საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122005622594
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №823აპ-23 ქ. თბილისი
დ–ა ი., 823აპ-23 26 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალიკა დვალაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. დ–სას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი არ არის დასაბუთებული და არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულ რ. მ–ს ჩვენებითა და მის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. დ–სას ბრალეულობა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. დ–მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ი. დ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 14:15 საათზე, ქ. თ–ში ნ–ს მე-.. მ/რ-ის, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. დ–მ სცემა რ. მ–ს, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმაში და შუბლი მიარტყმევინა რკინის მოაჯირზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის განაჩენით ი. დ–სა, - დაბადებული 1... წელს, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
გაუქმდა ი. დ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
ი. დ–სას განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი. დ–სას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. დ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ:
10. დაზარალებულ რ. მ–ს ჩვენებას, რომელმაც სასამართლოში დაადასტურა ი. დ–სას მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რა დროსაც მათთან მივიდა რ–ს მული – ე. ხ–ე და გააშველა ისინი, უპირისპირდება ი. დ–ს ჩვენება, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ფიზიკური ძალადობისა და, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის ფაქტს. დაზარალებულ რ. მ–სის ჩვენებას ასევე ეწინააღმდეგება მოწმის – ე. ხ–ს – ჩვენება, რომელმაც არ დაადასტურა ი. დ–სას მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობისა ან მის მიერ მათი გაშველების ფაქტი. მოწმემ ასევე არ დაადასტურა დაზარალებულ რ. მ–ს ჩვენების ის ნაწილიც, რომ რ. მ–სეს ე. ხ–ს მათთან მისვლის დროს მიღებული ჰქონდა და ეტყობოდა დაზიანებები. ასევე არ დასტურდება დაზარალებულ რ. მ–ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ძალადობის ფაქტის შემსწრე პირის ნაწილშიც, სახელდობრ, დაზარალებულმა სასამართლოს განუცხადა, რომ მასზე ძალადობას შეესწრო მისი მეზობელი – მ. ტ–ი, რის თაობაზეც აცნობა გამომძიებელს. აღნიშნული, თავის მხრივ, მოწმე გ. გ–მ (გამომძიებელმა) კატეგორიულად უარყო და განმარტა, რომ რ. მ–ს ძალადობის სხვა თვითმხილველი პირის, მათ შორის – მეზობლის თაობაზე ინფორმაცია გამოძიებისთვის არ მიუწოდებია.
11. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მოწმეები: ა. ხ–ე და ლ. ხ–ე არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ ი. დ–სა და რ. მ–საგან. დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მართალია, დადგენილია, რომ რ. მ–ს შუბლსა და ხელის მტევანზე აღენიშნებოდა მცირე სისხლნაჟღენთი და შეშუპება, მაგრამ აღნიშნული დასკვნა არაინფორმატიულია დაზიანების მიყენების დროის, ვითარებისა და მიმყენებელი პირის იდენტიფიცირებისათვის.
12. ასევე ნიშანდობლივია დაზარალებულ რ. მ–ს დაინტერესება ი. დ–ს მიმართ, რომლის დისკრედიტირებასაც იგი წარსულში ცდილობდა (დაზარალებულისა და გამართლებულის ჩვენებით დგინდება, რომ რ. მ–მ 2020 წლის ზაფხულში ი. დ–ს და მასთან ერთად მყოფ მამაკაცს გადაუღო მობილური ტელეფონით და მათ თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა მამაკაცის მეუღლეს). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას დაზარალებულ რ. მ–ს ჩვენების არასანდოობისა და არადამაჯერებლობის შესახებ. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და ვერ ადასტურებს ი. დ–ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი