დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ 3კ-667-03 30 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 16 ივლისს ვ. ც.-მ შპს “ს.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998წ. 6 თებერვალს სადგურ სუფსაში მატარებლის შემადგენლობიდან ამოვარდა ვაგონი, რის შედეგადაც დაიღვარა ნავთობი და დაიტბორა მისი საკარმიდამო ნაკვეთი.
2000წ. 14 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 3573 ლარის გადახდა, რაც აღსრულდა კიდეც. ამ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ინფლაციის, ფულის კურსის ცვლილების შედეგად მიყენებული ზიანი, რაც შეადგენს 3234 ლარს.
მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელი იყო სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 2384 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მიყენებული ზიანის გამო თანხების დამატებით ანაზღაურებას მოითხოვდა ლარის ინფლაციის შედეგად უცხოურ ვალიუტასთან კურსის დაცემის გამო. მიყენებული ზიანი, რომელიც მოსარჩელემ განიცადა მისი საკარმიდამო ნაკვეთის შპს “ს.-ის” ბრალით გაჭუჭყიანების შედეგად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ანაზღაურებული იყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. ვინაიდან ლარის მიმართ ზემოთმითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, დაუშვებელი იყო ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებული ყოფილიყო რომელიმე უცხოურ ვალუტასთან შეფარდება, ვინაიდან ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში იზრდება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ კანონით აკრძალული არ არის ფულადი ვალდებულება მხარეებმა დაადგინონ აშშ დოლარით, ან აშშ დოლართან შეფარდებაში, მაგრამ ფულადი ვალდებულბა აშშ დოლარით გადახდაში ან დოლართან მიმართებაში გადახდით რომ გამოიხატოს აუცილებელია ასეთი ვალდებულების თაობაზე მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. როგორც ცნობილი იყო ვ. ც.-ის საკარმიდამო ნაკვეთზე ნავთობის დაღვრით მიყენებული ზარალი მხარეთა მიერ დაფიქსირებული იყო ეროვნულ ვალუტაში, ამიტომ გადახდაც ამის შესაბამისად უნდა მომხდარიყო.
2003წ. 21 აპრილს ვ. ც.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ სქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
ვინაიდან ვალდებულების შესრულებამდე ლარის კურსი შეიცვალა დოლართან მიმართებაში და სხვაობამ ზარალის სახით შეადგინა 3234 ლარი, ეს თანხა გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1998წ. 6 თებერვალს მოძრავ შემადგენლობიდან ამოვარდნილი ვაგონიდან დაღვრილი ნავთობის შედეგად დაიტბორა ვ. ც.-ის საკარმიდამო ნაკვეთი, რის გამოც მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3573 ლარი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ანაზღაურდა.
კასატორის მოთხოვნა დამატებით 3234 ლარის ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება საკუთარ შეხედულებას ლარის კურსის გაუფასურების შესახებ აშშ დოლართან მიმართებაში. ამასვე ემყარება მისი საკასაციო პრეტენზია საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სკ-ს 389-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულადი ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს ამ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
ამავე კოდექსის 383-ე მუხლის შესაბამისად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
ზემოთმითითებული ნორმების მოთხოვნიდან გამომდინარე, ფულის ერთეულის გაზრდა ან შემცირება თავისთავად გულისხმობს ფულის რეფორმას, რაც ფულის სისტემის განმტკიცებისათვის გატარებული სახელმწიფო საკანონმდებლო აქტია, რომლის შედეგად ქვეყანაში ფულის მოქმედი სისტემიდან სხვა სისტემაზე გადასვლა ხდება. ამ დროს მიმოქცევიდან ამოიღება გაუფასურებული ფული და მის ადგილს იკავებს ახალი ფული, იცვლება ფულის ერთეული, ან მისი ოქროს შემცველობა, რის შემდეგ დგინდება ფულადი ერთეულის, ფულის ნიშნის ფორმა და ეროვნული ვალუტის კურსი. ფულის კურსი ნიშნავს ერთი ქვეყნის ფულის ერთეულის ღირებულებას გამოხატულს სხვა ქვეყნის ფულის ერთეულით. ფულის კურსის დადგენა გაიგივებულია მის კოტირებასთან, რაც უცხოური ვალუტის საბირჟო ფასების დადგენას ნიშნავს. ვალუტის შეცვლა კი ნიშნავს ქვეყანაში ფულის ნიშნის შეცვლას. ფულადი ვალდებულების შესრულების დროს მოქმედებს ნომინალური პრონციპი. ე.ი პრინციპი იმის შესახებ, რომ ვალი ნომინალურად იმ თანხაში უნდა დაიფაროს, რომლის შესაბამისადაც იყო დადებული ხელშეკრულება.
ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. დენომინაცია განიცადა საბჭოთა მანეთმა, როცა 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთით; ვალუტის შეცვლას ადგილი ჰქონდა, როცა, რუბლი შეიცვალა კუპონით, კუპონი-ლარით. ჰიპერინფლაცია კი ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომლიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადასახადო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების ზრდა.
ვინაიდან ქართულ ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთმითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულების შესრულების დროს დაუშვებელია სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება.
ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე, ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროს, რადგან აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება.
კანონით აკრძალული არ არის, რომ მხარეებმა ფულადი ვალდებულება დაადგინონ აშშ დოლარით, მაგრამ ფულადი ვალდებულება აშშ დოლარით გადახდაში, რომ გამოიხატოს, აუცილებელია ამ ვალდებულების შესახებ მხარეებს თავისი ნება დაფიქსირებული ჰქონდეთ ხელშეკრულებაში, ანუ ფულადი ვალდებულება განსაზღვრული უნდა იყოს უცხოური ვალუტით.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2000წ. 5 აპრილის ¹3კ/428 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება ლარის მიმართ დაუშვებელია, ხოლო 383-ე მუხლის შესაბამისად, გადახდა უნდა მოხდეს ნომინალური პრინციპით ეროვნული ვალუტით ან უცხოური ვალუტით, თუ კი ვალდებულება უცხოური ვალუტითაა განსაზღვრული ან ვალდებულება განსაზღვრული უცხოურ ვალუტასთან შესაბამისი ეროვნული ვალუტით.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებული ყოფილიყო მისი რომელიმე უცხოურ ვალუტასთან შეფარდება, რადგან ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს – ზოგი ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებაში მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში იზრდება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სავსებით სწორად მიუთითა, რომ ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ფულადი ვალდებულება გამოხატული იყო მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ანაზღაურებაც ლარით უნდა მომხდარიყო იმ ოდენობით, რა ოდენობითაც განისაზღვრა მიყენებული ზიანი. მიყენებული ზიანი კი მთლიანად ანაზღაურებული იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ც.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება. ვ. ც.-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 95 ლარი, რომელიც უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე, კოდი ¹59.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.