დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.10.2002
საქმის ნომერი
3კ/1003-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1003-02 25 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. რ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ და მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურორის 2001წ. 17 აპრილის ¹319-პ ბრძანების გაუქმება და სამუშოზე აღდგენა შემდეგ გარემოებათა გამო: 1988 წლიდან მუშაობდა ახალქალაქის რაიონის ...ად. საქართველოს გენერალური პროკურორის 2001წ. 17 აპრილის ¹319-პ ბრძანებით დანიშნეს სამცხე-ჯავახეთის ოლქის ...ედ და გაათავისუფლეს ახალქალაქის ...ის თანამდებობიდან. რ-ი მიიჩნევს, რომ ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნის ბრძანება უკანონოა, რადგან ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა მასთან შეუთანხმებლად, მას არ მიუცია არც სიტყვიერი და არც წერილობითი თანხმობა და არც სურვილი აქვს, იმუშაოს სამცხე-ჯავხეთის ოლქის ...ის თანამდებობაზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით:

დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ახალ თანამდებობაზე გადაადგილება განიხილა სამხარეო ადმინისტრაციამ და რაიონის გამგეობამ, რის შესახებაც ინფორმირებული იყო მოსარჩელე, რომელიც ბრძანების საფუძველზე შუდგა ახალ თანამდებოაბზე მუშაობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის დანიშვნა ახალ თანამდებობაზე განხორციელდა “პროკურატურის შესახებ" ორგანული კანონის საფუძველზე და დაცვით.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. რ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანის-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ არ დაკმაყოფილდა გ. რ-ის სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პროკურატურის მუშაკთა საკითხებს არეგულირებს მხოლოდ კანონი “პროკურატურის შესახებ". სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულ უნდა იქნეს “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან სპეციალური კანონმდებლობით სხვა რაიმე არ არის დადგენილი. “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" 43-ე მუხლის თანახმად მოხელის გადაყვანა სხვა სამუშაოზე შესაძლებელია მხოლოდ მოხელის თანხმობით. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ასეთი თანხმობა რ-ისაგან მიღებული იყო, რადგან წერილობით თანხმობას კანონი არ ითვალისწინებს, ხოლო თვითონ მოსარჩელის განმარტებით, იგი დღემდე მუშაობს ახალ თანამდებობაზე და იღებს ხელფასს, რაც ნიშნავს მისი ნებისა და თანხმობის გამოხატვას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. რ-მა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მან თანხმობა განაცხადა ახალ თანამდებობაზე მუშაობაზე, რადგან მას ასეთი არც წერილობითი და არც ზეპირად არ განუცხადებია. მუშაობა დაიწყო ახალ თანამდებობაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამხარეო პროკურორმა და გენერალურმა პროკურორმა კატეგორიულად დაუსვეს საკითხი, ემუშავა ახალ თანამდებობაზე სარჩელის განხილვამდე ან გენერალური პროკურორის ბრძანების შეუსრულებლების გამო გაათავისუფლებდნენ პროკურატურის ორგანოდან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორმა რ-მა თანხმობა განაცხადა ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორ რ-ის მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესახებ წამოყენებული საკასაციო პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული, რადგან კასატორს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ იგი სამხარეო პროკურორისა და გენერალური პროკურორის დაძალებით მუშაობდა ახალ თანამდებობაზე, სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი პალატა თვლის, რომ სწორად იქნა გამოყენებული “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 43-ე მუხლი.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.