საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122006287275
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №767აპ-23 ქ. თბილისი
ი. ა. 767აპ-23 24 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის - გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ი–ს, – დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია მხედველობის დაკარგვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ი–ს მიერ ჩადენილი ქმედებებიგამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, ...........იას ქუჩა N..-ში, ცოლ-ქმარმა ა. ი–სმა და თ. კ–მა მეზობელს - ნ. ი–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: თ. კ–მა ხელთნაქონი ჯოხი რამდენჯერმე ჩაარტყა მხარში, ხოლო ა. ი–მა მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ, თმაზე ძლიერად მოქაჩა ხელი და ძალის გამოყენებით ჩაიყვანა კიბეზე, დააგდო ძირს და სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის, თვალში, მრავალჯერადად ჩაარტყა ხელები და ფეხები.
2.2. 2022 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, ............ას ქუჩა N..-ში, ცოლ-ქმარი ა. ი–სი და თ. კ–მი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნ. ი–მის კუთვნილ „iPhone CE“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 1500 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით ა. ი–ი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.1. ა. ი–ი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. ა. ი–ი დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ი–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ი–ს ბრალეულობას და გარემოებებს, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ასევე ვერ დადასტურდა ა. ი–ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნ. ი–ს კუთვნილი „iPhone CE“-ს ფირმის მობილური ტელეფონის აშკარად დაუფლების ფაქტი.
4.1. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ა. ი–ს ედავება ნ. ი–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადასტურებულია, რომ ნ. ი–ს სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით (ცხვირის მოტეხილობა), ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამდენად იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა, რომ დაზიანებები ნ. ი–ს მიაყენა ა. ი–მა, სახეზე არ გვექნებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ი–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას, ასევე წარმოადგინა შუამდგომლობა ა. ი–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების უფრო მსუბუქი ბრალდებით შეცვლის შესახებ და მოითხოვა ა. ი–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად;
6.1. ა. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
6.2. ა. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
6.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ა. ი–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს ა. ი–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ ა. ი–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. ი–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას ა. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შესახებ და ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ - ნ. ი–ს ინფორმაცია ა. ი–ს მხრიდან მის მიმართ ჩადენილი შესაძლო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძარცვის შესახებ არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული სხვა მტკიცებულებით; მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებული ნ. ი–ს - ჩვენება არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს; საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა მტკიცებულება, დანაშაულის რაიმე კვალი, საგანი თუ ნივთი, რაც შესაძლოა, როგორც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი მტკიცებულება, გამოყენებულიყო ა. ი–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად; კასატორი საჩივარში უთითებს პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებზე, თუმცა საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მათი ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი ინფორმაციას, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა დაზიანებები, ფლობენ თავად დაზარალებულისაგან და უშუალოდ ფაქტს არ შესწრებულან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, პროკურორის პოზიცია არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
11.1. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, თუმცა შეუძლებელია - განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა და ის გარემოებები, თუ რა ვითარებაში მიიღო პირმა დაზიანებები. ამდენად, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ნ. ი–ს დაზიანება მიაყენა ა. ი–მა.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დადგენილებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია ღია სივრცეში, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, დაზარალებულის სადავო ჩვენების გარდა სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა. ი–ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების, ისე ძარცვის ნაწილში.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის - გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი