გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2003
საქმის ნომერი
3კ/423-03
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ 3კ-423-03 30 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი

დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ნ.-მ სარჩელი აღძრა ჯ. ბ.-ს წინააღმდეგ და მოითხოვა:

1. დაეკისროს მოპასუხე ჯ. ბ.-ს გაზეთი “...-ის” მეშვეობით გავრცელებული თ. ნ.-ის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა იმავე გაზეთის მეშვეობით შემდეგი ფორმით _ “...”.

2. დაეკისროს მოპასუხე ჯ. ბ.-ს სამაუწყებლო კომპანია “რ.-ის” გადაცემა “ღ.-ის” და გადაცემა “პ.-ის” მეშვეობით გავრცელებული თ. ნ.-ის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა იმავე გადაცემებში შემდეგი ფორმით:

2.1. “სიცრუეა, რომ თ. ნ.-მ ბევრი ტყუილები ილაპარაკა”;

2.2. “სიცრუეა, რომ მილიონობით დოლარი მიედინება საქართველოს იურისდიქციის არქონაში აფხაზეთის ტერიტორიიდან თ. ნ.-ის ჯიბეში”;

2.3. “სიცრუეა, რომ დევნილების უბედურების ხარჯზე ნ.-ი გამდიდრდა”;

2.4. “სიცრუეა, რომ თ. ნ.-ი თბილისში დაკავებულია ფულის კეთებით”;

2.5. “სიცრუეა, რომ პარტიზანული მოძრაობა თ. ნ.-მ გაანადგურა”;

2.6. “სიცრუეა, რომ თ. ნ.-ს აქვს ფინანსური ინტერესი და ფუფუნებაში ცხოვრობს”;

2.7. “სიცრუეა, რომ თ. ნ.-ი ჩართულია კორუფციაში”;

2.8. “სიცრუეა, რომ ...-ში მდებარე სამი სახლიდან ერთ-ერთი თ. ნ.-ისაა და მის ნათესავებზეა გაფორმებული”;

3. დაეკისროს მოპასუხე ჯ. ბ.-ს თ. ნ.-ის სასარგებლოდ 600000 ლარის გადახდა მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

სარჩელის გარემოებები:

2002წ. 25 ივლისს გაზეთი “...-ის” ¹... ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით “...”. რესპოდენტი იყო ჯ. ბ.-ა, რომელმაც გაავრცელა შემდეგი ცნობები:

2002წ. 1 ივლისს სოფ. ...-ში მოხდა კორუმპირებული გარიგება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელსა და აფხაზეთის ა/რ სტრუქტურებს შორის, სადაც აფხაზ სეპარატისტებს გასამრჯელოს სახით გადაეცათ 25 ათასი საბჭოური პასპორტი.

აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას არ უნდა წასვლა დანგრეულ და გადამწვარ აფხაზეთში, როდესაც აქ ფილარმონიები აქვთ აშენებული, მილონებს შოულობენ. ეს არის ბენზინის ბიზნესი, ნარკობიზნესი, იარაღის ბიზნესი, თხილის ბიზნესი, ჯართის ბიზნესი და ა.შ.

მოპასუხე, როგორც სტატიიდან ჩანს ხელისუფლებაში გულისხმობდა თ. ნ.-ს.

2002წ. 1 აგვისტოს ტელეკომპანია “რ.-ის” გადაცემა “ღ.-ში” ჯ. ბ.-მ განაცხადა:

- “მე მოვუსმინე ბატონ თ. ნ.-ს და ბატონმა თ-მ ბევრი ტყუილები იალაპარაკა”;

- “მილიონობით დოლარი მიედინება საქართველოს იურისდიქციის არქონაში აფხაზეთის ტერიტორიიდან ნ.-ის და მისი თანამზრახველების ჯიბეებში”;

- “დევნილების უბედურების ხარჯზე ნ.-ი და მისნაირები გამდიდრდდნენ. თქვენ შეიძლება ნახოთ თუ როგორ სახლებს იშენებენ ისინი, თუნდაც ბაგებში”;

- “რაში სჭირდება ნ.-ს ამხელა სახლი, თუ ის აპირებს აფხაზეთში დაბრუნებას”;

- “მშენებარე სახლს ვგულისხმობ და თუ ნ.-ის ქონებაზე იქნება საჭირო ამ ინფორმაციას ბოლო ბოლო გამოვაქვეყნებთ”;

- “თბილისში იმყოფება (ნ.-ი), სადაც დაკავებულია ფულის კეთებით”;

- “ნურავინ ნუ სპეკულიანტობს პარტიზანული მოძრაობით, რომელიც პრაქტიკულად შ.-მ და ნ.-მ გაანადგურეს”;

- “დამამტკიცებელი საბუთების გარეშე არ ვსაუბრობ”;

- “ამ პროცესს ვაქცევ ნ.-ის და მისი თანამზრახველების ლუსტრაციის პროცესად”;

- “მას აქვს ფინანსური ინტერესი და ფუფუნებაში ცხოვრობს”;

- “იქნება (ნ.-ი) ლუსტრირებული, რომ მას აქვს ფინანსური ინტერესები”;

2002წ. 3 აგვისტოს ტელეკომპანია “რ.-ის” გადაცემა “პ.-ში” მოპასუხემ გაავრცელა შემდეგი ცრუ ცნობები:

- “მე ვსაუბრობ არაკანონიერ შემოსავლებზე ანუ კორუფციაზე, რომელშიც ჩართულია თ. ნ.-ი, მე ამაზე პასუხს ვაგებ”;

- “მე ძალიან მალე პროკურატურას გადავცემ შესაბამის, ხაზი მინდა გავუსვა ფოტომასალებს”;

შელახული პატივისა და ღირსების რეაბილიტაციის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს სკ-ს 413-ე და მე-18 მუხლებს, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად კი იმავე კოდექსის, იგივე მე-18 მუხლის მე-6 პუნქტს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა:

ყველა ის აზრი, რომელიც მოპასუხემ გამოთქვა საზოგადოებაში აქტიურად მუსირებს 6-7 წელი. მოპასუხის ყველა გამონათქვამი არის არა ცნობის გავრცელება, არამედ მისეული შეფასება ცენტრალური და აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების მოღვაწეობისა და ნ.-ის, როგორც ამ ხელისუფლების ხელმძღვანელისა. მოპასუხემ, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელია, გამოთქვა თავისი კრიტიკული შეფასებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც ეყრდნობა მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს და ასევე ოფიციალურ დოკუმენტურ მასალებს. მისი აზრი ემთხვევა საზოგადოების აზრს, რომელიც მოსარჩელის განმარტებით 6-7 წელია მუსირებს საზოგადოებაში.

2002წ. 1 აგვისტოს ტელეკომპანია “რ.-ის” პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე: “ბატონო თ., აღორძინების წევრები ამბობენ, რომ თქვენ გაქვთ ბევრი ფული”, მოსარჩელემ უპასუხა: “რაც შეეხება ასეთ ბრალდებებს, ეს პირველი არ არის, ეს მოდის უკვე 6-7 წელიწადია და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ შეგვამოწმეს გენერალურმა პროკურატურამ და კონტროლის პალატამ, მაგრამ რამდენი შემოწმება არ იყო ჩემგან დაწყებული, აი ჩემზე მესმის ბევრი რამ, მე არაფერი არა მაქვს და არც მინდა მქონდეს. ყველაფერი ეს არის გათვლილი ჩვენი დისკრედიტაციისათვის. აი, ესენი კარგად ცხოვრობენ, ესენი გასუქდნენ, ესენი ფულს იპარავენ და მთელი ამბავი. გამოდის ხალხი და აცხადებს, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება არ გვაძლევს შემწეობის თანხებს” და ა.შ.

2002წ. 3 აგვისტოს ტელეკომპანია “რ.-ის” ჟურნალისტის კითხვას: “ბატონო თ. იწყება ბრძოლა კომპრომატებით თქვენსა და აღორძინების დეპუტაციას შორის. ძალიან მალე შედგება სასამართლო პროცესი” მოსარჩელემ უპასუხა: “ყველა ის, ვინც გამოდის ჩვენს წინააღმდეგ, პირადად ჩემს წინააღმდეგ ყველა აღორძინების ბლოკის წევრია, სხვა არასდროს გამოხმაურებია ამ ამბავს, ვიტყოდი აქ ამ ბლოკში, ყველაზე არ ვამბობ, აქ არიან წესიერი ხალხიც, განსაკუთრებით იქ რამდენიმე კაცია, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან, სხვათაშორის, დიდ საფასურზე. ყველაფერი ეს ფულით ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული. საუბრობენ სხვადასხვას, ნუ მარშუტკებში გაგებული ჭორი ან ქუჩაში ვიღაცამ, ვიღაც ბებიამ ბებიას რაღაცა უთხრა და ეს გააქვთ პრესკონფერენციაზე სალაპარაკოდ. ამიტომ, როდესაც მე ვისმენ რა ბრალდებებს გვიყენებენ ჩვენ ენგურის ხიდთან კონტრაბანდაზე, შემწეობის თანხებთან, ყველაფერი ეს არის ათასჯერ შემოწმებული, გადამოწმებული, არსებობს სასამართლო, რომელიც მოითხოვს პასუხს ცილისწამებისათვის, რომლებმაც ასეთი განცხადება გააკეთა”.

2002წ. 4 აგვისტოს ¹30 (38) გაზეთ “ქ.-სათვის” მოცემულ ინტერვიუში იგი თავად აცხადებს, რომ არის იმ სტრუქტურების ხელმძღვანელი, სადაც “ბევრი გასუქდა აფხაზეთის პრობლემების მივიწყების ნიადაგზე”.

2002წ. 8-14 ოქტომბრის გაზეთ “ე.” ¹15-ში მოსარჩელე ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია კონტრაბანდული ტვირთების შემოსვლისა და მოძრაობის სქემა, მაგრამ არანაირ ღონისძიებებს არ ატარებს.

მითითებული მტკიცებულებები ადასტურებენ თუ რა საზოგადოებრივი აზრი იყო შექმნილი და რა ფონზე მოხდა მოპასუხის კრიტიკული შეფასებების გაკეთება.

მოსარჩელემ ცნობები კი არ გავარცელა, არამედ გააკეთა მის ხელთ არსებული ინფომაციის შეფასება.

მოსარჩელის მოსაზრება, რომ მის არამატერიალურ სიკეთეს, მის პატივსა და ღირსებას მიადგა ზიანი, რის ასანაზღაურებლადაც მოითხოვა 600000 ლარის დაკისრება, ვერ მტკიცდება ვერც ერთი დოკუმენტით. მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მის აზრს არ შეეძლო მოსახლეობის თვალში თ.ნ.-ის არაჯანსაღი იმიჯის შექმნა და დისკრედიტაცია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

კოლეგია MMMმიუთითებს:

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. იმავე მუხლის მეოთხე პუნქტით კი ამ უფლების განხორციელება შეიძლება შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად.

სკ-ს მე-18 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს არ შეეფერება.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დისკუსია გამოხატვის მეტი თავისუფლებით დაიშვება, იგი მაინც არის გარკვეული ფარგლებით შეზღუდული, რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნული ღირებულება იმდენად დიდი დემოკრატიული უფლებაა, რომ მისი ხელშეუხებლობის საზღვრები არც პოლიტიკური კრიტიკის დროს შეიძლება გადაილახოს.

სასამართლო კოლეგია გამორიცხავს მხარეთა შორის პოლემიკის არსებობას, კერძოდ, მოპასუხის, ჯ. ბ.-ს მიერ პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გაკეთებული განცხადებები არ იყო პოლემიკის ნაწილი, ანუ იგი არ გაკეთებულა მოსარჩელის თ. ნ.-ის განცხადებების საპასუხოდ. შესაბამისად, არ შეიძლება არსებობდეს ინტერესების ფონი, რომელზეც ჩვეულებრივად პოლემიკა ვითარდება.

მოპასუხის გამონათქვამები “მილიონობით, მილიონობით დოლარი მიედინება საქართველოს იურისდიქციის არქონით აფხაზეთის ტერიტორიიდან ნ.-ისა და მისი თანამზრახველების ჯიბეებში” და “მე ვსაუბრობ არაკანონიერ შემოსავლებზე ანუ კორუფციაზე, რომელშიც ჩართულია თ. ნ.-ი, მე ამაზე პასუხს ვაგებ”, კოლეგიას ისეთი სახის გამონათქვამად მიაჩნია, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას თ.ნ.-ის მიერ ისეთი დანაშაულის ჩადენის ფაქტის შესახებ, როგორიცაა თანამდებობრივი (კორუფციული) დანაშაული.

ცნობების გავრცელება იმის შესახებ, რომ პირის მიერ დარღვეულია კანონი, სცილდება საქმიანი კრიტიკის ფარგლებს და იგი იწვევს ადრესატის პატივის ანუ საზოგადოებრივი რეპუტაციის დისკრედიტაციას. ასეთ შემთხვევაში, დაირღვა რა კრიტიკის დასაშვები ფარგლები, შესაბამისად, კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულებაც შეწყდა.

დიფამაციური ცნობების შემდეგ, მის გამავრცელებელს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ იგი ვალდებულია დაამტკიცოს მათი სინამდვილესთან შესაბამისობა.

მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ამ ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა. კოლეგია ვერ მიიჩნევს მოპასუხის განმარტებას მის მიერ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობის დამადასტურებელ გარემოებად იმ სახით, რომ თ.ნ.-ის კორუფციულ დანაშაულში მონაწილეობის საკმარისი მტკიცებაა ის, რომ იგი თავისი უმოქმედობით ხელს უწყობს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებაში არსებულ დანაშაულებს და ასევე, მოსარჩელის ქონებრივ დეკლარაციაში არსებული მონაცემები არ შეესაბამება მის რეალურ ქონებრივ მდგომარეობას.

სკ-ს მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით კოლეგია მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს მოსარჩელის შესახებ გავრცელებული პირადი არაქონებრივი უფლებების პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა.

იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით თუ პირის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გავრცელებულია ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს მათი საშუალებებით.

კოლეგია მიუთითებს, რომ მორალური ზიანის კომპენსაციის განსაზღვრის ასევე უმთავრესი საფუძვლის, ბრალის შესწავლისას, სასამართლო კოლეგია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა მოპასუხე ჯ. ბ.-ს სამოქალაქო სამართლებრივი ბრალი, ანუ წინდახედულობის ნორმით დაცული ქცევის წესის დარღვევა, რომელიც საკმარისია სამოქალაქო სამართლებრივი ბრალის არსებობისათვის. მოპასუხემ სწორედ ასეთი ნორმები დაარღვია და თავისი უპასუხისმგებლო მოქმედებით შელახა მოსარჩელის, თ. ნ.-ის კანონით დაცული პირადი არაქონებრივი უფლებები.

მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი ფუნქციის, მოპასუხის ბრალის, მისი ფინანსურუნარიანობის, დამდგარი ზიანის ოდენობისა და სკ-ს 413-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი საზომების გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოპასუხე ჯ.ბ.-ს უნდა დაეკისროს 5.000 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ.

კოლეგიამ მოპასუხეს დააკისრა გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი ფორმით:

1. დაევალოს მოპასუხე ჯ. ბ.-ს სამაუწყებლო კომპანია “რ.-ის” გადაცემა “ღ.-ის” და გადაცემა “პ.-ის” მეშვეობით, მის მიერ გავრცელებული თ. ნ.-ის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა იმავე გადაცემებში შემდეგი ფორმით:

2. “სიცრუეა, რომ მილიონობით დოლარი მიედინება საქართველოს იურისდიქციის არქონაში აფხაზეთის ტერიტორიიდან თ. ნ.-ის ჯიბეში”;

3. “სიცრუეა, რომ თ. ნ.-ი ჩართულია კორუფციაში”;

გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ. ბ.-მ. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს მე-18 მუხლი. დასახელებული სამართლებრივი ნორმის გამოყენებისათვის პრიორიტეტი ენიჭება და უპირველეს კრიტერიუმს წარმოადგენს პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტი, ანუ აღნიშნული ნორმის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივად შელახულია პირის პატივი და ღირსება. მხოლოდ იმის განცხადება, რომ ამგვარ ცნობებს შეეძლო ბატონი თ. ნ.-ის პატივისა და ღირსების შელახვა, არ არის საკმარისი საფუძველი მე-18 მუხლის გამოყენებისათვის. პირის პატივი და ღირსება, რომლის განმარტებაც მოცემულია გადაწყვეტილებაში, არ არის სტატიკური ცნება და იგი დროის განსაზღვრულ სხვადასხვა მონაკვეთში მუდმივად იცვლება. ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწის პატივი და ღირსება ჩვეულებრივ პირთან შედარებით, გაცილებით მაღალი დინამიურობით გამოირჩევა.

პატივისა და ღირსების შელახვაში კი იგულისხმება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში არსებული პატივისა და ღირსების გაუარესება, ანუ მის არსებულ მდგომარეობასთან შედარებით უარყოფით ხარისხში გადაყვანა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ ჯ. ბ.-ს მიერ გაკეთებული განცხადების შედეგად გაუარესდა თ. ნ.-ის პატივი და ღირსება. მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი სარჩელში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი და 413-ე მუხლი, რომლებიც გამოყენებულ იქნა ჯ. ბ.-სათვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურების 5000 ლარის გადახდის დასაკისრებლად. ადგილი არ ჰქონია პატივისა და ღირსების შელახვას. სასამართლოს არ დაუდგენია, თუ რაში გამოიხატა ბ.-ს განზრახვა შეელახა თ. ნ.-ის პატივი და ღირსება.

სასამართლომ ასევე არამართებულად გამოიყენა სკ-ს 413-ე მუხლი მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი განსაზღვრის თვალსაზრისით. “გადაწყვეტილებაში” ამ მუხლის გამოყენების ერთ-ერთ საფუძვლად სასამართლო კოლეგიამ მიუთითა მოპასუხის “ფინანსურუნარიანობის” კრიტერიუმი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს საქართველოში მოქმედ საარსებო მინიმუმზე 50-ჯერ მეტს.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და საქართველოს საკანონმდებლო აქტები ადგენს, როგორც მოსაზრებების, ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების, ისე პირთა პატივისა და ღირსების დაცვის გარანტიებს.

სკ-ს მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება.

პატივისა და ღირსების შელახვაში იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირების შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. მე-18 მუხლის თანახმად, ამგვარი ცნობების გავრცელება წარმოადგენს პირის მიერ სასამართლოს მეშვეობით ცნობების უარყოფის მოთხოვნის საფუძველს.

შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ მხოლოდ იმის განცხადება, რომ ამგვარ ცნობებს შეეძლო ბატონი თ. ნ.-ის პატივისა და ღირსების შელახვა, არ არის საკმარისი საფუძველი მე-18 მუხლის გამოყენებისათვის. პირის პატივი და ღირსება, რომლის განმარტებაც მოცემულია გადაწყვეტილებაში, არ არის სტატიკური ცნება და იგი დროის განსაზღვრულ სხვადასხვა მონაკვეთში მუდმივად იცვლება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ამგვარი განმარტების საფუძველი საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა უნდა განხორციელდეს და სასამართლოს მიერ მოპასუხეს იძულების ღონისძიება უნდა დაეკისროს შემდეგ გარემოებათა გამო:

სიტყვის თავისუფლება, იმ სახით, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი საერთაშორისო აქტებით, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობის ერთ-ერთ საფუძველს, საზოგადოების პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ერთ-ერთ პირობას. სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ის იარაღი, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, შეიტყოს პოლიტიკური ლიდერების საზოგადოებრივ პრობლემებთან დამოკიდებულება, ერთმანეთს შეადაროს მათი შეხედულებები და იდეები.

პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების გულს. შესაბამისად, პოლიტიკური თანამდებობის პირთა კრიტიკის ფარგლები ფართოა, ვიდრე კერძო პირთა. პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის გარდაუვალია და ამგვარი თანამდებობის დაკავება თავისთავად ნიშნავს, რომ მისი ყოველი სიტყვა და მოქმედება იქნება დაჟინებული ანალიზისა და კრიტიკის ობიექტი. შესაბამისად, პოლიტიკოსმა უნდა გამოავლინოს მოთმინების მაღალი დონე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძაფრი კრიტიკა. სახელმწიფო მოხელეებმა, პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში, დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ. A

ამასთან, კრიტიკა უნდა იყოს საქმიანი და იგი არ უნდა გადაიზარდოს კრიტიკაში, რომელიც აშკარად შეუსაბამოა კრიტიკისა და განსჯის საგანთან.

სასამართლოს ამოცანა მოცემულ საქმეზე არის აღნიშნული პრინციპების ფონზე სადავო საკითხის გადაწყვეტა.

პოლიტიკური თანამდებობის პირების ქმედებათაMმკვეთრი შეფასებები უნდა წარმოადგენდეს განცხადების ავტორის ხელთ არსებული ფაქტების ადეკვატურს.

საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, რომ პირის მიერ დარღვეულია კანონი, სცილდება საქმიანი კრიტიკის ფარგლებს და იგი იწვევს ადრესატის პატივის ანუ საზოგადოებრივი რეპუტაციის დისკრედიტაციას. ასეთ შემთხვევაში, დაირღვა რა კრიტიკის დასაშვები ფარგლები, შესაბამისად, კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულებაც შეწყდა.

დიფამაციური ცნობების შემდეგ მის გამავრცელებელს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ იგი ვალდებულია დაამტკიცოს მათი სინამდვილესთან შესაბამისობა.

მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ამ ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა. კოლეგიამ ვერ მიიჩნია გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობის დამადასტურებელ გარემოებად, რომ თ.ნ.-ის კორუფციულ დანაშაულში მონაწილეობის საკმარისი მტკიცებაა ის, რომ იგი თავისი უმოქმედობით ხელს უწყობს ა/რ ხელისუფლებაში არსებულ დანაშაულებებს და, ასევე, მოსარჩელის ქონებრივ დეკლარაციაში არსებული მონაცემები არ შეესაბამება მის რეალურ ქონებრივ მდგომარეობას. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის დანაშაულში მონაწილეობას დაადასტურებდა. აღნიშნულ შეფასებას ეთანხმება საკასაციო სასამართლოც.

სკ-ს მე-18 მუხლის მიხედვით არაქონებრივ უფლებათა დაცვის ფორმებად მიჩნეულია: არაქონებრივ უფლებათა აღიარება, ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა ან მათზე უარის თქმა (გავრცელებული ცნობების უარყოფა). დაცვის ეს ფორმები უმთავრეს მიზნად ისახავს დაზარალებულის უფლებების აღდგენას და მათი განხორციელების მოთხოვნა ფიზიკურ პირს შეუძლია ხელყოფის ბრალეულობის მიუხედავად.

თუ პირადი არაქონებრივი უფლების ხელყოფა ხორციელდება ვინმეს ბრალეული მოქმედებით, ფიზიკურ პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ წინდახედულობის ნორმით დაცული ქცევის წესის დარღვევა საკმარისია სამოქალაქო სამართლებრივი ბრალის არსებობისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.

სკ-ს 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ.

მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა სამართალდარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ, მაგრამ პრევენციული ფუნქციის გადამეტებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფულადი კომპენსაციის უზომოდ გაზრდა და სიტყვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

კომპენსაციის ოდენობა უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა, რის გამოც კომპენსაციის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობაც.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია, მოსარჩელის პიროვნული უფლებების ხელყოფა სერიოზულია, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა გაზრდილია და არ შეესაბამება რეალობას.

მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის (იგი მიუთითებდა, რომ მისი ქონებრივი შესაძლებლობები არის საკმაოდ შეზღუდული და ეს გარემოება არც მოწინააღმდეგე მხარეს გაუხდია სადავო), ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების სხვა ფუნქციების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად მიაჩნია მოპასუხისათვის 2500 ლარის დაკისრება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ცნობების უარყოფა უნდა განხორციელდეს იმ ტერმინთა გამოყენებით, რასაც კანონმდებელი განსაზღვრავს. შესაბამისად, სიტყვა ,,სიცრუეა”, უნდა შეიცვალოს სიტყვებით ,,არ შეეფერება სინამდვილეს”.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ჯ. ბ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

თ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. დაევალოს მოპასუხე ჯ. ბ.-ს სამაუწყებლო კომპანია “რ.-ის” გადაცემა “ღ.-ისა” და გადაცემა “პ.-ის” მეშვეობით მის მიერ გავრცელებული თ. ნ.-ის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა შემდეგი ფორმით: 2002წ. 1 აგვისტოს ტელეკომპანია “რ.-ს” გადაცემა “ღ.-ში” გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ მილიონობით დოლარი მიედინება საქართველოს იურისდიქციის არქონაში აფხაზეთის ტერიტორიიდან თ. ნ.-ის ჯიბეში, არ შეეფერება სინამდვილეს. 2002წ. 3 აგვისტოს ტელეკომპანია “რ.-ის” გადაცემა “პ.-ში” გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ თ. ნ.-ი ჩართულია კორუფციაში, არ შეეფერება სინამდვილეს.

დაეკისროს მოპასუხე ჯ. ბ.-ს თ. ნ.-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2500 ლარის გადახდა. დაეკისროს მოპასუხე ჯ. ბ.-ს 62 ლარის გადახდა მოსარჩელე თ. ნ.-ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.A A

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.