გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 15.03.2023
საქმის ნომერი
2კ-794აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.03.2023

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 030100120003573549

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №794აპ-22 ქ. თბილისი

ა. პ. 794აპ-22 15 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ - ფელიქს ჯალაღონიას,გამართლებულ - პ. ა-ს,მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენზე პ. ა–ს მიმართ.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით პ. ა-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით პ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით პ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სხვა უფლებებთან ერთად 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 2020 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 17:05 საათზე, პ. ა. ხ-ს მუნიციპალიტეტის ა-ს ადმინისტრაციულ ერთეულში მართავდა ,,აუდის“ ფირმის (სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომერი H.....) ავტომობილს, რა დროსაც შეაჩერეს შსს ხ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით პ. ა. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ;

3.1. პ. ა–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, რომელმაც მოითხოვა პ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი პ. ა–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, პ. ა–სსაქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

7. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა - ფელიქს ჯალაღონიამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

8. პ. ა-მ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და პ. ა–სსაქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით პ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, ასევე - თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლით. მიუხედავად მითითებული უფლების ჩამორთმევისა, პ. ა. 2020 წლის 2 თებერვალს ხ-ს მუნიციპალიტეტის ა-ს ადმინისტრაციულ ერთეულში მართავდა ავტომობილს.

4. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით და სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა კი ისჯება კანონით.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მიხედვით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს სასჯელის სახეს, რომლის დანიშვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულს ეკრძალება განაჩენში მითითებული ვადით გარკვეული საქმიანობის განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დავის საგანია, ჩაიდინა თუ არა პ. ა-მ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, მაშინ, როცა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სასამართლოს განაჩენით ჩამორთმევის მიუხედავად, მაინც მართა ავტომობილი.

6. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი. ამასთან, დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს, როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით და დამთავრებულად ითვლება, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენით გათვალისწინებული ვალდებულების - სატრანსპორტო საშუალების მართვის აკრძალვის - დარღვევის/შეუსრულებლობის მომენტიდან. ამასთან, პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით. მოცემულ შემთხვევაშიც პ. ა–ს გაცნობიერებული ჰქონდა, თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა (რომ სატრანსპორტო საშუალების მართვით ის არღვევდა 2015 წლის 6 თებერვლის სასამართლოს განაჩენით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პ. ა–სუდანაშაულობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ: განაჩენის აღსრულების ვალდებულება არ ეკისრება რიგით ფიზიკურ პირს; მითითებული დანაშაულის სუბიექტი არ შეიძლება იყოს მსჯავრდებული; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გარანტი არიან მხოლოდ ის სუბიექტები, რომლებსაც ევალებათ სასჯელის აღსრულება.

8. საკასაციო სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტთა წრიდან არ გამოირიცხება ბრალდებული/მსჯავრდებული, განაჩენის აღსრულების ვალდებულება შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ეკისრება მათ შორის - ბრალდებულს/მსჯავრდებულსაც, რომელთან მიმართებითაც გამოტანილია სასამართლოს განაჩენი/განჩინება (იხ. მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის N951აპ-21 განჩინება); ასევე ითვალისწინებს ანალოგიური ხასიათის სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის N478აპ-18 განჩინება).

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის ეფექტურობა, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისათვის, თავად დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე / აღსრულების ეფექტურობაზე გადის; მნიშვნელოვანია სასჯელის რეალურად აღსრულება, რაც მოცემულ შემთხვევაში დამოკიდებულია სწორედ მსჯავრდებულის ქმედებაზე - აკრძალვის პირობებში არ მართოს ავტომობილი.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, როგორც ერთ-ერთი სასჯელის მნიშვნელობას და მიაჩნია, რომ მითითებული სასჯელის არსიდან გამომდინარე მისი (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა) აღსრულება ობიექტურად ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში შსს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების, მოქმედებაზე და მათ მიერ მონაცემთა ბაზაში მართვის უფლების აკრძალვის (ფორმალურად) დაფიქსირებაზე - სასჯელის აღსრულება მოცემულ შემთხვევაში მთლიანად იმ პირზეა დამოკიდებული, ვისაც განაჩენის საფუძველზე განსაზღვრული ვადით აქვს ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნული სასჯელის აღსრულების სხვა ეფექტური მექანიზმის ობიექტურად არარსებობის პირობებში, საქმიანობის უფლების - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების - ჩამორთმევა, გულისხმობს მსჯავრდებულის მხრიდან ავტომობილის მართვისაგან თავის შეკავებას და მის მიერ საწინააღმდეგო მოქმედების განხორციელება ნიშნავს განაჩენის შეუსრულებლობას, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

11. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ultima racio ხასიათს; იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის უფლების (მოცემულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების) ჩამორთმევა აღნიშნული სასჯელის არსიდან გამომდინარე სხვა სახის სასჯელით ჩანაცვლების შემთხვევაში მიზნის მიღწევისათვის არაეფექტური იქნება; ასევე - აღნიშნული სასჯელის სახის გამოყენების წესს ( სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ გამოყენება).

12. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის საფუძველს ქმნის არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, არამედ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ადგენს უფლებების ჩამორთმევის საფუძველსა და წესს, ხოლო მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას.

13. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, არამედ თავად კანონის მიზნებიდან (ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას) გამომდინარე უთითებს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებულ დანაშაულზე. კანონში აღნიშნული მითითება არ გამორიცხავს სხვა დანაშაულისათვის ბრალდებული/მსჯავრდებული პირის მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

14. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ ადგენს, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მიერ შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) იწვევს არა დაკისრებული შეზღუდვის გამკაცრებას, არამედ - საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პ. ა-მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია. ამდენად, დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით პ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 2020 წლის 2 თებერვალს მართავდა ავტომობილს, რა დროსაც შეაჩერეს შსს ხ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

15.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: პ. ა–ს აღიარებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ პ. ა-მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პ. ა-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

17. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას ( ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე), საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებსა და იმ გარემოებას, რომ პ. ა-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას . შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი.

19. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით პ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლით.

19.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს N........ გადაწყვეტილებით მსჯავრდებული პ. ა. 2019 წლის 28 ივნისს გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 2 წლითა და 29 დღით ადრე.

19.2. 2020 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 17:05 საათზე, პ. ა. ხ-ს მუნიციპალიტეტის ა-ს ადმინისტრაციულ ერთეულში მართავდა ,,აუდის“ ფირმის (სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომერი H.......) ავტომობილს, რა დროსაც შეაჩერეს შსს ხ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

19.3. ამდენად, დადგენილია, რომ პ. ა-მ ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მის მიმართ უნდა გაუქმდეს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს N......... გადაწყვეტილებით გამოყენებული პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით.

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მატერიალური სისხლის სამართლის ამ დანაწესს აქვს იმპერატიული ხასიათი, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააუქმებს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და არა პირობითი მსჯავრის გაუქმება – არგაუქმების საკითხს, რომელიც მატერიალური სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №203აპ-15, №733აპ-16, №349აპ-17, №682აპ-17, №727აპ-22 განაჩენები).

20.1. მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ. სასამართლოს ვალდებულება, გააუქმოს პირობითი მსჯავრი .... და იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის არგაუქმებით არსებითად ირღვევა მატერიალური კანონი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №349აპ-17 და 682აპ-17 განაჩენები).

21. ამდენად, პ. ა. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს პ. ა–ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს N.......... გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს, ჯარიმა - 2000 ლარს, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 თვით თავისუფლების აღკვეთა (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №727აპ-22 განაჩენი). საბოლოოდ, პ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი და ასევე - 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენი;

3. პ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი;

3.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს პ. ა–ს მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს N.... გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი;

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს, ჯარიმა - 2000 ლარს, ნაწილობრივ დაემატოს წინა - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ პ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი და ასევე - 1 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. პ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

5. პ. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

6. ნივთმტკიცების სახით არსებული პ. ა–ს ტანსაცმელი და ,,აუდის“ მარკის ავტომობილი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს პ. ა-ს, ხოლო ნერწყვის ნიმუში, ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები და მიკრონაწილაკები განადგურდეს;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე