საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100121004955538
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№841აპ-23 ქ. თბილისი
ტ–ი ა., 841აპ-23 25 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ–მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, არსებითად მნიშვნელოვანი მოწმეების – ნ. ჭ–სა და მ. გ–ს – ჩვენებები, უგულებელყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივები, რომლებიც ზედმიწევნით ასახა თავის გადაწყვეტილებაში, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ტ–ს, დაბადებულს, – 19.. წელს, – ბრალად დაედო თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2020 წლის 21 მარტს, დღის საათებში, ა. ტ–სი, შპს „კ-თან“ დადებული, მხარეთა შორის მომსახურების, ხელშეკრულების შეუსრულებლობის საფუძველზე არსებული 730 ლარის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, თვითნებურად დაეუფლა ქ. ზ–ში, დ–ს ქუჩა №..-ში განთავსებულ „კ-ის“ საკუთრებაში არსებულ ექსკავატორის „კ–სა“ (ე.წ. „ც–სა“) და ა. ჩ–ს საკუთრებაში არსებულ ,,......ს“, რომლებიც 2021 წლის 28 ივნისს თავის ადგილზე დააბრუნა. ა. ტ–ს ქმედების შედეგად, შეილახა როგორც შპს „........-ის“, ასევე – ა. ჩ–ს საკუთრების უფლება, რომლებსაც არ ჰქონდათ თავიანთი ნივთებით სარგებლობისა და მათი განკარგვის შესაძლებლობა.
3. ა. ტ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ა. ტ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
5. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ტ–ს თვითნებობას.
6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, შორენა გვილავამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ტ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენი გაუქმდა; ა. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა ჯარიმა – 1000 – ლარი.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გასაჩივრებული განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სადავოდ გამხარ გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დგინდება ა. ტ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის – თვითნებობის – ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების – ა. ჩ–ს, ი. ხ–სა და დ. ც–ს ჩვენებებიდან, ა. ტ–სა და შპს ,,.....-ს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულებიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას წარდგენილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
11. განსახილველ შემთხვევაში, სარწმუნოდ დადგენილია, რომ ა. ტ–მა ნამდვილად თავისი უფლება – გაწეული მომსახურების ანაზღაურება – დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განახორციელა და შპს ,,კ-ის“ დავალიანების უზრუნველსაყოფად, თვითნებურად დაეუფლა სხვის ნივთებს, რისი გათვალისწინებითაც, მის ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია დანაშაულის – თვითნებობის – შემადგენლობა და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, არის კანონიერი. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ თვითნებობისას პირი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ახორციელებს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებულად მიიჩნევა ისეთი უფლება, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს, ისარგებლოს ან არ ისარგებლოს კონკრეტული უფლებით. თუ პირმა იცის, რომ უფლება, რომელსაც ის ახორციელებს, მას არ ეკუთვნის, თვითნებობის შემადგენლობა გამოირიცხება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის №531აპ-17 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 13), რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, თითქოსდა, მოწმეების – ნატრული ჭ–სა და მ. გ–ს ჩვენებები, რომელთა მტკიცებით, მსჯავრდებულმა მათი თხოვნით წაიღო შემთხვევის ადგილიდან შპს „კ-სა“ და ა. ჩ–ს კუთვნილი ნივთები, უპირობიოდ გამორიცხავს ა. ტ–ს ბრალეულობას.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი