დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№45I-23 თბილისი
მ-ი მ., 45I-23 13 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. მ-ის (---) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის განხილვის კოლეგიის 2023 წლის 11 განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2017 წლის 22 თებერვალს თ-ის რესპუბლიკის ქ. ა-ის მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა მე-4 სასამართლოს განაჩენით, მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) და იმავე კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „c“, „f“ და „g“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2. 2019 წლის 20 ნოემბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
3. 2023 წლის 9 აგვისტოდან მ. მ-ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
4. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 11 ოქტომბერს ერდალ ა-მა, ბიზნესთან დაკავშირებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით, მიმართა ე. მ-ს. ე. მ-მა კონფლიქტის მოსაგვარებლად ადგილზე გააგზავნა ორგანიზებული ჯგუფის წევრები: თავისი შვილი, მ. მ-ი, და ორგანიზებული ჯგუფის სხვა სამი წევრი. ადგილზე მისვლის შემდეგ აღნიშნული პირები ჩაერთვნენ ე. ა-სა და დაზარალებულს შორის არსებულ კონფლიქტში და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაზარალებულს მიაყენეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ამის შემდეგ, 2010 წლის 8 იანვრიდან 2010 წლის 18 ივნისამდე პერიოდში, ე. მ-ის მოთხოვნით, ე. ა-მა, ჯამურად, 1800 თურქული ლირის ფულადი თანხა გადასცა ორგანიზებული ჯგუფის წევრს. 2010 წლის 18 ივნისის შემდეგ ე. ა-ი მოთხოვნილ ფულად თანხას აღარ გადასცემდა ორგანიზებულ ჯგუფს. მას დაუკავშირდა ე. მ-ი და მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. ამის შემდეგ ფულადი თანხა დამატებით მოსთხოვა მ. მ-მაც. შედეგად, ე. ა-ი ფულად თანხას ორგანიზებული ჯგუფის წევრს გადასცემდა გარკვეული პერიოდულობით.
5. მოცემული შუამდგომლობის მე-17-მე-18 პუნქტებში აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებითაც პირი მსჯავრდებულია. ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.
6. 2023 წლის 5 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. მ-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
7. 2023 წლის 28 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. მ-ი.
8. 2023 წლის 30 აგვისტოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
9. ამჟამად მ. მ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
10. 2023 წლის 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა მ. მ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) და იმავე კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „c“, „f“ და „g“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. ა-იის მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა მე-4 სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად ცნო მ. მ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) და იმავე კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „c“, „f“ და „g“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. ა-იის მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა მე-4 სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით.
12. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. მ-ის – ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჟ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, ასევე, საქართველოს პროკურატურისათვის მიმართვას თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით იმ მოტივით, რომ მ. მ-ი ეთნიკურად ქართველია; მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება და არის წარმატებული ბიზნესმენი; თურქეთის რესპუბლიკაში მის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენების გამო ჩამოვიდა ისტორიულ სამშობლოში, ბათუმში შეიძინა 4 საცხოვრებელი ბინა და არის რესტორან „რ-ს“ მფლობელი; თ-ის რესპუბლიკის ქ. ა-ის საოჯახო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. მ-ს გადაეცა ორი მცირეწლოვანი შვილის ერთპიროვნული მეურვეობა, მისი შვილები კი იმყოფებიან ქ. ბათუმში, მ. მ-ის დედის მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა, მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვები მოკლებული არიან შესაბამის მზრუნველობას; სავარაუდო დანაშაულები მომხდარია 2009-2010 წლებში; მ. მ-ი თურქეთში ცხოვრობდა 2019 წლამდე; მისი ერთადერთი დანაშაული მამის – ე. მ-ის (რომელიც ნამდვილად კრიმინალია) – დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობაა; რადგან ვერ ხერხდება ე. მ-ის დაკავება და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულება, თურქულმა მხარემ მოინდომა მამის ნაცვლად შვილის დასჯა. დანაშაულებრივი ქმედებების აღწერისას მ. მ-ი ნახსენებია მხოლოდ ორჯერ და არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რით გამოიხატა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. იგი თურქეთის მხარეს სჭირდება მძევლად, რათა აიძულონ მამამისი, ჩაბარდეს სამართალდამცავ ორგანოებს. აშკარაა, რომ მ. მ-ის ქმედებაში არ არსებობს არანაირი დანაშაულის შემადგენლობა და არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც გამორიცხავს თურქეთის რესპუბლიკაში მისი ექსტრადიციის დასაშვებობას.
13. პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მ. მ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. მ. მ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2023 წლის 28 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ მ. მ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. მ-ი დაექვემდებარება წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს: ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მ. მ-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია საპატიმრო დაწესებულებაში მის მიმართ უკანონო ქმედების, ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ადვოკატის მოსაზრება ექსტრადიციასდაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის არსებობის შესახებ.
6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005, „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v. Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
8. გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
9. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ მ. მ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში მ. მ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ანდა მან კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ან ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებების (მათ შორის – მუქარის) თაობაზე მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ არაობიექტური რეაგირება მოახდინეს. ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ. მ-ის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მ. მ-ი ესწრებოდა საქმის არსებით განხილვას და სასამართლოს ჩვენება მისცა თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. მ. ო-ის – მონაწილეობით გამართულ სასამართლო სხდომაზე.
10. საქმეშია თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ მ. მ-ის ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისათვის, ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიგა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი მ. მ-ის უფლებები სრულად იქნება დაცული.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის – წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v. Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები საჯარო და ხელმისაწვდომია; გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ; გარანტიები საკმარისად კონკრეტულია და არა – ზოგადი და ბუნდოვანი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. მ-ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი და საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
12. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არ მოუწვდია საქართველოს პროკურატურისათვის რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამაც კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, მ. მ-ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.
13. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, მ. მ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. მ-ი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად. შესაბამისად, არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
15. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება მ. მ-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მ. მ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
16. გარდა ამისა, შუამდგომლობაში აღწერილი მ. მ-ის ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, მ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წელზე მეტი ვადით.
17. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მ. მ-ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
18. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად, შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში იქცეს.
19. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარის მტკიცებით, საქართველოში ცხოვრობენ მ. მ-ის შვილები, რომლებიც არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოში ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხე, ვინაიდან აღნიშნული პირები დაუბრკოლებლად და შეუზღუდავად შეძლებენ მომთხოვნ სახელმწიფოში მის მონახულებას (იხ. სუსგ: №391-20, №521-20). აღსანიშნავია ისიც, რომ მ. მ-ის არასრულწლოვან შვილებზე მზრუნველობას ახორციელებენ ახლო ნათესავები; ასევე, მათ ჰყავთ ბიოლოგიური დედა, რომელსაც შეუძლია მ. მ-ის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში საერთო შვილების მოვლა და მათზე ზედამხედველობა. ასეთ ვითარებაში, მ. მ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
20. კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მ. მ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვეობის საკითხის განხილვისას სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ. სუსგ: №402I-21, №453I-21, №141-22, №221-22). სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ექსტრადიციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს) არ ადგენს ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოსთვის პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი იმ შემთხვევაში ადგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას, თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, დამატებით შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც აქვს ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს და რომელიც აუცილებელია ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. დამატებითი ინფორმაცია არ გამოთხოვება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ექვემდებარება შეფასებას საექსტრადიციო პროცედურის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორმა უცხო სახელმწიფომ სრულად მოაწოდა საქართველოს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია.
21. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. მ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) და იმავე კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „c“, „f“ და „g“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. ა-იის მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა მე-4 სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. მ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე