საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100122006593581
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1239აპ-23 ქ. თბილისი
ბ–ა თ., 1239აპ-23 12 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე და დამდგარი შედეგი. სასამართლომ მსჯავრდებულებს ასევე უსაფუძვლოდ შეუნარჩუნა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
2. მსჯავრდებულების – მ. ჩ–სა და თ. ბ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ფ–სა საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენით:
3.1. მ. ჩ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდა მ. ჩ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ მაია ჩხაიძის უძრავ ქონებას უნდა მოეხსნას ყადაღა.
3.2. თ. ბ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდა თ. ბ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ გიზო როყუას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას უნდა მოეხსნას ყადაღა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულების – მ. ჩ–სა და თ. ბ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი და მათი დახმარება დაევალა შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ბ–სამ და მ. ჩ–მ ჩაიდინეს უსაფრთხოების წესის დარღვევა სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მდებარე შპს „...-ის“ კუთვნილი ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საამქროს დირექტორი მ. ჩ–ე, შპს „....-ში“ შეთანხმების საფუძველზე დასაქმებულ, „CATERPILLAR-ის“ მარკის, ........ სახელმწიფო ნომრის მქონე ექსკავატორის ოპერატორ თ. ბ–სას და „KAMAZ-ის“ მოდელის სატვირთო ავტომობილის მძღოლ დ. ბ–ს, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არ უტარებდა პირველად, მეორად და არაგეგმურ ინსტრუქტაჟებს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით; არ ახდენდა შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას; მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №... დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი არ ჰყავდა პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც უზრუნველყოფდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვას; ამასთან, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ. ჩ–მ, როგორც დამსაქმებელმა, არ იზრუნა იმაზე, რომ მასთან დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მისდგომოდა, რითაც დაარღვია შრომის უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. კერძოდ, 2022 წლის 30 იანვარს, დილის საათებში, ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მდებარე შპს „....-ის“ კუთვნილი ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით ინსტრუქტაჟის ჩატარების გარეშე, მ. ჩ–მ ნება დართო „CATERPILLAR-ის“ მარკის ექსკავატორის ოპერატორ თ. ბ–სას და „KAMAZ-ის“ მოდელის სატვირთო ავტომობილის მძღოლ დ. ბ–ს, შპს „....-ის“ კუთვნილი ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საამქროს ტერიტორიიდან გაეტანათ შლამი. დაახლოებით 12:20 საათზე, დ. ბ–ე დაბრუნდა ავტომობილით უკან, რა დროსაც თ. ბ–მ შეამჩნია, რომ „KAMAZ-ის“ მოდელის სატვირთო ავტომობილის ძარაზე, უკანა ჩამკეტში შლამი იყო ჩარჩენილი და ჩამკეტი მექანიზმი არ იკეტებოდა. მისი გაწმენდის მიზნით, თ. ბ–მ შპს „....-ის“ კუთვნილი ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი „CATERPILLAR-ის“ მარკის ექსკავატორის წინ, დ. ბ–ს გააჩერებინა „KAMAZ-ის“ მოდელის სატვირთო ავტომობილი და ექსკავატორის ჩამჩით ასწია და დაიჭირა ავტომობილის ძარის უკანა ჩამკეტი, რის შემდეგაც დაარღვია შრომის უსაფრთხოების წესები და არ დაუშვა გრუნტზე ექსკავატორის ციცხვი, ამასთან, გამწმენდი სამუშაოების დაწყების უფლება მისცა ექსკავატორიდან ორ-სამ მეტრში მყოფი სატვირთო ავტომობილის მძღოლს, დ. ბ–ს, რომელსაც ჩართული ჰქონდა ავტომობილის ძარის ასაწევი მექანიზმი. ამ დროს ჩამკეტი მექანიზმი გათავისუფლდა ექსკავატორის ციცხვისგან, ჩამოვარდა და თავში მოხვდა ტრაქტორსა და სატვირთო ავტომობილს შორის მყოფ დ. ბ–ს. თავის არეში მიღებული დაზიანების შედეგად, დ. ბ–ე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელების ზომას. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების – მ. ჩ–სა და თ. ბ–სათვის სასჯელის შეფარდებისას სრულად შეაფასა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, მათ შორის – მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ხასიათი, მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულებს შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად). ამდენად, მსჯავრდებულების – მ. ჩ–სა და თ. ბ–სათვის განსაზღვრული სასჯელები არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულთათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი