გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3კ-1353-02 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ ცნობა და მემკვიდრეობიდან წილის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. ა-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მამის დანაშთი ქონების სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და სამკვიდროში წილის განსაზღვრა შემდეგი საფუძვლით: იგი ცხოვრობდა გარდაბნის რაიონის სოფ. ........ მშობლებთან: ნ. გ-თან, ა. ხ-თან და ძმასთან _ ვ. გ-თან ერთად. ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე მისი მშობლები განქორწინდნენ და დედა შვილებთან ერთად საცხოვრებლად დაბრუნდა სოფელ .......-ში. მამამ – ნ. გ-მა რამდენიმე წელიწადში მოიყვანა მეორე ცოლი – ე. ა-ა, მასთან შეეძინა ქალიშვილი, რომელიც 25წ. ასაკში გარდაიცვალა. 1999 წელს გარდაეცვალა მამა ნ. გ-ი, ხოლო 2000 წელს ძმა. ძმის სიკვდილთან დაკავშირებით განიცადა მძიმე სულიერი ტრამვა და მამის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო მემკვიდრეობის მიღება, მოგვიანებით შეიტყო რომ მოპასუხე ე. ა-ამ გადაიფორმა სადავო სახლი და მესამე პირთან _ ნ. შ-თან დადო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
მოპასუხე ე. ა-ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გერები მას არ უვლიდნენ, მატერიალურად გაუჭირდა, რის გამოც იძულებული გახდა, გაეფორმებინა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მას გაუგრძელდა მემკვიდრეობის მიღების ვადა და ცნობილ იქნა მამის, ნ. გ-ის, დანაშთი ქონების, გარდაბნის რაიონის სოფ. ...... მდებარე სახლის, ნახევრის მემკვიდრედ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-ამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებით ე. ა-ას საააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლი მოსარჩელის ბებიის, ე. გ-ის, გარდაცვალების შემდეგ აღირიცხა ე. ა-აზე. 2001წ. 28 თებერვალს ე. ა-ასა და ნ. შ-ს შორის გაფორმდა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება და სახლი საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. შ-ზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ ვითარებაში საქმეში მხარედ ჩაბმული უნდა იქნეს ნ. შ-ი, რადგან დავა მიმდინარეობს მის კუთვნილ სახლზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სარჩელის შეტანის დროს შ-ი არ იყო სახლის მესაკუთრე, პროცესის მიმდინარეობის დროს სახლი გადაფორმდა შ-ის სახელზე. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დაკითხა მოწმეები – მამის ნათესავები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ სადავო სახლი მისი მშობლების ერთად ცხოვრების პერიოდში აშენდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. გ-მა სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2002წ. 17 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის გაფორმებული იყო ა-ასა და შ-ს შორის სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, სადავო სახლი ირიცხებოდა ე. ა-ავს სახელზე.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 2002წ. 20 მარტს. ამ დროისათვისაც ე. ა-ა იყო სახლის მესაკუთრე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ 2002წ. 16 აპრილს, გაიცა საკუთრების მოწმობა, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთი სადავო სახლთან ერთად აღრიცხულია ნ. შ-ის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ნ. შ-ი ჩაბმული უნდა ყოფილიყო საქმეში მოპასუხედ, რადგან 2001წ. თებერვალში სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულება დაიდო ნ. შ-სა და ე. ა-ას შორის და სახლი აღირიცხა საჯარო რეესტრში ნ. შ-ს სახელზე, მაგრამ რაიონულმა სასამართლომ იგი დაკითხა მოწმედ და საქმეში არ ჩააბა მხარედ. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რადგან სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის დროისათვის შეიცვალა სახლის მესაკუთრე და სახლი აღირიცხა ნ. შ-ის სახელზე, უნდა გაუქმებულიყო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეში მოპასუხედ ჩაბმულიყო ნ. შ-ი სსკ-ს 85-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააბრუნა საქმე რაიონულ სასამართლოში განსახილველად. მას თვითონ უნდა მოეხდინა ახალი მოპასუხის ჩართვა ან გამოეტანა გადაწყვეტილება სსკ-ს 85-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით, 394-ე მუხლის “ბ” პუნქტით და 390-ე მუხლით. პალატა თვლის, რომ აღნიშნული მუხლები არასწორად იქნა გამოყენებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტი ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას. 394-ე მუხლის “ბ” პუნქტში გათვალისწინებულია ის შემთხვევა, როცა სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არასწორად დაეყრდნო აღნიშნულ მუხლებს, რადგან რაიონულ სასამართლოში ნ. შ-ი საერთოდ არ ყოფილა ჩაბმული მხარედ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მისთვის არც შეტყობინება გაუგზავნიათ და არც მხარედ ყოფილა მოწვეული. პალატა თვლის, რომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ იყო საპროცესო ვალდებულება ნ. შ-ი მოპასუხედ ყოფილიყო ჩაბმული, რადგან იგი არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში სადავო სახლის მესაკუთრედ. მას შემდეგ, რაც ნ. შ-ი დარეგისტრირდა სადავო სახლის მესაკუთრედ და ეს მოხდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის, აუცილებელი გახდა მისი მხარედ მოწვევა. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ მას საქმე განსახილველად არ უნდა დაებრუნებინა რაიონულ სასამართლოში, რადგან რაიონულ სასამართლოში საქმის უკან დაბრუნება საქმის განსახილველად მკაცრად რეგლამენტირებულია სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ მუხლით გათვალისწინებული არცერთი შემთხვევა მოცემულ დავაში არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.