათვის მას საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რის გამოც დაუშვებელია მისი ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იხილავს ი. ჯ–სის ბრალეულობას, ვინაიდან, ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას, იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც არსებობს შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი გადაცემის თაობაზე, ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენს განსახილველ საკითხს.

5. ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ჯ–სს მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა; ამასთან, მისთვის წარდგენილი ბრალდება არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჯ–ს ადვოკატ გ. შ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე