საზედამხედველო

სისხლის სამართლის 18.12.2024
საქმის ნომერი
25აგ.-2024
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.12.2024

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142224701744335

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №25აგ-24 ქ. თბილისი

გ. გ. 25აგ-24 18 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით: გ. გ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.2. საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.3. საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.6. გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2022 წლის 22 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი, 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. გ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი გ. გ–ს მიმართ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისს, შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ–მ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ითხოვა მის მიმართ დადგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა. იმავდროულად, მსჯავრდებულმა მოითხოვა წერილობით ეცნობებინათ მოცემული შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოში შესვლის თარიღი, მისი განმხილველი შემადგენლობა, განხილვის თარიღი და განხილვაში მისი მონაწილეობის დაშვების შესახებ ინფორმაცია.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ–მ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას. მსჯავრდებულის მტკიცებით გამოკვეთილია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეშვა შუამდგომლობა განსახილველად. იმავდროულად, კასატორი უთითებს, რომ დაერღვა აცილების დარღვევის უფლება, რადგან მისთვის წერილობით რომ ეცნობებინათ შუამდგომლობის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა (აღნიშნული მოთხოვნა მითითებული ჰქონდა შუამდგომლობის მე-7 გვერდზე), ის აუცილებლად დააყენებდა სასამართლოს შემადგენლობის აცილების შესახებ შუამდგომლობას.

7. მსჯავრდებულმა გ. გ–მ 2024 წლის 10 ივნისის განჩინების გასაჩივრების ორ კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა არაერთი წერილი/განცხადება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები და გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა. წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. კანონმდებლობა ამ ნაწილში სასამართლოს არ ანიჭებს უფლებას კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გადასინჯოს რაიმე სხვა საფუძვლით, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული გ. გ–ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022წლის 22 მარტის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის 2022წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვს იმ საფუძვლით, რომ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს 2021 წლის 29 იანვრის ბრალდების შესახებ დადგენილების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად უდევს ორივე გადასასინჯ განაჩენს.

4. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ გ. გ–ს განმარტებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენებს საფუძვლად უდევს ბრალდების დადგენილება, რომელიც აკმაყოფილებს მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილი უკრძალავს ნებისმიერ მოსამართლეს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდოს ვარაუდი, ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში, შესაბამისი საპროცესო გადაწყვეტილების მისაღებად მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი ფასდება სამართალწარმოების შესაბამის ეტაპებზე პროცესის მწარმოებელი პირების მიერ. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) სასამართლოებმა იმსჯელეს და სამართლებრივი კუთხით შეაფასეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც რელევანტურობის და დასაშვეობის, ასევე - უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნიეს გ. გ–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.

5. ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც ცნობილი არ იყო სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში საქმის განხილვის დროს და რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.

5.1. ვინაიდან მითითებულ ნორმაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული, დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომელიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში, მათ შორის - საქმეში არსებული მტკიცებულებების სარწმუნოობის ან/და საკმარისობის შემოწმება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული გ. გ–ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 3 ივნისს შესული შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022წლის 22 მარტის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022წლის 7 ოქტომბრის განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის მოთხოვნასთან ერთად ასევე ითხოვდა, რომ მისთვის წერილობით ეცნობებინათ მოცემული შუამდგომლობის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა და შუამდგომლობის განხილვის თარიღი. მსჯავრდებული გ. გ–ე ასევე ითხოვდა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვას.

7. 2024 წლის 7 ივნისს, მსჯავრდებულმა გ. გ–მ დამატებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა წერილობითი პასუხი შუამდგომლობის მე-7 გვერდზე მითითებულ მოთხოვნაზე (მათ შორის საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია) (იხ: ტ.1, ს.ფ. 12-20).

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. იმავდროულად, სასამართლოსთვის მიმართვის მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, „რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველჰყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები უნდა უჩენდნენ ადამიანებს იმის განცდას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების/კანონიერი ინტერესების სასამართლოში დაცვას, ამასთან, უნდა იწვევდნენ სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას საზოგადოების მხრიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორი მსჯავრდებულის პოზიციას დაცვის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნებისთვის მისი შუამდგომლობის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის მისთვის შუამდგომლობის განხილვამდე გონივრული ვადით ადრე შეტყობინების ვალდებულების ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს მათ შორის უფლებას საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვაზე და მსჯავრდებულის უფლებას დააყენოს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა.

10. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ გ. გ–სათვის გაგზავნილ 2023 წლის 23 თებერვლის, 2023 წლის 15 მარტის, 2023 წლის 8 აგვისტოსა და 2023 წლის 2 ოქტომბრის წერილებს:

10.1. 2023 წლის 23 თებერვლის წერილით დგინდება, რომ გ. გ–მ 2023 წლის 9 თებერვალს დისციპლინური საჩივრით მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს, მოსამართლეების – ვ.დ–სა და მ. ი–ს მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნით; დამოუკიდებელი ინსპექტორის 2023 წლის 9 თებერვლის N........ და N....... წერილებით განხორციელდა მოსამართლეთა ინფორმირება და სისხლის სამართლის საქმეთა მასალების გამოთხოვა;

10.2. 2023 წლის 15 მარტის წერილით გ. გ–ს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპეტორის მიერ ეცნობა, რომ მას 2023 წლის 9 თებერვლის N.. საჩივარზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა დაასრულა საქმის გარემოებების წინასწარი მოკვლევა და 2023 წლის 16 მარტს მოამზადა დასკვნა; დამოუკიდებელი ინსპექტორი მის მიერ მომზადებულ დასკვნებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლებიც რიგითობის შესაბამისად, განიხილება სადისციპლინო სხდომებზე;

10.3. 2023 წლის 8 აგვისტოს წერილით გ. გ–ს განმეორებით ეცნობა, რომ 2023 წლის 9 თებერვლის N.. საჩივარზე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა დაასრულა საქმის გარემოებების წინასწარი მოკვლევა და მოამზადა დასკვნა, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 758-ე მუხლის თანახმად წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური საჩივრების რიგითობის მიხედვით და გ. გ–ს ეცნობება ამავე კანონით დადგენილი წესით.

10.3.1. 2023 წლის 29 ივნისის N... დისციპლინურ საჩივართან (მოსამართლეების: მ. ი–ს, ვ. დ–სა და მ. გ–ს მიმართ) მიმართებით გ. გ–ს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ ასევე დაწყებული იყო სამართალწარმოება, დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ განხორციელდა საქმის მასალების გამოთხოვა. გამოთხოვილი მასალების მიღების შემდეგ კი მოხდება მათი შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

10.4. 2023 წლის 2 ოქტომბრის წერილით გ. გ–ს მისი 2023 წლის 2 ოქტომბრის განცხადების (N...) პასუხად ეცნობა, რომ მისი 2023 წლის 9 თებერვლის N.. და 2023 წლის 29 ივნისის N... დისციპლინური საჩივრების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მოსამართლეების: ვ. დ–ს, მ. ი–სა და მ. გ–ს მიმართ დაწყებულია დისციპლინური სამართალწარმოება. დისციპლინური საჩივრების შესწავლა დასრულებულია, რის შედეგადაც დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადდა შესაბამისი დასკვნები. წერილში განმარტებულია, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 758 მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადებულ დასკვნებს განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დისციპლინური საჩივრების რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით. მიღებული გადაწყვეტილება კი ეცნობება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 754 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. გ–ს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სს საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ უზრუნველჰყო გ. გ–სათვის მისი შუამდგომლობის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინება მიღებულია სასამართლოს იმ შემადგენლობის მიერ, რომელთაც ეხებოდა გ. გ–ს 2023 წლის 9 თებერვლის N.. და 21 ივნისის N... დისციპლინური საჩივრები.

12. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან, მათ შორის საკასაციო საჩივრიდანაც, იკვეთება, რომ შუამდგომლობის განმხილველი შემადგენლობის შეუტყობინებლობით მსჯავრდებულს არ მიეცა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებით (სასამართლო შემადგენლობის/მოსამართლის აცილების დაყენების უფლება) სარგებლობის შესაძლებლობა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მნიშვნელოვანია “მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის შიდა პროცედურების არსებობა, კერძოდ, მოსამართლეთა აცილების მარეგულირებელი წესები. ასეთი წესები ცხადყოფს ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს დამოკიდებულებას, რომ გააქარწყლოს ნებისმიერი ეჭვი შესაბამისი მოსამართლის ან სასამართლოს მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით და წარმოადგენს მცდელობას, უზრუნველყოს მიუკერძოებლობა ასეთი ეჭვის საფუძვლების აღმოფხრის მიზნით ( Zahirović v. Croatia, no. 58590/11, par. 35, ECtHR, 25/04/2013). სასამართლო ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას (იხ.mutadis mutandis, მაგალითად, Bosev v. Bulgaria, no. 62199/19, ECtHR, 4/06/2024), იმ გარემოებას, რომ მიუკერძოებლობის განსაზღვრისას მათ შორის, სუბიექტურობის ტესტის ფარგლებში, ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული მოსამართლის შინაგან რწმენასა და ქცევას, რაც ნიშნავს, რომ უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა მოსამართლეს რაიმე პირადი წინასწარ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ან მიკერძოება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით;(Rustavi 2 Broadcasting Company Ltd and Others v. Georgia, no. 16812/17, §331, ECtHR, 18/07/2019 სასამართლოს მიუკერძოებლობის განსაზღვრის ობიექტურობის ტესტის ფარგლებში, კი სასამართლოს შემადგენლობამ უნდა უზრუნველყოს საკმარისი გარანტიები იმისათვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. (Rustavi 2 Broadcasting Company Ltd and Others v. Georgia, no. 16812/17, §331, ECtHR, 18/07/2019; Morice v. France [GC], no. 29369/10, § 76, 23/04/2015, §331).

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ 2023 წლის 23 თებერვალს გ. გ–სთვის გაგზავნილ წერილს, რომლითაც დგინდება, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის 2023 წლის 9 თებერვლის N......... და N........ წერილებით განხორციელდა მოსამართლეთა ( ვ. დ–ე, მ. ი–ი) ინფორმირება და სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვა.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს “საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით (“Rustavi 2 Broadcasting Company LTD and Others v. Georgia, no. 16812/17, §331, 18/07/2019, ECtHR; Kyprianou v. Cyprus [GC], no. 73797/01, § 118, ECHR 2005-XIII) და ნებისმიერი მოსამართლე, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, უნდა იქნეს ჩამოშორებული (“Rustavi 2 Broadcasting Company LTD and Others v. Georgia, no. 16812/17, §332, 18/07/2019, ECtHR). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სამართლიანობა არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა სჩანდეს კიდეც, რომ ის იქნა აღსრულებული” (De Cubber v. Belgium, no. 9186/80 §26, ECtHR, 26/10/1984).

15.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე)” ქვეპუნქტს.

15.2.ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დარღვევის მიუხედავად, წარმოდგენილი საქმის მასალებით (მათ შორის არც საკასაციო საჩივრიდან) არ იკვეთება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

15.3. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა. შესაბამისად, განჩინების გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა შუამდგომლობის დასაშვებობის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

16. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ზღუდავს მსჯავრდებულს, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის (შესაბამისი მტკიცებულების მოპოვების) შემთხვევაში, კვლავაც მოითხოვოს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა.

17. სასამართლო ასევე კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ი 313-ე მუხლის მე-2 ნაწილი მკაფიოდ ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადას - განჩინების გამოტანიდან 2 კვირა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მსჯავრდებულ გ. გ–ს მიერ 2024 წლის 10 ივნისის განჩინების გასაჩივრების ორ კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ არაერთი წერილსა და განცხადებაზე.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300-ე და 313-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინება, მსჯავრდებულ გ. გ–ს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე