საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.12.2023
საქმის ნომერი
2კ-894აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.12.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100122005898722

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №894აპ-23 ქ. თბილისი

ჩ-ე ნ., 894აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის, ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. ჩ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი არგუმენტებით: პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის – დაზარალებულ ე. გ–სა და მოწმე ნ. ჯ–ს ჩვენებებით, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ. ჩ–ს ბრალეულობა; რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს, ისინი მომხდარი შემთხვევის თავიდან ბოლომდე შემსწრეები არ არიან, ამიტომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ უნდა იქნეს გაზიარებული.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ჩ–ს ბრალად ედება ძალადობა, ესე იგი, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ნ. ჩ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 22:15 საათზე, ქ. რ–ში, კ–ს ქ. N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ, ნ. ჩ–სემ, მასთან თავის მეგობარ მამაკაცზე სასაუბროდ მისულ ე. გ–ს მოქაჩა თმა, მარჯვენა თვალთან ჩამოუსვა ფრჩხილები, ასევე მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მუცელში, რის შედეგადაც, ე. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენით ნ. ჩ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა ნ. ჩ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ჩ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. მ–მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. ჩ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ჩ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. მ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენი გაუქმდა.

ნ. ჩ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ნ. ჩ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

ნ. ჩ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ – გაუქმებულია.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა და გამოიტანა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ჩ–ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. გარდა მტკიცებულებათა არასაკმარისობისა, დაზარალებულ ე. გ–ს ჩვენება შინაარსობრივად ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ასევე – საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარწმუნო, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული და მათ შორის არსებობს წინააღმდეგობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს ეჭვს, რომ ნ. ჩ–სეს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება, ეს ეჭვი კი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის, ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი