საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004353913
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№629აპ-23 ქ. თბილისი
გ–ი გ., №629აპ-23 27 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ, რომელიც ითხოვს გ. გ–სა და კ. ბ–ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელების შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მათი ბრალეულობა, კერძოდ: დაზარალებულ ს. გ–სის ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დღეს გ. გ–მა, რომლისგანაც ბინა ჰქონდა ნაქირავები, საფეთქელში დაარტყა, ხოლო კ. ბ–მ - ფეხში, რა დროსაც განიცადა ტკივილი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს დაუდგინდა ნაჭდევები მარცხენა საფეთქლისა და მუხლის არეში; ს. გ–სგან ამოღებულ შარვალს, რომელიც ეცვა დაზარალებულს შემთხვევის დღეს, აღენიშნებოდა დაზიანებები; ასევე - მოწმე რ. გ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებული, რომელსაც სახე თითქოს შეწითლებული ჰქონდა, აცხადებდა, რომ ბინის მეპატრონემ სცემა, ხოლო მოწმე ბ. ბ–ს განმარტებით, გ. გ–სმა თქვა, რომ სცემეს, თუმცა დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მანქანიდან გადასვლისას დაეცა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ–სა და კ. ბ–ს ბრალად დაედოთ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 20 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, მე-.. ნ–ს დასახლება, მე-.. ქუჩა, ....... ჩიხის №..-ში, ს. გ–ს ჯგუფურად სცემეს გ. გ–სმა და კ. ბმ, კერძოდ, გ. გ–მა დაარტყა მუშტი მარცხენა წარბის არეში და გაარტყა გაშლილი ხელი, ხოლო კ. ბ–მ გაარტყა სახეში გაშლილი ხელი და მარცხენა მხარეს, ნეკნების არეში ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. გ. გ–სა და კ. ბ–ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით გ. გ–ი და კ. ბ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ, რომელიც ითხოვდა გ. გ–სა და კ. ბ–ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა გ. გ–სა და კ. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: სადავოდ არ გამხდარა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ს. გ–სს 2020 წლის 21 დეკემბერს ჩატარებული პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით - მარცხენა საფეთქლისა და მარცხენა მუხლის სახსრის საპროექციო არეებში; დაზარალებულ ს. გ–ს მტკიცებით, შემთხვევის დღეს ბ. ბ–თან, რ. გ–სა და დ. ო–თან ერთად მივიდა ბინაში, რომელიც გ. გ–სისაგან ჰქონდა ნაქირავები, სადაც კ. ბ–მ და გ. გ–მა სცემეს, თუმცა მეტად საინტერესოა მოწმეების - ბ. ბ–სა და რ. გ–ს ჩვენებები, რომლებიც ავტომანქანაში ელოდებოდნენ ს. გ–სს. ამათგან პირველმა დაადასტურა, რომ მიუხედავად ს. გ–ს მტკიცებისა, თითქოსდა, სცემეს, დაზარალებულს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო მეორემ განაცხადა, რომ ს. გ–ს სახე თითქოს შეწითლებული ჰქონდა, რაც მოწმის ვარაუდით თვითდაზიანების შედეგი უნდა ყოფილიყო. ამასთან ხაზგასასმელია, რომ ორივე ზემოხსენებულმა მოწმემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ უკანა გზაზე მანქანიდან გადასული ს. გ–ი რამდენჯერმე დაეცა და მიიღო დაზიანება; გ. გ–სის მეუღლის - ი. ბ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს მეუღლესთან ერთად გაუღო ბინის კარი დაზარალებულს, რომელსაც თავისი ნივთების წაღება სურდა. ს. გ–ს, რომელიც იყო ნასვამი, გაესაუბრნენ მისი მეუღლე - გ. გ–ი და ძმა - კ. ბ–ე, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, რისი გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს დაზარალებულის დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა in dubio pro reo-პრინციპის საფუძველზე მართებულად გადაწყვიტეს გ. გ–სისა და კ. ბ–სის სასარგებლოდ.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი