საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N190100119003266356
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1135აპ-23 ქ. თბილისი
კ–ე მ., 1135აპ-23 26 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის – ლევან ლაზარეშვილისა და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ–სა და თ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილემ – ლევან ლაზარეშვილმა და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ტ. კ–მ და თ. მ–მ.
2. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელია, მოხელეს ჰქონდეს შესაბამისი კანონით ან კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრული მოვალეობა, რომლის არაჯეროვნად შესრულებასაც ბრალდების მხარე ედავება. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. კ–ს ვალდებულება განსაზღვრული იყო იუსტიციის მინისტრის №... ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის 64-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით, თუმცა აღნიშნული ინსტრუქცია 2010 წლიდან მთლიანად ძალადაკარგულია, ხოლო ის მუხლი, რომელსაც ბრალმდებელი უთითებს არც საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაში არსებობს. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო, თავისი ინიციატივით, მიუსადაგებს მსჯავრდებულს შესაბამის მოვალეობას, მოიპოვებს ქმედების ობიექტური შემადგენლობის დამადასტურებელ მტკიცებულებას და შეითავსებს ბრალდების ფუნქციას, რითაც დაარღვევს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს. მოწმე ე. გ–ს დაკითხვით ბუნდოვანია დოკუმენტის ავთენტიკურობა, ხოლო ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია დოკუმენტის შემქმნელი პირები – ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები – რომლებსაც შეეძლოთ, პასუხი გაეცათ დაცვის მხარის უმნიშვნელოვანესი კითხვებისათვის. თავის მხრივ, მოწმე ე. გ–ს ჩვენებაში გამოკვეთილია აშკარა წინააღმდეგობები და, ამავდროულად, მისი მონათხრობი ემყარება სხვა პირთა ინფორმაციას, შესაბამისად, არაფრით განსხვავდება ირიბი ჩვენებისაგან, რომელიც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განაჩენს. მაგთიკომიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ მ. კ–ე სადავო განცხადების რეგისტრაციის დროს არ იმყოფებოდა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ტერიტორიაზე, რისი გათვალისწინებითაც, ბრალდების მხარეს არ დაუმტკიცებია, რომ შემთხვევის დროს მ. კ–ე იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას.
3. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და მ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა აშკარად არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას. მ. კ–ის მიმართ ჯარიმის მინიმალური ოდენობის შეფარდება უსამართლოა, რამეთუ სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულისათვის მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რომელიც არ არის ანაზღაურებული, ხოლო მსჯავრდებული არათუ მიისწრაფვის, სურვილიც კი არ გამოუთქვამს, მორიგებოდა დაზარალებულს, რაც ნათლად მიუთითებს ჩადენილი დანაშაულის შედეგისადმი მის გულგრილ დამოკიდებულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მ. კ–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლომ განუსაზღვრა მინიმალური სასჯელი, მაშინ როდესაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ასევე – შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, რისი გათვალისწინებითაც, დაკისრებული ჯარიმა არის აშკარად ლმობიერი სასჯელი და შეუძლებელია მისი გამოყენებით სასჯელის, როგორც ზოგადი, ისე – კერძო პრევენციული მიზნების მიღწევა.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. კ–ს, – დაბადებულს .....ს, – ბრალად დაედო სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2017 წლის 13 აპრილიდან, მ. კ–ე მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე და მის ერთ-ერთ უფლება-მოვალეობას წარმოადგენდა უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №... ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ 64-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ უძრავი ნივთი განიკარგა არაუფლებამოსილი პირის გარიგების საფუძველზე.
მოქალაქე ი. ს–ს საკუთრებაში ჰქონდა ქ. თ–ში, სოფელ წ–ი მდებარე, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ..........). მან მითითებული მიწის ნაკვეთიდან – 500 კვ.მ (ს/კ ..........) აჩუქა თავის შვილს – თ. ს–ს (პ/ნ ..........1), ხოლო – 500 კვ.მ (ს/კ .........) დარჩა მის საკუთრებაში.
2018 წლის 30 აგვისტოს, ი. ს–ე, თავისი შვილის – თ. ს–ს მინდობილობით გამოცხადდა ქ. რ–ს საჯარო რეესტრში, სადაც გ. ჯ–სთან გააფორმა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და 25000 აშშ დოლარად უკანონოდ მიჰყიდა ქ. თ–ში, სოფელ წ–ში მდებარე – 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ .......), რომელიც ეკუთვნოდა არა მის შვილს, არამედ სხვა თ. ს–ს (პ/ნ ..............).
მ. კ–სემ არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ გადაამოწმა საჯარო რეესტრში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, არ შეადარა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული გამყიდველი პირის – თ. ს–ს (პ/ნ ..........) და გასაყიდი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის – თ. ს–ს (პ/ნ...........) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიიღო რეგისტრაციის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება და თ. ს–ს (პ/ნ............) კუთვნილი – 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ............) 2018 წლის 5 სექტემბერს, უკანონოდ დაარეგისტრირა გ. ჯ–ს სახელზე, რითაც თ. ს–ეეს (პ/ნ ..........) მიადგა – 79831 ლარის (31000 აშშ დოლარი) ქონებრივი ზიანი.
მ. კ–ს მიერ ჩადენილმა სამსახურებრივმა გულგრილობამ თ. ს–ს (პ/ნ .............) უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
5. მ. კ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განაჩენით მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა – 2000 ლარი.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი ლობჯანიძემ, რომელიც ითხოვდა სასჯელის გამკაცრებას და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ტ. კ–მ და თამარ ჯოხაძემ, რომლებიც ითხოვდნენ მ. კ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა მ. კ–ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცების შესაძლებლობას არ იძლევა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასება, ხოლო, მეორე მხრივ, მ. კ–სათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს მის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, კერძოდ:
12. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს: სადავო არ არის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ. ჯ–ს უკანონოდ დაურეგისტრირა საკუთრებად თ. ს–ს (პ/ნ .............) კუთვნილი უძრავი ქონება, იმ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ქონება განკარგული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. მხარეებს შორის დავის საგნად არის ქცეული: მ. კ–ს სამსახურებრივმა გულგრილობამ გამოიწვია თუ არა ქონების კანონიერი მესაკუთრის – თ. ს–ს (პ/ნ .............) საკუთრების უფლების დარღვევა, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს, თუ მისი ბრალეულობა უტყუარად არ დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, როგორც ამაზე დაცვის მხარე მიუთითებს.
13. დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში გამოკვეთილ არგუმენტებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის №.. ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ინსტრუქცია, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა კონკრეტულ მოხელეს, არის ნორმატიული აქტი, რომლის არსებობა უდავო ფაქტია და, შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს მტკიცების საგანი, მითუფრო, როდესაც საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ცხადყოფს, რომ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. საჯარო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლის, ე. გ–ს ჩვენებისა და მის მიერ შედგენილი წერილების მიხედვით, ქ. თ–ში, სოფელ წ–ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..........) საკუთრების რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 30 აგვისტოს გ. ჯ–ს განაცხადი მიიღო ოპერატორმა – რ–ს იუსტიციის სახლის სივრცის კონსულტანტმა – თ. ა–მ, რომელიც ზემოხსენებული ინსტრუქციის მიხედვით, ვალდებული იყო დაუყოვნებლივ ჩაებარებინა წარდგენილი განცხადება, რომელიც დაარეგისტრირა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელმა – მ. კ–მ, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებული იყო რეგისტრაციის გადაწყვეტილების მიღებამდე, სათანადოდ გადაემოწმებინა საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემების მიხედვით, დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე (ს/კ ..........) რეგისტრაციის შესახებ №............. გადაწყვეტილება 2018 წლის 5 სექტემბერს მიიღო მ. კ–მ (პ/ნ ...........). საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე და თავად დაეკითხა სასამართლოში მათი პოზიციის გამამყარებელი მოწმეები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №970აპ-21 საქმეზე, პუნქტი 8), რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით – კანონიერია და არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების რაიმე წინაპირობა.
14. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
16. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. კ–ს ჩადენილი სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – ჯარიმა – დააკისრა, რომლის გამკაცრება სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში სასჯელის დამძიმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული გარემოება – მსჯავრდებული არ ცდილობს აანაზღაუროს ზიანი (რაზეც კასატორი ასევე აპელირებს თავის საკასაციო საჩივარშიც), რაც, თითქოსდა, უარყოფითად ახასიათებს მ. კ–ს პიროვნულად და, შესაბამისად, ამძიმებს მის პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის – ლევან ლაზარეშვილისა და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ტ. კ–სა და თ. მ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი