საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-893აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100122006091696

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№893აპ-23 ქ. თბილისი

ჩ–ი გ., 893აპ-23 22 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გოგალაძისა და მსჯავრდებულ გ. ჩ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატების – გ. ც–ს, ტ. მ–სა და კ. ც–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გიორგი გოგალაძემ, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ გ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – გ. ც–მ, ტ. მ–მა და კ. ც–მ.

2. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და გ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული, მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა და, ამავდროულად, გამოყენებული სასჯელის ზომა არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმდდების ხასიათსა და მის პიროვნებას; კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ. ჩ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობას, რამეთუ ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ აგრესიულ მსჯავრდებულს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა არ მისცეს შესაძლებლობა, გაეგრძელებინა დანაშაულებრივი ქმედება და აღესრულებინა ლ. ე–სის მოკვლის განზრახვა; არადამაჯერებელია დაზარალებულის განმარტება, თითქოსდა, გ. ჩ–ს მისი მოკვლის მოტივი და მიზანი არ ჰქონია, რადგან საპირისპირო მტკიცდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, რომლებიც ადასტურებს, რომ დაზარალებული, რომელსაც ზედმიწევნით კარგად ახსოვდა მომხდარი, იმთავითვე ცდილობდა გამოძიების შეცდომაში შეყვანას, რის გამოც მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა; სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ ლ. ე–ს სწორედ გ. ჩ–მა მიაყენა დაზიანება, თუმცა მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად არასწორად შეფასდა, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და არა – განზრახ მკვლელობის მცდელობა; ამასთან, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას სრულად არ გაითვალისწინა გ. ჩ–ს ქმედების ხასიათი და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, არამედ შესაძლოა, პირიქით – წაახალისოს დამნაშავე ახალი დანაშაულის ჩასადენად.

3. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გ. ჩ–ს ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურებულა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმე განიხილეს მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით. კერძოდ, დაზარალებულმა და შემთხვევის თვითმხილველმა მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ არ დაუნახავთ, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება ლ. ე–მა; არ არსებობს დანაშაულის იარაღი; საექსპერტო კვლევებით არ არის დადგენილი გ. ჩ–ს დანაშაულში მონაწილეობის აშკარა კვალი, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველ ვიდეოჩანაწერებში არ არის ასახული დაზარალებულის დაჭრის მომენტი, რისი გათვალისწინებითაც, დაზარალებულის დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. კასატეორების მითითებით, გ. ჩ–ს მსჯავრდებას საფუძვლად დაედო ფარული აუდიო ჩანაწერები, რომლებიც მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, რადგან ბრალდების მხარემ, რომელსაც სასამართლოს ნებართვით მხოლოდ ლ. ე–ს პალატის ფარული აუდიო ჩაწერის უფლება ჰქონდა, ჩაატარა დაზარალებულის სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა/ჩაწერაც, რაც ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის უპირობო საფუძველია.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ჩ–ს, – დაბადებულს 19.. წლის ..–ს, – ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. 2022 წლის 1 ივლისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ–ში, ს–ს გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჩ–მა ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, ბასრი საგნის გამოყენებით ლ. ე–ს გულმკერდის მარცხენა, წინა კედელზე, აქსიალურსა და მამილარულ ხაზებს შორის, მეოთხე-მეხუთე ნეკნების საპროექციოდ მიაყენა განივი, სწორკიდეებიანი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა. გ. ჩ–მა განზრახვის აღსრულება ვერ მოახერხა მისთვის გაწეული წინააღმდეგობისა და ლ. ე–სისათვის აღმოჩენილი დროული სამედიცინო დახმარების გამო.

5. გ. ჩ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის განაჩენით გ. ჩ–სათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ჩ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

7.1. 2022 წლის 1 ივლისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ–ში, ს–ს გამზირის №.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჩ–მა ურთიერთშელაპარაკებისას, მჭრელი საგნის გამოყენებით, ლ. ე–ს გულმკერდის მარცხენა წინა კედელზე, აქსიალურსა და მამილარულ ხაზებს შორის, მეოთხე-მეხუთე ნეკნების საპროექციოდ, მიაყენა განივი, სწორკიდეებიანი, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გიორგი გოგალაძემ, რომელიც ითხოვდა გ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მისთვის წარდგენილი ბრალდების ჩადენისათვის და მსჯავრდებულ გ. ჩ–ის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა – გ. ც–მ, ტ. მ–მა და კ. ც–მ, რომლებიც ითხოვდნენ გ. ჩ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა გ. ჩ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ქმედება მართებულად შეფასდა, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რისი გათვალისწინებითაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც გ. ჩ–ი კანონიერად არის მსჯავრდებული.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მხარეებს შორის დავის საგნად არ ქცეულა, რომ 2022 წლის 1 ივლისს ლ. ე–ს გულმკერდის არეში აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. ბრალდების მხარის მტკიცებით, ხსენებული დაზიანება ლ. ე–ს სწორედ გ. ჩ–მა მიაყენა ბასრი საგნის გამოყენებით, მისი განზრახ მოკვლის მიზნით, ხოლო დაცვის მხარის მითითებით, მტკიცებულებების შეფასების დროს ლ. ე–ს ჭრილობის წარმომავლობასთან მიმართებით გაჩენილი ეჭვები, როლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ და გ. ჩ–ი უნდა გამართლდეს.

14. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, გ. ჩ–ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი ბრალეულობა სარწმუნოდ არის დადგენილი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულ ლ. ე–ს, მოწმეების – ა. უ–ს, ზ. გ–ს, დ. კ–ს, გ. ვ–ს, ა. ჩ–ს, ს. ს–ს, დ. ხ–ს, ლ. მ–ს, გ. თ–ს, ა. ვ–ს, ს. გ–ს, მ. ც–სა და ზ. მ–ს ჩვენებებით, ამოღების, გამოთხოვის, დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანადა.

15. პირველ რიგში ყურადსაღებია, რომ კასატორების არგუმენტებს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების დაუშვებლობასთან მიმართებით, რაზეც ისინი სააპელაციო სასამართლოშიც აპელირებდნენ, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერების დაუშვებლობასთან მიმართებით, არ აქვს კანონიერი გამართლება. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ თავისუფალ გარემოში ფორმირებულ ამ ტიპის სამხილებს, რომლებსაც სასამართლო ქვემოთ მიმოიხილავს, როდესაც ჩანაწერების ფიგურანტები მოქმედებენ თავისუფალი ნებით, ყოველგვარი ზემოქმედებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის რისკების გარეშე, სანდოობის კუთხით შეფასებისას, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვთ.

16. შემთხვევის შემსწრე მოწმეების: ა. უ–ს, ზ. გ–ს, დ. კ–სა და გ. ვ–ს ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, რესტორან ,,ქ–ს“ მიმდებარედ, მხოლოდ გ. ჩ–ი და ლ. ე–ი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მათ შორის – ფიზიკურადაც, ხოლო სუფრის სხვა წევრები აშველებდნენ მათ. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტის შემსწრე არცერთ პირს, ჩხუბის დროს, გ. ჩ–ს ხელში დანა ან სხვა რაიმე მჭრელი საგანი არ დაუნახავს, ყველა მათგანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ სწორედ მსჯავრდებულთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ იგრძნო დაზარალებულმა წვა გულმკერდის არეში, რის შემდეგაც, დ. კ–ს მითითებით, ლ. ე–ს მაისურის აწევისას გამოუჩნდა სისხლმდენი ჭრილობა. ამავდროულად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და ხსენებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებებით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგანი, რომელზე დაცემის შედეგადაც, დაზარალებულს შეეძლო, მიეღო იმგვარი დაზიანება, რომელიც მას შემთხვევის შედეგად აღენიშნებოდა, არ აღმოჩენილა. ლ. ე–ს მიერ დაზიანების შემთხვევით, დაცემის შედეგად მიღებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მტკიცების საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა: მიუხედავად დაზარალებულის ჩვენებისა, თითქოსდა, არ ახსოვდა, რა ვითარებაში მიაყენეს ჭრილობა, ფარული საგამოძიებო მოქმედების – ლ. ე–ს პალატის ფარული აუდიოჩაწერის – შედეგად მოპოვებული ჩანაწერები ცხადყოფს, რომ დაზარალებულისათვის იმთავითვე ცნობილი იყო მისი დაზიანების დეტალები, მათ შორის – დამნაშავის ვინაობა და დანაშაულის იარაღად გამოყენებული საგანი, რამეთუ საუბრების დროს არაერთხელ ახსენებს, რომ: ,, – უცხო არ ყოფილა, უბრალოდ სიმთვრალეში ვერ შეიკავა თავი“, მისი სიტყვებით: ,, – უბრალოდ გაჭედა“ [...] ,, – რიკაშეტია“. თავიდანვე ეტყობოდა, მაგრამ სუფრიდან ხომ არ წამოვიდოდა? “, რომ: ,, – უკვე დაიჭირეს“ და ,, – ყველა იძახის, რომ ნანობს“. ამასთან, არაერთხელ ადასტურებს, რომ: ,, – დანა გაუყარეს“, ამბობს: ,, – ჩარტყმისას მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც შევიდა“, ,,იგრძნო, რომ განწირული იყო, გულში ჰქონდა დანა“. კარგად ახსოვს, რომ ჩხუბი მის მოწოდებას მოჰყვა: ,, – დაესრულებინათ მთვრალი ლაპარაკი და მეორე დღეს ესაუბრათ ძმაკაცურად“, რის გამოც, მისი თქმით, ,, – პირდაპირ თხლიშა, შემოარტყა. ისიც ადგა და წიხლი დაარტყა. ჩხუბი მოუვიდათ“, ,, ერთი გაკრა თუ არა, ეგრევე შეუცურა გამზადებული დანა“. ,, – უცხო რომ ყოფილიყო, ისეთი ენერგია მიეცა, სანამ სასწრაფო წაიყვანდა, შეეძლო ყელი გამოეჭრა ადგილზევე“. ,, – რამდენიმე წუთი ფიქრობდა, შუაზე გაეჭრა თუ არა და მერე იგრძნო, რომ თვალთ უბნელდებოდა“. აღსანიშნავია, რომ ფონოსკოპიური ექსპერტიზის კვლევით დადგენილია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში დაზარალებული ლ. ე–ი საუბრობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელმაც არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება, თითქოსდა, არ ახსოვდა, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, რადგან მისი მტკიცება ეწინააღმდეგებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებს, რომლის შინაარსით ასევე დგინდება, რომ ლ. ე–ი გამოძიების შეცდომაში შეყვანით, იმთავითვე ცდილობდა, პასუხისმგებლობა აერიდებინა დამნაშავისათვის.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ეჭვგარეშე დადგენილად, რომ 2022 წლის 1 ივლისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ–ში, ს–ს გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ე–ს მჭრელი საგნის ზემოქმედებით, გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა სწორედ გ. ჩ–მა მიაყენა, რომლის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერი და დასაბუთებულია.

18. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილი უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ – ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8-9).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მსჯავრდებულის განზრახვის დასადგენად, სააპელაციო სასამართლომ, გარდა დაზარალებულისათვის გულმკერდის არეში მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციისა და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული მჭრელი იარაღისა, მართებულად მიაქცია ყურადღება შემდეგ ფაქტებს: დაზარალებულს შემთხვევის შედეგად მიყენებული აქვს ერთი ჭრილობა; შემთხვევამდე დამნაშავესა და მსხვერპლს შორის რაიმე კონფლიქტის არსებობა, რომელიც ლ. ე–ს მოკვლის სურვილზე მიანიშნებდა, საქმის მასალებით არ გამორკვეულა; ამასთან, საყურადღებოა, რომ შემთხვევის დროს, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის გამშველებელ არცერთ პირს არ დაუნახავს, რომ გ. ჩ–ი მჭრელი საგნით იყო შეიარაღებული და არც დაზიანების მიყენების მომენტი შეუმჩნევიათ, რისი გათვალისწინებითაც, არც რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა მიუმართავთ მსჯავრდებულის შეიარაღებული თავდასხმის შესაჩერებლად, შესაბამისად, გ. ჩ–ს არსებითად არც არავინ უშლიდა ხელს, რომ ლ. ე–სათვის ერთზე მეტი დაზიანება მიეყენებინა, რაც, ერთობლივად შეფასებისას, საეჭვოს ხდის ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ გ. ჩ–მა მკვლელობის განზრახვის აღსრულება მისთვის გაწეული წინააღმდეგობის შედეგად ვერ მოახერხა.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, მათ შორის – ბრალადშერაცხილი დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური ნიშნების გონივრულ ეჭვს მიღმა დამტკიცება, სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გ. ჩ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ. ჩ–მა მჭრელი საგნის გამოყენებით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა ლ. ე–ს, ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ იგი დაზარალებულის მოკვლის განზრახვით მოქმედებდა.

21. მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43), რისი გათვალისინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჩ–სათვის შეფარდებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.

22. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გოგალაძისა და მსჯავრდებულ გ. ჩ–სის ინტერესების დამცველი, ადვოკატების – გ. ც–ს, ტ. მ–სა და კ. ც–ს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი