გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 27.12.2002
საქმის ნომერი
3კ/1116-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.12.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-1116-02 3კ-1116-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. კ.-მ და მოითხოვა სს “გ.-საგან” მის სასარგებლოდ 27411,37 აშშ დოლარის გადახდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. კ.-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ.-მ, რომელმაც შეამცირა დავის საგნის ღირებულება 8778 ლარამდე, მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

2002წ. 17 ივნისს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომლის ადგილისა და დროის შესახებ მხარეები გაფრთხილებულნი იყვნენ კანონით დადგენილი წესით, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე. აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “გ.-ს” აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა 8778 ლარი.

მოპასუხის წარმომადგენელმა გ. ო.-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების მოთხოვნებით იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მანქანა მოულოდნელად დაზიანდა, როდესაც იგი სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის სააქციო საზოგადოების კუთვნილი ავტომანქანით აპირებდა ქ. თბილისიდან გამგზავრებას, რის გამოც ვერ გამოცხადდა პროცესზე. აღნიშნულზე ეცნობა მათი ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის მმართველს, რომელმაც ორგანიზაციის თანამშრომლის, ვ. ც.-ის, მეშვეობით საქმის განმხილველ სასამართლოს განუცხადა გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ო.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობიდან, რომელიც გაცემულია სს “თ.-ს” მიერ, არ დასტურდება, რომ გ. ო.-ის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სწორედ იმ ავტომანქანის მოშლით, რომელიც სს “თ.-ს” მიერ იქნა შეკეთებული 17 ივნისს და მეორეც, ავტომანქანის მოშლა არ წარმოადგენს დაუძლეველ ძალას, რაც სსკ-ს 233-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის ერთ-ერთ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს.

პალატა მიუთითებს, რომ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საჩივრის განხილვისას სააქციო საზოგადოება “გ.-ის” ადმინისტრაციამ სასამართლო სხდომაზე მინდობილობით მიავლინა ქუთაისის ფილიალის იურისტი ნ. გ.-ე, რომელსაც 17 ივნისს შეეძლო პროცესზე მონაწილეობა მიეღო სათანადო რწმუნების არსებობის შემთხვევაში.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხის წარმომადგენელმა.

კასატორი უთითებს, რომ სხდომაზე გამოცხადდნენ სს “გ.-ის” ქუთაისის რეგიონული ფილიალის იურისტი ნ. გ.-ე და თანამშრომელი ვ.ც.-ე, რომელთაც აცნობეს სასამართლოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზი, მაგრამ სასამართლომ მათ განცხადებას ყურადღება არ მიაქცია იმ მოტივით, რომ მათ არ ჰქონდათ რწმუნებულება.

საქმეზე დართულია სს “თ.-ს” ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2002წ. 17 ივნისს მანქანა, რომლითაც ის მიემგზავრებოდა ქუთაისში მძღოლმა გადაცემათა კოლოფის დაზიანების გამო მიიყვანა აღნიშნულ საწარმოში.

უსაფუძვლოა განჩინების არგუმენტი, რომ ნ. გ.-ს და ვ. ც.-ეს შეეძლოთ სასამართლო პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან არცერთ მათგანს რწმუნებულება არ ჰქონდა და არც საქმის მასალებს იცნობდნენ.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 241-ე და 230-ე მუხლები. მიუხედავად იმისა, რომ მხარემ წინასწარ აცნობა სასამართლოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად გაუმართლებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სსკ-ს 72-ე მუხლის “ზ” პუნქტის ბოლო წინადადება გამოუცხადებელ მხარეს ავალდებულებს, რომ აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.

ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით.

დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა საოლქო სასამართლოში დაინიშნა 2002წ. 17 ივნისს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

ასევე უდავოა, რომ მათი ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის მმართველის დავალებით, ვ.ც.-ის მეშვეობით საქმის განმხილველ სასამართლოს ეცნობა, რომ მანქანა მოულოდნელად დაზიანდა, როდესაც ბანკის წარმომადგენელი სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის სააქციო საზოგადოების კუთვნილი ავტომანქანით აპირებდა ქ. თბილისიდან გამგზავრებას, რის გამოც ვერ გამოცხადდა პროცესზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის პრეტენზია, სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის შესახებ, დასაბუთებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოსათვის წინასწარ იყო ცნობილი მხარის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ პირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამიტომ დაკარგა თავის დაცვის ინტერესი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი, ლოგიკური და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომლის გამოუცხადებლობამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოსათვის ცნობილი იყო მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზებისა და მისი ნების შესახებ, რათა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და სარჩელში მითითებული არგუმენტების საწინააღმდეგოდ დაეყენებინა თავისი მოთხოვნები. საქმის გარემოებები არ მიანიშნებენ, რომ მოპასუხე თავს არიდებდა საქმის განხილვაში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო, გადაედო საქმის განხილვა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სსკ-ს 233-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოუცხადებლობისათვის და არსებობდა 241-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა და საქმე არსებითად უნდა განეხილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 241-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 აგვისტოს განჩინება, 2002წ. 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.