შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 31.10.2023
საქმის ნომერი
2კ-618აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.10.2023

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100122005874593

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №618აპ-23 31 ოქტომბერი, 2023 წელი

ნ-ი ვ., №618აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიასა და მსჯავრდებულ ვ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ნ-ს (პირადი ნომერი: ….) ბრალად დაედო ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.1.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი, პირობით მსჯავრდებული ვ.ნ-ი 2022 წლის 3 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თ-ში მცხოვრებ ა. კ-ის საცხოვრებელ სახლში შეღწევით, ფარულად დაეუფლა დაზარალებულის - 10 ლარად ღირებულ ,,BOW EISI“-ს ფირმის ტყავის საფულეს; ა. კ-ის ვადაგასულ პირადობის დამადასტურებელ ID ბარათს; 35 ლარს; 20 ლარად ღირებულ - წითელ, მუყაოს ყუთს, მასში მოთავსებული ყელსაბამით; 1 ლარად ღირებულ - ლითონის სამაჯურს; 5 ლარად ღირებულ - სასაჩუქრე ყუთს; 4 ლარად ღირებულ - რბილ სათამაშოს დათვის გამოსახულებით; 30 ლარად ღირებულ - ნაცრისფერ ნაჭრის შარვალს; 15 ლარად ღირებულ - ჯინსის შარვალს; 20 ლარად ღირებულ - შავ შორტს; 15 ლარად ღირებულ - ნაჭრის შორტს; 10 ლარად ღირებულ - შავ მაისურს; 10 ლარად ღირებულ - მოკლემკლავიან მაისურს; 100 ლარად ღირებულ - ,,ზენას“ ფირმის 2 სპორტულ დანამატს; 2 ლარად ღირებულ მაჯის საათს; 15 ლარად ღირებულ - ფეხის ,,სპრეის“; 5 ლარად ღირებულ ,,ნაზოსტერის“ ფირმის ცხვირის ,,სპრეის“; 10 ლარად ღირებულ - ,,ბეპანტინის“ ფირმის დამწვრობის კრემს; 30 ლარად ღირებულ - „A5PLUS“-ს ფირმის აუდიოფლეერს; 10 ლარად ღირებულ - დასაკეც დანას; 5 ლარად ღირებულ -,,ვიქტორინოქსის“ დასაკეც დანას; ლითონის კონსტრუქციის ჩიბუხს; 5 ლარად ღირებულ - ხის კონსტრუქციის ჩიბუხს; მინის მუნდშტუკს; 10 ლარად ღირებულ - პოლიეთილენის პაკეტსა და ყურსასმენების ბალიშებს; 5 ლარად ღირებულ - პლასტმასის ყუთს; 3 ლარად ღირებულ - სიმ ბარათების სამაგრებს; 7 ლარად ღირებულ - შავი ქაღალდის ყუთსა და ადაპტერის თავებს; 1 ლარად ღირებულ - 2 სანთებელას; 0,5 ლარად ღირებულ - ბანქოს; 5 ლარად ღირებულ - წყლისგან ყურების დამცავს; 30 ლარად ღირებულ „AVON“-ის ფირმის მამაკაცის 2 სუნამოს; 0,4 ლარად ღირებულ - 2 მარკერს; 0,4 ლარად ღირებულ - 2 კალამს; 10 ლარად ღირებულ - ქსოვილის ზურგჩანთასა და 5 ლარად ღირებულ - ,,კარფურის“ ფასდაკლების №... ბარათს, რითაც ა. კ-მა განიცადა 434,3 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.2. ვ. ნ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, ვ. ნ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ვ. ნ-ს, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2022 წლის 5 მაისიდან.

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ნ-ს მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული – ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – არ ჩაუდენია, არამედ მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს, როგორც თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამაზ მებონიამ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ვ. ნ-ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, ასევე – მსჯავრდებულ ვ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-ემ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, თამაზ მებონიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ვ.ნ--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ვ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-ემ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რადგან სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. ნ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულ ა. კ-ისა და მოწმე ლ. ს. ას ჩვენებებით დგინდება, რომ ა. კ-ი ცხოვრობს იტალიურ ეზოში არსებულ იზოლირებულ ოთახში, რომლის დალაგების დროს, დაზარალებულის დედამ შენიშნა, რომ ბინა იყო არეული, ხოლო ა. კ-მა დაადასტურა, რომ ბინიდან მოპარული იყო მისი ნივთები; ვ. ნ-ის სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ მსჯავრდებულის ბინიდან ამოღებულია დაზარალებულის ნივთები, მათ შორის, ა. კ-ის პირადობის მოწმობა; ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ ა. კ-მა ამოიცნო მსჯავრდებულის ბინიდან ამოღებული თავისი ნივთები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ა. კ-ის ბინა მდებარეობს იტალიური ეზოს პირველ სართულზე, აქვს ხის შესასვლელი კარი, რომელსაც არ აქვს მინა და ღიობი დაფარულია ქსოვილის ნაჭრით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ვ. ნ-მა დაადასტურა, რომ იგი ნამდვილად იმყოფებოდა თ. არსებული ეზოში, საიდანაც წამოიღო მისი ბინიდან ამოღებული ნივთები, ხოლო შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით დასტურდება, როგორ შედის მსჯავრდებული თ-ის ეზოში და როგორ გამოდის იქიდან ზურგჩანთით, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლომ, რომელმაც დაადგინა, რომ ვ. ნ-მა ნამდვილად მისაკუთრა ა.კ-ის ნივთები, არასწორად მიიჩნია, რომ მსჯავრდებული არ მოქმედებდა მათი ფარულად დაუფლების განზრახვით.

4.2. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი ვ. ნ-ის ბრალეულობის დამადატურებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რადგან მსჯავრდებულმა, რომელიც მუშაობდა გზის მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე, დანგრეული სახლის მიმდებარედ, რომელიც არაფრით ჰგავდა საცხოვრისს, იპოვნა გადაგდებული ჩანთა, რომელიც უპატრონო ეგონა და დაისაკუთრა, რაც გამორიცხავს მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არსებობას. სასამართლოს უნდა გაემიჯნა დანაშაული სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობისგან, რადგან თვითნებობის დროს პირი ქმედებას ჩადის დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, მაშინ, როდესაც, განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია უპატრონო ნივთი (ზურგჩანთა და მასში მოთავსებული საგნები), რომელზე საკუთრების შესაძენად არ არის დადგენილი რაიმე განსაკუთრებული წესი. მსჯავრდებულის სახლიდან ამოღებულია ყოველდღიური გამოყენების საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა ჯამური ღირებულების მიუხედავად, ქმედებას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ვ. ნ--ისათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის – თვითნებობის – სავალდებულო მაკვალიფიცირებელი ნიშანია. ამასთან, არ არის გამოკვეთილი, რომ ვ. ნ-ი აცნობიერებდა, რომ კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ახორციელებდა თავისად დაგულებულ უფლებას, რაც მის ქმედებაში საერთოდ გამორიცხავს განზრახვის არსებობას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განაჩენი უნდა შეიცვალოს და ვ. ნ-ს მსჯავრი უნდა დაედოს ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ქურდობის ჩადენისათვის.

5.2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დავის საგნად არის ქცეული: მოქმედებდა თუ არა ვ. ნ-ი სხვისი ნივთების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების განზრახვით, რასაც, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ედავება მას ბრალდების მხარე, თუ მსჯავრდებულმა დაისაკუთრა გადაგდებული ზურგჩანთა და მასში მოთავსებული ნივთები, რაც გამორიცხავს მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობას - როგორც ამას დაცვის მხარე ამტკიცებს.

5.3. პროკურორი სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს სასამართლოს მიერ შეცვლილი კვალიფიკაციის ნაწილში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ვ. ნ-მა ჩაიდინა არა თვითნებობა, არამედ – ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს ვ. ნ-ის მსჯავრდების კუთხით, რადგან მიიჩნევს, რომ მის ქმედებაში გამოკვეთილია არა სისხლის, არამედ – სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

5.4. საკასაციო სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ დასკვნას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებისასთან დაკავშირებით, ამავდროულად არ იზაიარებს დაცვის მხარის პოზიციას ვ. ნ-ის უდანაშაულობასთან მიმართებით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საპირისპიროს მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ჩადენილი ქურდობისათვის ვ. ნ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.5. სადავოდ არ გამხდარა და საკასაციო სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ თ. არსებულ, ვ. ნ-ის №3- ბინიდან, 2022 წლის 5 მაისს, 21:58-22:39 საათზე, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ზურგჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით.

5.6. 2022 წლის 6 მაისს, 11:20-11:45, 11:50-12:15-სა და 12:20-12:50 საათებზე ჩატარებული ამოცნობების დროს, ა. კ-მა ამოიცნო ვ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რომლებიც, დაზარალებულის განმარტებით, ქ-ში არსებული საცხოვრებელი სახლიდან მოპარეს მას 2022 წლის 3 მაისს.

5.7. იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა დადგინდეს, მსჯავრდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დაზარალებულის ნივთებს ვ. ნ-ი დაეუფლა ფარულად, ქ-ში არსებულ ა. კ-ის საცხოვრებელ სახლში შეღწევით, თუ მან ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნანგრევებთან იპოვნა უპატრონო ზურგჩანთა (მასში მოთავსებული ნივთებით), რომელსაც დაეპატრონა.

5.8. ქვმდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ვ. ნ-ის მიერ ა.კ-ის ბინაში უკანონო შეღწევით, სხვისი ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტი, რამაც განაპირობა მსჯავრდებულის ქმედების თვითნებობით დაკვალიფიცირება და მათი პოზიცია გაამყარეს რამდენიმე არგუმენტით, რომლებსაც დაწვრილებით ქვემოთ მიმოვიხილავთ.

5.9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ვ. ნ-ი ა. კ-ის ნივთებს დაზარალებულის საცხოვრებელი სახლიდან ფარულად არ დაუფლებია, არამედ – შეცდომით ივარაუდა, რომ ა. კ-ის ზურგჩანთა იყო გადაგდებული, რის გამოც, დაეუფლა და მიისაკუთრა იგი, რამეთუ საპირისპირო მტკიცდება დაზარალებულ ა. კ-ისა და მოწმე ლ. ს-ას ჩვენებებით, რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ ნივთები, რომლებიც 2022 წლის 5 მაისს, მსჯავრდებულის სახლიდან ამოიღეს სამართალდამცავებმა, დაზარალებულს არ გადაუყრია, არამედ ისინი 2022 წლის 3 მაისს მოიპარეს სწორედ ა. კ-ის საცხოვრებელი სახლიდან, კერძოდ:

5.10. დაზარალებულის დედის, მოწმე ლ. ს-ას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ცხობრობს ქ-ში არსებულ ,,იტალიურ“ ეზოში, რომლის დამოუკიდებელ ბინაში ცხოვრობს ასევე მისი უფროსი ვაჟი, ა. კ-ი. დედამ 2022 წლის 2 მაისს ა. კ-ის ბინაში მოათავსა უმცროსი ვაჟის ველოსიპედი და კარი ბოქლომით ჩაკეტა. მომდევნო საღამოს, როდესაც უფროსი ვაჟის ბინა გააღო, ნახა, რომ იყო არეული, რაც აცნობა ა. კ-ს, რა დროსაც გაირკვა, რომ იგი სახლში არ ყოფილა და არ აურევია. ა. კ-ი 2022 წლის 5 მაისს დაბრუნდა შინ და აღმოაჩინა, რომ მისი სახლიდან დაკარგული იყო ნივთები, რაც შეატყობინა პოლიციას.

5.11. დაზარალებულ ა. კ-ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ცხოვრობს ქ-ში არსებულ ,,იტალიურ“ ეზოში, ოჯახისგან დამოუკიდებელ ბინაში და მუშაობს სასტუმროს ადმინისტრატორად, რის გამოც, შინ იშვიათად მიდის. 2022 წლის 3 მაისს დაურეკა დედამ, ლ. ს--ამ, და უსაყვედურა, რომ მისი ბინა იყო არეული. 2022 წლის 5 მაისს დაბრუნდა სახლში და აღმოაჩინა, რომ შესასვლელ კარზე, მინის ნაცვლად აკრული ე.წ. ,,ქეჩა“ იყო დაზიანებული, ხოლო სახლიდან ნივთების ნაწილი – მოპარული, რომელთა დეტალური ჩამონათვალი აცნობა პოლიციას.

5.12. ხაზგასასამელია, რომ ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით გამორკვეულა რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა მიეწოდებინათ სამართალდამცავებისათვის დანაშაულის შესახებ ცრუ ინფორმაცია ა. კ-სა და ლ. ს-ას, რასაც მოჰყვა სწორედ ვ. ნ-ის სახლიდან დაზარალებულის ნივთების ამოღება და დანაშაულში მისი მხილება, როდესაც დადგენილია, რომ წარსულში ისინი არ იცნობდნენ ერთმანეთს და შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ შეიძლება ჰქონოდათ, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები ა. კ-ს არ გადაუყრია, არამედ სახლიდან მოპარეს 2022 წლის 3 მაისს.

5.13. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, ს. ქუჩის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერის მიხედვით, 2022 წლის 3 მაისს, 17:09:00 საათზე, კადრში ჩნდება ს. ქუჩაზე მოძრავი მამაკაცი, რომელიც სადავოდ არ გამხდარა, რომ არის ვ.- ნ-ი და 17:09:28 საათზე უჩინარდება კადრიდან, რადგან შედის ეზოში, საიდანაც გამოდის 17:10:09 საათზე, ხელში ზურგჩანთით, რომელსაც იკიდებს ზურგზე და ს------ ქუჩის ბოლოსკენ მიემართება.

5.14. საკასაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარმდგენილი ვიდეოჩანაწერის შეფასებას, რომ თითქოსდა ჩანაწერის ქრონოლოგია მიუთითებს, რომ ვ. ნ-ი დაზარალებულ ა. კ-ის სახლის ეზოში შედის და გამოდის დაახლოებით ერთ წუთში, ანუ იმ დროის განმავლობაში, რაც მას დასჭირდებოდა ეზოში შესასვლელად, ჩანთის ასაღებად და გამოსასვლელად. აღსანიშნავია, რომ თავად მსჯავრდებული ვ. ნ-ი ადასტურებს, რომ 2022 წლის 3 მაისს, თ. არსებულ ,,იტალიურ“ ეზოში იმყოფებოდა ორჯერ: პირველად ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მეორედ კი მაშინ, რაც აღბეჭდილია ვიდეოჩენეწერში. ხსენებული გარემოება კი საფუძველს უკარგავს იმ ვერსიას, რომ დროის მცირე მონაკვეთში იგი ვერ შეძლებდა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

5.15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2022 წლის 5 მაისს, 18:10-19:35 საათზე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი – თ. მდებარე ,,იტალიურ“ ეზოში არსებული ა. კ-ის საცხოვრებელი ბინა – რომელიც განთავსებულია ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან, დაახლოებით, ათ მეტრში, მარცხნივ. ბინას აქვს თეთრი ხის შესასვლელი კარი, რომელსაც ზედა ნახევარში მინის ნაცვლად აკრული აქვს ე.წ. ,,ქეჩა“ და მარცხნივ გრძელდება ხის ორფრთიანი ფანჯრით. ბინა შედგება ერთი ოთახისგან. შესასვლელიდან პირდაპირ დგას ორადგილიანი საწოლი, ხოლო მარცხნივ, ოთახის ბოლოს – ორკარიანი ხის კარადა, რომელზეც დევს: სარკე, ორი პლასტმასის წითელი ყუთი და სხვადასხვა ჰიგიენური ნივთები. კარადის გვერდით დევს ხის სკამი და პატარა ხის ტუმბო, რომელზეც აწყვია ,,დინამიკები“.

5.16. ხაზგასასმელია, რომ დაზარალებულ ა. კ-ის, ისევე, როგორც მოწმე ლ. ს--ას ჩვენებებით, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ა. კ-ის სახლი შემთხვევის დღეს, ბოქლომით იყო დაკეტილი. ორივე მათგანის ვარაუდით, ქურდმა ბინაში შეაღწია კარის შეუმინავი ნაწილიდან, რომელსაც ე.წ. ,,ქეჩა“ ჰქონდა აკრული.

5.17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან – თ. მდებარე ა. კ-ის საცხოვრებელი ბინიდან – ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არ ეკუთვნის მსჯავრდებულ ვ.ნ-ს, აღნიშნული ვერ გამოდგება მისი უდანაშაულობის მტკიცების უპირობო საფუძვლად, რამეთუ, ერთი მხრივ, საქმის მასალების მიხედვით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის – შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა და შესაბამისად, სუნის კვლების ნიმუშების აღება მოხდა მხოლოდ 2022 წლის 5 მაისს, შემთხვევიდან 2 დღეში, მას შემდეგ, რაც დაზარალებული სამსახურიდან შინ დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მისი ნივთები იყო მოპარული. ამასთან, დადგენილია, რომ 2022 წლის 3 მაისს დაზარალებულის დედა შევიდა ა. კ-ის ბინაში, რომელიც დახვდა არეული და დაალაგა. მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე ,,a priori“ არ მიუთითებს პირის უდანაშაულობაზე (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი №262აპ-17).

5.18. ამრიგად, საწინააღმდეგოდ სააპალაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნისა, რომლის მიხედვით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, ვ. ნ-ის მიერ ა. კ-ის ბინიდან ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლების ფაქტს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტები და შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭეს, რამეთუ შეუძლებელია ვ. ნ-ის ქმედება შეფასდეს, როგორც თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან ა. კ-ის ჩვენებით, ცალსახად დადგენილია, რომ ვ. ნ-ის სახლიდან ამოღებული ნივთები დაზარალებულს არ გადაუყრია, არამედ მოპარეს თ. მდებარე ბინიდან 2022 წლის 3 მაისს, ხოლო შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში თვალნათლივ ჩანს, როგორ შევიდა ვ. ნ-ი 2022 წლის 3 მაისს, საღამოს, თ.- არსებულ ეზოში და როგორ გამოვიდა იქიდან ა. კ-ის ზურგჩანთით, რომელიც დაზარალებულის სხვა ნივთებთან ერთად აღმოაჩინეს მოგვიანებით მსჯავრდებულის ბინის ჩხრეკისას, რაც უპირობოდ გამორიცხავს ვ. ნ-ის მიერ თავისად დაგულებული უფლების – ნაპოვნი ნივთების დაუფლების – დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას და ადასტურებს მის ქმედებაში ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის შემადგენლობის არსებობას.

5.19. არაერთგზის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით, ვ. ნ-ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ახალი დანაშაულის ჩადენის დროს – 2022 წლის 3 მაისს – მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა, რისი გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის (ამ კოდექსის 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა და ამ კოდექსის 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე და 2861-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა) მხედველობაში მიღებით, ვ. ნ-მა ჩაიდინა ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ქურდობა.

5.20. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ის ქმედება არ ხასიათდება მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის კიდევ ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშნით, ვინაიდან უტყუარად არ დასტურდება, რომ მისმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის XXV თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება – 150 ლარს ზევით.

5.21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ვ. ნ-ს ედავებოდა, რომ იგი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა. კ-ის – 434 ლარად და 30 თეთრად ღირებულ ნივთებს. დაზარალებულ ა. კ-ის ჩვენების მიხედვით, ვ. ნ-ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მას მიადგა, დაახლოებით, 500 ლარამდე ზიანი. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მსჯავრდებულის სახლიდან ამოღებული დაზარალებულის ნივთების საბაზრო ღირებულება (მათი ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფაქტიურ-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით) შეადგენს – 98 ლარსა და 30 თეთრს. ამასთან, საექსპერტო კვლევის ავტორმა, თ. მ-ა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, დამატებით განმარტა, რომ მხოლოდ იმ ნივთების ღირებულება დაადგინა, რომელთა შეფასებაც ექსპერტიზამ შეძლო, რისი გათვალისწინებითა და დაზარალებულის ჩვენების საპირწონე ობიექტური მტკიცებულების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიიჩნია, რომ სამხილების შეფასების დროს, დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo-პრინციპის საფუძველზე, მსჯავრდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს და, შესაბამისად, ვ. ნ-ს არ შეერაცხოს მსჯავრად – ქურდობის მაკვალიფიცირებელი გარემოება – რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – რამეთუ სარწმუნოდ ვერ დადგინდა, რომ ა. კ-ის ნივთების ჯამური ღირებულება აღემატება კანონმდებლის მიერ მნიშვნელოვანი ზიანისათვის დადგენილ 150-ლარიან ნიშნულს.

5.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. ამასთან, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

6. სასჯელის დასაბუთება

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებთ გათვალისწინებული დანაშაული, რომლისთვისაც მსჯავრი უნდა დაედოს ვ. ნ-ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

6.3. საკასაციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, ინდივიდუალურად შეაფასოს, ერთი მხრივ, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის პიროვნება, რის საფუძველზეც განსაზღვრავს, სასჯელის რა ზომა უზრუნველყოფს მის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

6.4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა ვ. ნ-მა გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვ. ნ-ს, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ვ.ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. ვ. ნ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებში;

5. ვ. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ. ნ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. ვ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2022 წლის 5 მაისიდან;

8. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები და ანაწმენდები, ასევე, ვ. ნ-ის სუნის კვალის და ნერწყვის ნიმუშები – განადგურდეს;

· ვ. ნ-ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: ნივთები (ძველ პაკეტთან ერთად), ზურგჩანთა, სათამაშო დათვი, საფულე და ტანსაცმელი – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

· ზ. ა-ან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1 დისკზე – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე