დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802223007706453
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№43I-23 22 სექტემბერი, 2023 წელი
თ–ი ა., 43I-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ა–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. კ–სის საკასაციო საჩივარი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. 2006 წლის 18 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის ჩარშამბას რაიონის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს №2005/146-2006/123 განაჩენით, თ. (T.) ა–სი (A-N) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 29/1 მუხლთან ერთობლიობაში, 81/1 მუხლითა (განზრახ მკვლელობა) და თურქეთის რესპუბლიკის №6136 კანონის მე-13 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით, თ. (T.) ა–სს (A-N) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 19 წლით.
2. 2008 წლის 23 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პირველი სასჯელაღსრულების პალატის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში და გახდა საბოლოო.
3. 2005 წლის 26 აპრილიდან 2013 წლის 26 აპრილამდე, თ. (T.) ა–სი (A-N) მოთავსებული იყო შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში და იხდიდა ზემოაღნიშნული განაჩენით მის მიმართ შეფარდებულ სასჯელს. 2013 წლის 26 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის ჩარშამბას მძიმე სასჯელაღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი პირობით ვადამდე გათავისუფლდა შესაბამისი დაწესებულებიდან.
4. 2020 წლის 25 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის ჩარშამბას რაიონის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს №2016/58-2020/45 განაჩენით, თ. (T.) ა–სი (A-N) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43/1 მუხლთან ერთობლიობაში, 241/1 მუხლით (ფულის გაპროცენტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იმავე განაჩენით, თ. (T.) ა–სს (A-N) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 6 თვისა და 750 დღით. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი თ. (T.) ა–სის (A-N) ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობის თანახმად, თ. (T.) ა–სიმა (A-N) ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 1843 დღე. 2022 წლის 28 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სამსუნის რეგიონალური სასამართლოს მე-4 სასჯელაღსრულების პალატის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში და გახდა საბოლოო.
5. 2022 წლის 1 ივლისსა და 29 ნოემბერს, გამოიცა თ. (T.) ა–სის (A-N) დაკავების ბრძანებები 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით.
6. 2022 წლის 5 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის ჩარშამბას რაიონის აღმასრულებელი სასამართლოს №2022/959-2022/1386 გადაწყვეტილებით, ვინაიდან თ. (T.) ა–სმა (A-N) პირობითი მსჯავრის დროს ჩაიდინა ახალი დანაშაული, გაუქმდა 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და თ. (T.) ა–სს (A-N) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 12 თვით. აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა საბოლოო 2022 წლის 3 ნოემბერს.
7. 2022 წლის 28 ნოემბერს, გამოიცა თ. (T.) ა–სის (A-N) დაკავების ბრძანება 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
8. 2023 წლის 2 მაისიდან თ. (T.) ა–სი (A-N) იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
9. 2023 წლის 5 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ. (T.) ა–სი (A-N).
10. 2023 წლის 7 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით თ. (T.) ა–სს (A-N) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
11. 2023 წლის 12 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე თ. (T.) ა–სმა (A-N) უარი განაცხადა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე.
12. 2023 წლის 10 ივლისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თ. (T.) ა–სის (A-N) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
13. 2023 წლის 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა თ. (T.) ა–სის (A-N) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ჩარშამბას რაიონის აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის №2022/959-2022/1386 გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 29/1 მუხლთან ერთობლიობაში, 81/1 მუხლითა (განზრახ მკვლელობა) და თურქეთის რესპუბლიკის №6136 კანონის მე-13 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით. ამასთან, მოითხოვა თ. (T.) ა–სის (A-N) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ჩარშამბას რაიონის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №2016/58-2020/45 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
14. სასამართლო სხდომაზე თ. (T.) ა–სი (A-N) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - ა. კ–სე დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას მხოლოდ ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის ნაწილში.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი თ. (T.) ა–სის (A-N) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ჩარშამბას რაიონის აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის №2022/959-2022/1386 გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 29/1 მუხლთან ერთობლიობაში, 81/1 მუხლითა (განზრახ მკვლელობა) და თურქეთის რესპუბლიკის №6136 კანონის მე-13 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით. იმავდროულად, ამავე განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი თ. (T.) ა–სის (A-N) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ჩარშამბას რაიონის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №2016/58- 2020/45 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
16. 2023 წლის 21 აგვისტოს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ა–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ა. კ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
17. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია, რომ ის უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრიდან ირკვევა, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ა–სის ინტერესების დამცველი ადვოკატი - ა. კ–სე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს განჩინებას, მისივე განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების შესახებ და ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს განჩინება, რომლითაც თ. ა–სს შეეფარდა პატიმრობა ან ალტერნატივის სახით, მის მიმართ გამოყენებულ იქნას ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს განჩინება მიემართება თ. (T.) ა–სის (A-N) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ჩარშამბას რაიონის აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის №2022/959-2022/1386 გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 29/1 მუხლთან ერთობლიობაში, 81/1 მუხლითა (განზრახ მკვლელობა) და თურქეთის რესპუბლიკის №6136 კანონის მე-13 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით. რაც შეეხება თ. (T.) ა–სის (A-N) მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებას, აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არამარტო მოთხოვნის ნაწილშია შეუსაბამო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 14 აგვისტოს განჩინებით გადაწყვეტილ საკითხთან, არამედ მოთხოვნის დასაბუთებაც სრულად მიემართება თ. ა–სის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის უკანონობა/დაუსაბუთებლობასა და მისი გაუქმების საკითხს. შესაბამისად, კასატორი რეალურად ასაჩივრებს თ. ა–სის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების და არა - მისი ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებას.
21. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება პირისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. შესაბამისად, კასატორს ჰქონდა შესაძლებლობა თ. (T.) ა–სის (A-N) მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შესახებ განჩინება გაესაჩივრებინა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩიების საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას, რის გამოც, საკასაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია საჩივრის განხილვის შესაძლებლობას.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. კ–ს საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. (T.) ა–სის (A-N) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. კ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე