საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100122005686415
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №783აპ-23 ქ. თბილისი
მ-ი მ., 783აპ-23 24 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მ. მ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 იანვარს მოქმედი რედაქცია), შემდეგი მოტივებით: სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან მ. მ–ს მიერ დაზარალებულისათვის დანით მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ცალსახად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მ. მ–ს სურდა ლ ბ–სისათვის მიეყენებინა ტანჯვა და მოეკლა განსაკუთრებული სისასტიკით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. მ–ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში - განსაკუთრებული სისასტიკით.
მ. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ჯ–ში, ლ ბ–ს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ყოფით ნიადაგზე, სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა მეზობელთან, მ. მ–სთან. აღნიშნულზე განაწყენებულმა მ. მ–სმა, შურისძიების მოტივით, განიზრახა ლ ბ–ის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. დასახული მიზნის მისაღწევად, მ. მ–ი შევიდა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ოთახში, სადაც ასევე იმყოფებოდა ლ ბ–ი, ოთახში მდგარი მაგიდიდან მ. მ–მა აიღო დანა, რომლითაც ტანჯვის მიყენების მიზნით, ლ ბ–ს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები კისრის, თხემისა და კეფის მიდამოში. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ლ ბ–სი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მ. მ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით მ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 იანვარს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 25 იანვარს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.
გაუქმდა მ. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
მ. მ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 30 იანვრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 25 იანვარს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მ. მ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2022 წლის 25 იანვარს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდ\ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლზე (2022 წლის 25 იანვარს მოქმედი რედაქცია).
მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 25 იანვარს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.
მ. მ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 30 იანვრიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში არის უკანონო. საკასაციო პალატას საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მ. მ–ს ქმედება და დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დადასტურდა მ. მ–ს მიერ განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის ფაქტი, კერძოდ:
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ განზრახ მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმები, რაც გულისხმობს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება მსხვერპლში უნდა იწვევდეს ძლიერ ტანჯვას, ასევე, დამნაშავემ შეგნებულად უნდა შეარჩიოს მკვლელობის ისეთი ხერხი, რომელიც მსხვერპლს განსაკუთრებულ ტანჯვას მიაყენებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთი მხრივ, არ დასტურდება დაზარალებულსა და მ. მ–ს შორის ისეთი სახის კონფლიქტის არსებობა, რომელსაც მსჯავრდებულში შეეძლო გამოეწვია დაზარალებულისათვის განსაკუთრებული ტკივილის მიყენების სურვილი, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე არ დგინდება ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა. შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა უტყუარად არ ადასტურებს მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის ფაქტს. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები განზრახ მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის ნაწილში, ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი