დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1477-02 13 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ნ. ქ-ე გამოსახლდა ქ.თბილისში, ... ბინიდან და მოიხსნა საბინაო აღრიცხვიდან. ნ. ქ-ის სარჩელი მ. ხ-ის მიმართ ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ ეთქვა უარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ხ-ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, ასევე უარი ეთქვა ნ.ქ-ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 16 იანვრის განჩინებით და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2002წ. 26 ივნისს ნ. ქ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ახლად აღმოჩენილ გარემოებად იგი მიუთითებდა, რომ მისი განცხადების საფუძველზე პროკურატურამ შეამოწმა მის მიერ მიცემულ წერილობით თანხმობაზე ხელმოწერა, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მისი მეუღლის, პ.ყ-ის, ხელმოწერა და საქართველოს შს სამინისტროს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს 2002წ. 7 აპრილის ცნობით დადგინდა, რომ ბინის გასხვისების თანხმობაზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა არ არის შესრულებული მის მიერ და ასევე, სავარაუდოა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ყ-ის მიერ შესრულებული ხელმოწერა არ იყოს შესრულებული თვით ყ-ის მიერ. განმცხადებელი განმარტავს, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნოტარიუს ჭ-ის მიმართ, რაც არის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
მოწინააღმდეგე მხარემ ხ-მა მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს ქ-ის განცხადება, რადგან სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრის თაობაზე დადგენილება არის უთარიღო, საქმის ირგვლივ განმარტება არ ჩამორთმევია ნოტარიუს ჭ-ეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრის დადგენილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინებით ნ. ქ-ეს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ცნობა გამოკვლევის შესახებ არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ხელმოწერების სიყალბე. ის გარემოება, ხელმოწერები შესრულებული იყო თუ არა ქ-ისა და ყ-ის მიერ, უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი ცნობა კატეგორიულად არ ადასტურებს, რომ ყ-ის მიერ არ არის შესრულებული ხელმოწერა, არამედ მითითებულია: “სავარაუდოა, არ იყოს შესრულებული თვით პ. ყ-ის მიერ”. სააპელაციო სასამართლოს აზრით, აღნიშნული ვერ ჩაითვლება იმის მტკიცებად, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც ემყარება გადაწყვეტილება, ყალბია. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ თუნდაც დადგენილად ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ბინის გასხვისების თანხმობაზე ხელმოწერა არ ეკუთვნის ნ. ქ-ეს, აღნიშნული მაინც ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან გადაწყვეტილება არ ემყარება ქ-ის მიერ გასხვისებაზე თანხმობის მიცემას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ქ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ისე გამოიტანა, რომ არ დაუკითხავს ნოტარიუსი, რომელმაც გააყალბა ხელშეკრულება, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ არა აქვს სხვა საცხოვრებელი ბინა და არ გაყიდდა მის ერთადერთ საცხოვრებელს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა ქ-ის ხელმოწერის სიყალბე, საკმარისი იყო საქმის ხელახლა განხილვისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს დოკუმენტის სიყალბეზე კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ _ რაიმე სხვა მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მისი მეუღლის ყ-ის მიერ არ არის შესრულებული ხელმოწერა და გარდა ამისა, ბინის გასხვისების თანხმობაზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მას, ანუ კასატორს. აღნიშნულის დამადასტურებლად წარადგინა შს სამინისტროს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ცნობა. ზემოთ მოყვანილი მუხლიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს დოკუმენტის სიყალბე, აუცილებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რაც მოცემულ შემთხვევაში არა გვაქვს. უფრო მეტიც, წარმოდგენილია გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრის დადგენილება, საიდანაც არ ირკვევა, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე და ვის მიმართ იქნა გამოტანილი აღნიშნული დადგენილება. ასეთი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრის შესახებ არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სსკ-ს 423-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ განხორციელდა არა მტკიცებულებათა უკმარისობის გამო, არამედ _ სხვა რაიმე მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტის სიყალბის შესახებ არ არის ექსპერტიზის დასკვნა, არ არის გამომძიებლის მიერ ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილება, ნოტარიუსს ჩამორთმეული არა აქვს ახსნა-განმარტება.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ექსპერტიზის ცნობაში მითითებულია: “სავარაუდოა, არ იყოს შესრულებული თვით პ. ყ-ის მიერ”.
პალატა თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ნ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.