საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004844172
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№61აპ-23 ქ. თბილისი
ე–ი უ. ი., 61აპ-23 30 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ უ. ი. ე–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განაჩენით უ. ი. ე–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 3 ივნისიდან. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ უ. ი. ე–ს სასჯელის მოხდა განესაზღვრა .........ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (......) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ უ. ი. ე–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 23:20 საათზე, თ–ში, ...........ის გამზ. №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ს–ს“ კუთვნილი მაღაზიის წინ, უ. ი. ე–მ განზრახ მოკვლის მიზნით დ. ბ–სს გულმკერდის არეში დაარტყა დანა, რის შემდეგაც, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, შეეცადა, კვლავ დაერტყა დანა, რაც ვერ მოახერხა, ვინაიდან ამის საშუალება არ მისცეს დ. ბ–მა და ადგილზე მყოფმა სხვა პირებმა. უ. ი. ე–ს ქმედების შედეგად დ. ბ–სმა გულმკერდის არეში მიიღო სხეულის დაზიანება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატმა პ. ბ–მ მოითხოვა განაჩენის შეცვლა და უ. ი. ე–ს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე იმ მოტივით, რომ მას დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რადგან ერთზე მეტად არ დაურტყამს დანა, ამასთან, დ. ბ–სათვის მიყენებული დაზიანება იყო მსუბუქი ხარისხის.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულ დ. ბ–სისა და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეომასალის დათვალიერების ოქმითა და ვიდეოჩანაწერის გამოკვლევით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 11 აგვისტოს №........, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 14 დეკემბრის №........., ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 10 იანვრის №.......... დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ უ. ი. ე–მ ჩაიდინა დ. ბ–სის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს რა დაცვის მხარის მოთხოვნას უ. ი. ე–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ქვედა, ორივე ინსტანციის სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობის ელემენტების არსებობა (მიყენებული დაზიანების მდებარეობა, ვითარება, რომელშიც ეს დაზიანება იქნა მიყენებული, იარაღის გამოყენება მაშინ, როდესაც კონფლიქტი თითქმის ამოწურული იყო და ა.შ.). სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დაზიანებები დანით დ. ბ–ს სწორედ უ. ი. ე–მ მიაყენა, რასაც დაცვის მხარეც არ უარყოფს. სადავოა მხოლოდ მსჯავრდებულის ქმედებაში განზრახ მკვლელობის განზრახვის არსებობა.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ უ. ი. ე–ს სურდა დ. ბ–ს განზრახ მკვლელობა და ამ მიზნით დაარტყა დანა სიცოცხლისათვის სახიფათო – გულმკერდის არეში. მხოლოდ თავად დაზარალებულისა და ფაქტის შემსწრე მოწმეების აქტიური ქმედებებით გახდა შესაძლებელი მისი გაკავება; სწორედ ამის გამო ვეღარ შეძლო მან დაზიანებების მიყენების გაგრძელება და ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა. სასამართლომ აღნიშნული დაასკვნა დაზარალებულისა და შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ურთიერთშესაბამის ჩვენებებსა და გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით, რომელზეც აშკარად ჩანს, რომ უ. ი. ე–ს მცდელობა, დ. ბ–სათვის დანით კვლავ მიეყენებინა დაზიანებები, აღკვეთეს იქვე მყოფმა პირებმა.
10. ბუნებრივია, უ.ი.ე–ს მიერ გამოყენებული დანით სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას დაზიანების მიყენებით გაიზარდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის რისკი, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ქმედება მიმართული იყო კონკრეტული პირისაკენ. ეს გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ უ. ი. ე–ი აცნობიერებდა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის – დ. ბ–სის სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები, მათ შორის – განზრახვა.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უ. ი. ე–ი არ შეიძლება დაისაჯოს მკვლელობის მცდელობისათვის, რადგან მის ქმედებას შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განზრახ მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, შეფასდეს ქმედების სუბიექტური და ობიექტური ელემენტები, იმის მიუხედავად, მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, შედეგის თვალსაზრისით, რა ხარისხის დაზიანება გამოიწვია (მაგ.: სუსგ №399აპ-14, №392აპ-17). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ უ. ი. ე–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე