საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003819899
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№151აპ-24 ქ. თბილისი
კ–ე თ., 151აპ-24 24 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ თეა ბერიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა თეა ბერიძემ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა შპს ,,დ–ის“ ხელმძღვანელის – თ. კ–ს – ქმედება, მისი როლი და მონაწილეობა კომპანიის საქმიანობაში, ასევე – დარიცხვის საფუძვლები და საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც შპს ,,დ–სა“ და მის ხელმძღვანელს სამართლიანად დაუდგინდათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადების გადახდა. კასატორის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №.... ბრძანებით დამტკიცებულ, საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სიტუაციურ სახელმძღვანელოს, კანონმდებლობის მოქმედი ნორმები ახლად არ განუმარტავს, არამედ განსაზღვრა მხოლოდ საგადასახადო შემოწმებისას სახელმძღვანელო დებულებები. აფასებული თანხა, რომლითაც გაიზარდა საწესდებო კაპიტალი, მოქმედი საგადასახადო კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, შეფასდა, როგორც დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი და საწესდებო კაპიტალში შენატანი, რის გამოც, მართლზომიერად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ფაქტია, რომ საწესდებო კაპიტალი გაიზარდა ვირტუალურად, როცა რეალურად თანხა არ შესულა, რაც ემსახურებოდა სწორედ შემდგომში, საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით, კომპანიიდან თანხების დაუბეგრავად გატანას. ამდენად, თ. კ–ს მიეცა შესაძლებლობა, რათა კომპანიიდან გაეტანა 8 მილიონ ლარზე მეტი თანხა ისე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაეხადა გადასახადი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გამამართლებელი განაჩენი დააფუძნეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მიკერძოებულ და წინააღმდეგობრივ აუდიტორულ დასკვნას, რომლის ექსპერტებს შპს ,,დ–ის“ არცერთი საბუღალტრო დოკუმენტი არ შეუსწავლიათ. საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა სხვა საკითხებიც, რის საფუძველზეც, ცალკე აღებული, მოხდა – 272763 ლარის დარიცხვა, რაზეც ასევე არ მსჯელობს სასამართლრო და იზიარებს დაცვის მხარის აუდიტორის შეფასებას, რომელსაც პირველადი დოკუმენტები არ შეუსწავლია და, შესაბამისად, არ იცის: საწარმოს საქონელი რეალიზებული ჰქონდა თუ არა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად; ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხები, რომელთა უკან დაბრუნება ან გახარჯვა საწარმოო მიზნებისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა თუ – არა; შემოსავლიდან გამოიქვითა თუ არა ძირითადი საშუალებების რემონტზე გახარჯული საქონლის ღირებულება, რაც, მეორე მხრივ, დამატებული ჰქონდა თუ არა ძირითადი საშუალებების ღირებულებაზე და ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა თუ არა ამორტიზაციის გზითაც; საწარმოს ჩამოწერილი ჰქონდა თუ არა საქონელი, რომლის შესაბამისი რეალიზაციის თანხა ერთობლივ შემოსავალში არ იყო ჩართული; იყო თუ არა გაცემული კრედიტები საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე დაბალი პროცენტით; ჰქონდა თუ არა საწარმოს ერთობლივი შემოსავლიდან, კრედიტზე გადასახადი პროცენტის სახით, ზედმეტად გამოქვითული პროცენტი; საწარმოს ჩამოწერილი ჰქონდა თუ არა საქონელი რემონტის დანიშნულებით და არსებობდა თუ არა დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის რემონტზე გახარჯვის ფაქტი; იყო თუ არა არასწორად გაანგარიშებული დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა; ჩამოწერილი საქონელი და რეალიზაციის თანხა დაბეგრილი იყო თუ არა დღგ-თი; განხორციელებული ჰქონდა თუ არა საწარმოს, როგორც დღგ-თი დასაბეგრი, ასევე – გათავისუფლებული ბრუნვები; აღდგენას ექვემდებარებოდა თუ არა დღგ-ს ჩათვლები, გათავისუფლებული ბრუნვების პროპორციულად, რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, მოხდა დარიცხვა და, შესაბამისად, თ. კ–ს ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წლის . ...., – ბრალად დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. შპს „დ–ი“ (ს/კ ............) მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრში რეგისტრირებულია 2004 წლის 27 დეკემბერს, საწარმოს ძირითადი საქმიანობის სფეროა სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია. კომპანიას დაფუძნების დღიდან, ფაქტობრივად მართავდა ძირითადი პარტნიორი – თ. კ–ე, რომელიც ასევე იკავებდა დირექტორის თანამდებობას 2004 წლის 28 დეკემბრიდან – 2005 წლის 2 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნულის შემდეგ, თ. კ–ს გადაწყვეტილებით პერიოდულად იცვლებოდნენ საწარმოს დირექტორები, რომლებიც საქმიანობას სრულად ათანხმებდნენ თ. კ–სთან, რომელიც 2015 წლის 4 სექტემბრიდან ოფიციალურად კვლავ დაინიშნა შპს „დ–ის“ დირექტორად.
2.2. თ. კ–სე, როგორც შპს „დ–ის“ ფაქტობრივი მმართველი, ვალდებული იყო გადაეხადა საერთო-სახელმწიფოებრივი თუ ადგილობრივი გადასახადები და კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ წარემართა კომპანიის საქმიანობა. მიუხედავად აღნიშნულისა, მან 2005 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე, განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1052333,01 ლარის გადასახადის გადახდას, ასევე – არ ისარგებლა კანონით გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდით და საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2013 წლის 28 მაისს გამოცემული, №.......... საბოლოო საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული, ძირითადი თანხა.
3. თ. კ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენით თ. კ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა თეა ბერიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით: შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს დამფუძნებლის – განსახილველ შემთხვევაში თ. კ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის, აუცილებელია, შპს ,,დ–ი“ და თ. კ–ე სასამართლოს მიერ ცრუმაგიერ პირებად ყოფილიყვნენ აღიარებულნი, რამეთუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2019 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 246-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, შესაბამისად, ცრუმაგიერი პირის გამოყენება ხდება მხოლოდ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით და, შესაბამისად, ცრუმაგიერ პირად აღიარება, რაც არა სისხლის, არამედ – ადმინისტრაციულსამართლებრივი იძულების ღონისძიების წინაპირობაა, გავლენას ვერ ახდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტის განსაზღვრაზე. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი შეიძლება გახდეს საწარმოს ფაქტობრივი მმართველიც, თუკი წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დასტურდება საწარმოს ფაქტობრივი ხელმძღვანელობის ფაქტი (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება №737აპ-19 საქმეზე).
10. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის მითითებას, რომ თ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას არ აქვს კანონიერი გამართლება და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ ვერ დაადასტურა თ. კ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თ. კ–ს დამნაშავეობა/უდანაშაულობის საკითხის გამორკვევისას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გულდასმით შეამოწმეს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 31 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელსაც, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და სამხილების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს თ. კ–ს სასარგებლოდ.
13. სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის – 2012 წლის 31 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი და მოწმეების სახით დაკითხული ა. გ–სა და გ. ს–ს ჩვენებები – ცხადყოფს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით, შპს „დ–ისათვის“ დაკისრებული ძირითადი გადასახადის დარიცხვა დიდწილად დაეფუძნა არა – საგადასახადო შემოწმების პერიოდში მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას, არამედ – მოგვიანებით გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს – შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 4 ივნისის №....... ბრძანებით დამტკიცებულ სიტუაციურ სახელმძღვანელოს, რომლითაც, განისაზღვრა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სადავოდ გამხდარ საკითხთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპები და კომპანიის ბალანსზე არსებული ქონების აფასების შედეგად საწესდებო კაპიტალის გაზრდა ჩაითვალა მეწილეთა მიერ დივიდენდის მიღებად, რაც საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა, რამდენადაც ხსენებული ფინანსური ოპერაცია „არასტანდარტულად“ იქნა მიჩნეული, რომელიც ქმნიდა გადასახადისაგან თავის არიდების სამომავლო „საფრთხეს“, თუკი პარტნიორები დივიდენდს გაიტანდნენ; სხვა დარიცხვებთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ სადავო საგადასახადო შემოწმების აქტით ასევე დადგენილია, რომ საზოგადოების მიერ შესამოწმებელ პერიოდში, ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხების უკან დაბრუნება ან გახარჯვა საწარმოს მიზნებისათვის არ ხორციელდებოდა „გონივრულ ვადაში“, თუმცა, სასამართლოში დაკითხული აუდიტორის მითითებით, რა იგულისხმება „გონივრულ ვადაში“, საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს და, შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, იყოს განსხვავებული. შესაბამისად, ,,გონივრული ვადა“ უნდა განისაზღვროს თანხის გამოყენების მიზნობრიობისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ კომპანიის საქმიანობიდან ან/და შეძენილი საქონლის/მომსახურების ხასიათიდან გამომდინარე, რა შეიძლება მიჩნეულიყო, კონკრეტულ შემთხვევაში, ,,გონივრულ ვადად“ და რა იგულისხმება „ხანგრძლივ პერიოდში“, საგადასახადო შემოწმების აქტით არ იკვეთება; არც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული და ვერც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა აუდიტორმა მიუთითა, თუ როგორ და რა მეთოდით განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება და საბაზრო ფასი, რაზე დაყრდნობითაც, იქნა მიჩნეული, რომ საქონელი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიეწოდა და, შესაბამისად, შეუძლებელია, დარიცხვის კალკულაციის შემოწმების მიზნებისათვის, მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და მათ ღირებულებას შორის სხვაობის კორექტულობის გადამოწმება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდების მხარის ვარაუდი თ. კ–ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების თაობაზე ვერ დადასტურდა სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.
14. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ თეა ბერიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი