საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 22.09.2023
საქმის ნომერი
2კ-268აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2023

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100122005425097

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №268აპ-23 22 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. კ., №268აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ. ვ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2021 წლის 8 დეკემბერს კ. ქ. (პირადი ნომერი: ..................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. კ. ქ.მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა „EKOL Major“ მოდელის, 9 მმ კალიბრის პისტოლეტი, რომელსაც სავაზნეზე ჩახრახნილი აქვს ხრახნი (ამოვსებულია) და ლულაში არ გააჩნია სტაციონარული ტიხარი ან მზღუდავი, რის გამოც, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

1.3. კ. ქ.მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ექვსი 9 მმ კალიბრის ვაზნა, რომელთა სათაო ნაწილში თვითნაკეთი წესით მოთავსებულია 6,1 მმ დიამეტრის ჭურვი და გამოიყენება 9 მმ კალიბრის უტიხრო ან მზღუდავ მოხსნილ პისტოლეტებში, მათ შორის - ზემოაღნიშნულ პისტოლეტში. აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2021 წლის 7 დეკემბერს, ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. ქ–ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ზემოაღნიშნული პისტოლეტი და ვაზნები.

1.4. 2021 წლის 7 დეკემბერს, ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კ. ქ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „EKOL Major“ მოდელის, კუსტარულად გადაკეთებულ პისტოლეტს, მისთვის განკუთვნილ, ასევე კუსტარულად გადაკეთებულ 6 ვაზნასთან ერთად, რაც კ. ქ–ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 აგვისტოს განაჩენით:

2.2. კ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

2.3. კ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ. ქ–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 7 დეკემბრიდან.

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ კ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ტ-მა და ქ. ვ-ემ მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და კ. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ კ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ქ. ვ-ემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და კ. ქ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეში ნეიტრალური მტკიცებულების სახით არ მოიპოვება პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ხოლო პოლიციის თანამშრომლები საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან. დაცვის მხარის მტკიცებით, მსჯავრდებულს პოლიციის განყოფილებაში ვითომდა კოვიდტესტზე შემოწმების მიზნით, მოტყუებით აუღეს ნერწყვის ნიმუში, რაც დაიტანეს ცეცხლსასროლ იარაღზე და რამაც განაპირობა იარაღზე მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის აღმოჩენა. ამასთან, დაცვის მხარეს არ მიეცა ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა. კასატორი ასევე მიუთითებს მსჯავრდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარებისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგ დარღვევებზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ. ქ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ კ. ქ–ს მიერ დანაშაულის ჩადენის ძირითად მამხილებელ მტკიცებულებებად წარმოადგინა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების: გ., ვ-ა და ი. ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ პირადი ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციას და კ. ქ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და ვაზნების ფლობას; სადავო ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ნივთერი მტკიცებულებები (ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები) და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 5 აპრილის N......... ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის კ. ქ–სადმი კუთვნილებას.

5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ. ქ. დაკავების პირველი წუთებიდან უარყოფდა ცეცხლსასროლი იარაღისა და ვაზნების ფლობის ფაქტს. ამასთან, მან პირადი ჩხრეკის ოქმის (იმ გვერდების, სადაც მითითებულია ინფორმაცია ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების შესახებ) - ხელმოწერაზეც კი უარი განაცხადა. დაცვის მხარის მტკიცებით, ნივთიერ მტკიცებულებებზე კ. ქ–ს გენეტიკური პროფილის აღმოჩენა განაპირობა პოლიციის განყოფილებაში ნერწყვის ნიმუშის მოტყუებით აღებამ და ამ მასალის მათზე გადატანამ.

5.5. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ კ. ქ–ს პირადი ჩხრეკისას არ იყო დაცული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა. კერძოდ, პირადი ჩხრეკის ჩატარებისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს არ მიუღიათ სათანადო ზომები პირადი ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი ნეიტრალური მტკიცებულების მოსაპოვებლად. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა რაოდენობას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ალტერნატიული საშუალებებისა (ხელბორკილის გამოყენებას) და ვიდეოფიქსაციის საშუალების ხელმისაწვდომობას (მათ შორის, მობილური ტელეფონი) და არ იზიარებს პოლიციელთა ჩვენებებს მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობის შესახებ.

5.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ზოგადად, პირის მფლობელობაში ნივთის აღმოჩენა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა და ეს ჰიპოთეზა შეუსაბამო არ არის მტკიცების ტვირთთან და in dubio pro reo-ს პრინციპთან, თუმცა ამ პრეზუმფციის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოსაჩენი ნივთი შეიძლება პირის ბრალდების მთავარი საფუძველი იყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105).

5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ არც შემდგომ გამოიჩინა სათანადო გულმოდგინება და დაცვის მხარის არგუმენტების გაქარწყლებისა და ჩხრეკის შედეგების სანდოობის გამყარების მიზნით, არ შეეცადა საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკის ჩატარების ადგილას/მის მიმდებარედ არსებული სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ან/და კერძო საკუთრებაში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მოპოვებას.

5.8. როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, დაცვის მხარის მცდელობა (კ. ქ–ს დაკავებიდან ერთ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ) ვიდეოკამერის ჩანაწერების მოპოვების მიზნით, უშედეგო აღმოჩნდა. კერძოდ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაცვის მხარემ სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-დან გამოითხოვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილას - ... კორპუსისა და ..... ქუჩების კვეთაზე - მდებარე შუქნიშნებზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები 2021 წლის 7 დეკემბრის 15:00 საათიდან 17:00 საათამდე. სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის 2022 წლის 20 იანვრის წერილით დაცვის მხარეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მითითებული დროის ჩანაწერი ჩამწერი მოწყობილობის მყარ დისკზე არ იძებნება. იმავდროულად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 7 მარტის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსისადმი გაგზავნილ წერილს, საიდანაც ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილას - ........ კორპუსისა და ..- ქუჩების კვეთაზე არ არის განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რაც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ გაცემულ ინფორმაციას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ, კ. ქ–ს პირადი ჩხრეკის ჩატარების ადგილის დათვალიერების ოქმსა და მასზე დართულ ფოტოსურათებს, რომლებზეც აღბეჭდილია შემთხვევის ადგილას/მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები.

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნდოვანია, კ. ქ–ს პირადი ჩხრეკის ჩატარების დროს ნამდვილად იყო თუ არა შემთხვევის ადგილას დამონტაჟებული ვიდეოკამრები, იყო თუ არა ისინი მუშა მდგომარეობაში და რა მიზეზით არ მოიპოვებოდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში მითითებული დროის ჩანაწერი. ამდენად, ზემოაღნიშულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, დაცვის მხარის არგუმენტების გაქარწყლებისა და პირადი ჩხრეკის შედეგების სანდოობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ბრალდების მხარის მიერ, გამოძიების ადრეულ ეტაპზე, სათანადო მტკიცებულებების - სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ან/და კერძო საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერების მოპოვების მცდელობა და არსებული ბუნდოვანებისა თუ წარმოქმნილი ეჭვების დამაჯერებლად გაქარწყლება. აღნიშნულის საპირწონედ ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის საქმეში თითქოსდა ნეიტრალური მტკიცებულების სახით არსებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რადგან პირადი ჩხრეკის ჩატარებისა და შემდგომ - გამოძიების საწყის ეტაპზე, ბრალდების მხარისათვის ცნობილი ვერ იქნებოდა მომავალში ჩასატარებელი ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის შედეგები.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა.... აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სამართალდამცავთა ცალსახა ვალდებულება, მოიპოვონ ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი მტკიცებულებები, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106). „ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვერ მოხდეს ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, თუმცა უნდა დადასტურდეს, რომ უფლებამოსილმა პირმა მიიღო გონივრული ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება“ (იქვე, II-108). „როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს“ (იქვე, II-107).

5.11. რაც შეეხება ბიოლოგიური (გენეტიკური) ექპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის კ. ქ–სადმი კუთვნილებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, ამგვარი ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, წარმოადგენდეს ნეიტრალურ, სანდო მტკიცებულებას, თუმცა, იმავდროულად, ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის პრეტენზიას ნივთიერ მტკიცებულებებზე კ. ქ–ს ბიოლოგიური მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით (დაცვის მხარის მტკიცებით, ნივთიერ მტკიცებულებებზე კ. ქ–ს გენეტიკური პროფილის აღმოჩენა განაპირობა პოლიციის განყოფილებაში ნერწყვის ნიმუშის მოტყუებით აღებამ და ამ მასალის მათზე გადატანამ). სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 13 იანავარს, დაცვის მხარემ ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა იმის დადგენა პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები წარმოადგენდა თუ არა ადამიანის ნერწყვს. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 21 იანვრის წერილით, დაცვის მხარეს მის მიერ მოთხოვნილი ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად და ამ მიზნით, გამომძიებელ ლ. კ-ის მიერ 2021 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით დანიშნულ ექსპერტიზაზე თანდართული ნივთმტკიცების გამოსაყენებლად, ეთხოვა ხსენებული ექსპერტიზის დამნიშნავი პირის წერილობითი თანხმობის წარდგენა, თუმცა, როგორც გამომძიებელ ლ. კ-ის ჩვენებით დასტურდება, მან თანხმობა არ გადააგზავნა ექსპერტიზის ბიუროში. აღნიშნულის გამო 2022 წლის 23 მარტს, დაცვის მხარეს შეუსრულებლად დაუბრუნდა მის მიერ დანიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზა. 2022 წლის 2 მაისს, დაცვის მხარემ განმეორებით მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა, როგორც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 6 ივნისის წერილით ირკვევა, ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა ანაწმენდების გახარჯვის გამო.

5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა პირადი ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი ნეიტრალური მტკიცებულება და ბრალდების მხარემ არ მიიღო სათანადო ზომები ვიდეოკამერების ჩანაწერების მოსაპოვებლად, სასამართლოსათვის გაუგებარია, რატომ არ შეუწყო ხელი ბრალდების მხარემ დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზის ჩატარებას ან რატომ არ წარმოადგენდა ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება თავად ბრალდების მხარის ინტერესს, რათა გაექარწყლებინა დაცვის მხარის არგუმენტები და უფრო დამაჯერებელი გაეხადა საკუთარი პოზიცია. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს ნივთიერი მტკიცებულებებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის კ. ქ–სადმი კუთვნილებას, ვერ შეაფასებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელ ნეიტრალურ მტკიცებულებად.

5.13. მოწმე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: მიუხედავად იმისა, რომ „პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას, თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-102).

5.14. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომელთა ჩვენებებიც ადასტურებს ჩხრეკის შესაბამისობას ჩხრეკის ოქმში ასახულ გარემოებებთან, წარმოადგენენ იმ პირებს, რომლებმაც უშუალოდ აწარმოეს კ. ქ–ს პირადი ჩხრეკა და რომლებიც, დაცვის მხარის პრეტენზიის გათვალისწინებით, დაინტერესებული არიან საქმის შედეგით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელთა ჩვენებები, სხვა ნეიტრალური, სანდო და უტყუარი სამხილის არარსებობის პირობებში, არ წარმოადგენს საკამრის მტკიცებულებას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (მათ შორის - საქართველოსთან მიმართებით), რომელიც ეხება სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებისა და ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სანდოობის საკითხს, სადაც სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულების მოპოვების ფორმა წარმოშობდა ეჭვებს მის სანდოობასა და სიზუსტესთან დაკავშირებით (იხ., მაგალითად, Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, 14/03/2019).

5.16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესით (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ), საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით (არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი), საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას) დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). ამასთან, „გამოძიებისთვის რეალურად ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოუყენებლობა, რაც დაადასტურებდა/გაამყარებდა პირის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქმნის შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-110).

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი კ. ქ–ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და კ. ქ. უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 81-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ კ. ქ–ს (პირადი ნომერი: .........) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ. ვ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განაჩენი;

3. კ. ქ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

4. კ. ქ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

5. კ. ქ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. გამართლებული კ. ქ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

6. გამართლებულ კ. ქ–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

7. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად:

ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

კომპიუტერული (ლაზერული) დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ორ ლულიანი თოფი შალითასთან ერთად - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

კ. ქ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის დამტენი ელემენტი სადენთან ერთად, სათვალე, საფულე და მასში მოთავსებული საბუთები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ოთხი ვაზნა, პისტოლეტი და მჭიდი - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს;

,,EKOL Major“ მოდელის პისტოლეტიდან ექსპერიმენტული გასროლების შედეგად მიღებული ობიექტები - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია - მასროთეკაში განსათავსებლად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე