საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122006330290
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№512აპ-24 30 ივლისი, 2024 წელი
ჩ–ე თ., 512აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მარიამ გიგაურმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯვრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, ითხოვს თ. ჩ–ეის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის მითითებით, დაზარალებულმა ჯ. ბ–მ დაადასტურა, რომ თ. ჩ–ს სახლში მივიდა თავისი ნივთების წამოსაღებად და არა – საქმის გასარჩევად, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა, სადაც მოულოდნელად დაესხა თავს მსჯავრდებული. თ. ჩ–მ სახლში ყოფნის დროს მიაყენა ერთი ჭრილობა, ხოლო ეზოში გამოქცეულს დაედევნა და დაუმატა კიდევ – სამი. დაზარალებული მსჯავრდებულს მხოლოდ მაშინ დაეხსნა, როდესაც თ. ჩ–ე დედამისის ყვირილმა შეაყოვნა, ხოლო მან გაქცევა შეძლო. ჯ. ბ–ს ჩვენება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ტაქსის მძღოლმა – ს. შ–მა, რომელმაც დაინახა, სახლიდან გამოქცეულ დაზარალებულს, ეზოში, როგორ მიაყენა დანისმაგვარი საგნით დაზიანება თ. ჩ–მ. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ჯ. ბ–ს აღენიშნებოდა ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში და ორი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუს წინა კედელზე, აქედან – ჭრილობები მუცლის ღრუში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს, ხოლო გულმკერდის მარცხენა ნახევარში – სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რაც ადასტურებს, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვით, არაერთხელ დაარტყა მას დანა მუცლის ღრუსა და გულმკერდის მარცხენა არეში, მათ შორის, გაქცეულს დაედევნა და მიაყენა ჭრილობები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა მსჯავრდებულის მტკიცება, რომელიც ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეული სამხილების შინაარსს.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ჩ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობის მცდელობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ–ში, მ–ს აგარაკებზე, ხ–ს ქუჩის №..-ში, თ. ჩ–მ ჯ. ბ–ს დანის გამოყენებით, განზრახ მკვლელობის მიზნით, მიაყენა ოთხი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში, კერძოდ: ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში და ორი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუს წინა კედელზე, რის გამოც დაზარალებული გადაიყვანეს ,,ქართულ-ჰოლანდიურ“ ჰოსპიტალში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია.
2.2. 2022 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ში, .......ს ხევისა და ......ის გამზირის კვეთაზე არსებულ მშენებარე ობიექტთან, თ. ჩ–მ გ. მ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახის არეში დაარტყა მუშტი, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თ. ჩ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის განაჩენით თ. ჩ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ჩ–მ ჩაიდინა ჯ. ბ–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და გ. მ–ზე სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მარიამ გიგაურმა, რომელიც ითხოვდა თ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ თ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ, რომელიც ითხოვდა თ. ჩ–ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით მსჯავრადშერაცხილ ქმედებაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით თ. ჩ–ს მსჯავრდება მხარეებს სადავოდ აღარ გაუხდიათ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, თ. ჩ–ეისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ თ. ჩ–სთან დაპირისპირების შემდეგ, ჯ. ბ–ს აღენიშნებოდა ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში და ორი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუს წინა კედელზე.
12. ბრალდების მხარის მტკიცებით, თ. ჩ–მ ჯ. ბ–ს მიზანმიმართულად, მისი მოკვლის განზრახვით, მიაყენა ოთხი დაზიანება დანით გულმკერდისა და მუცლის არეებში, თუმცა დაზარალებულმა გაქცევით უშველა თავს, მაგრამ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ თ. ჩ–ს განზრახ სურდა ჯ. ბ–ს სიცოცხლის მოსპობა, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ აღასრულა.
13. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილი უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ – ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8-9).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ბრალდების მხარემ, მსჯავრდებულის ქმედებაში ჯ. ბ–ს მკვლელობის განზრახვის დასადასტურებლად, რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება გამოკვეთა, კერძოდ: ბრალდების მტკიცებით, შემთხვევის ღამეს დაზარალებული მსჯავრდებულის სახლში მათ შორის მანამდე მომხდარი კონფლიქტის გამო, საქმის გამოსარკვევად არ მისულა, არამედ – სურდა კუთვნილი ტანსაცმლის წამოღება; მსჯავრდებულმა დაზარალებულს დანით მიაყენა ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში და ორი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუს წინა კედელზე, აქედან ერთი – სახლში ყოფნის დროს, ხოლო დანარჩენი ეზოში, როდესაც გაქცეულს დაედევნა და დაეწია.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: მსჯავრდებულის განზრახვის დასადგენად, სააპელაციო სასამართლომ, გარდა დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაციისა და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღისა, მართებულად მიაქცია ყურადღება დაზარალებულისა და მსჯავდებულის ურთიერთდამოკიდებულებას დანაშაულის ჩადენამდე, კერძოდ, მეტად საყურადღებოა, რომ შემთხვევის დღეს მხარეებს შორის კონფლიქტი ორ ეტაპად განვითარდა: ერთი მხრივ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ალკოჰოლით მთვრალი თ. ჩ–ე და ჯ. ბ–ე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც თ. ჩ–ე გაერიდა კონფლიქტს და წავიდა შინ, ხოლო ჯ. ბ–მ გ. მ–ს არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, რომ გამოფხიზლებულს გამოერკვია თ. ჩ–სთან საქმეები, არ მოიშალა თავისი და შუაღამეს მიაკითხა სახლში მსჯავრდებულს, რასაც მოჰყვა კიდეც მისი დაჭრა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს თ. ჩ–ს სახლში ჯ. ბ–ს მისვლის მიზეზებთან დაკავშირებით, დაცვისა და ბრალდების მხარეების საპირისპირო განმარტებების კვალდაკვალ, ნეიტრალური მოწმის – გ. მ–ს ჩვენებაზე დაყრდნობით, მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება განახლდა სწორედ ჯ. ბ–ს ბრალეულობით, რომელიც თ. ჩ–ს სახლში არა კუთვნილი ტანსაცმლის წამოსაღებად, არამედ – მსჯავრდებულთან წინარე კონფლიქტიდან გამომდინარე, ურთიერთობის გამოსარკვევად მივიდა, რაც გამორიცხავს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ დანით შეიარაღებული თ. ჩ–ე მოულოდნელად დაესხა თავს ტანსაცმლის წამოსაღებად მისულ ჯ. ბ–ს, რომელსაც, თითქოსდა შინ არავინ ეგულებოდა, მაშინ, როდესაც სახლში, გარდა თ. ჩ–სა, იმყოფებოდა დედამისიც – დ. ჩ–ე, რომელსაც ეძინა და ხმაურმა გამოაღვიძა.
16. აღსანიშნავია, რომ ბრალდების ვერსია – ჯ. ბ–სათვის ჭრილობების ნაწილის ეზოში, გაქცევის დროს მიყენებასთან დაკავშირებით – უტყუარად არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ჯ. ბ–მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას, თავდაპირველად მიუთითა, რომ თ. ჩ–მ სულ ოთხი დაზიანება მიაყენა. დაზარალებულს ნამდვილად ახსოვდა, რომ მსჯავრდებულმა სახლში დაარტყა დანა, მაგრამ ეზოში მომხდარი, თავდაპირველად ვერ გაიხსენა, ამბობდა, რომ ეზოში ფეხი დაუცდა და დაგორდა, თუმცა მოგვიანებით, დაადასტურა, გამოძიების დროს ნათქვამიც, რომლის მიხედვით, თ. ჩ–ემ ეზოშიც დაარტყა დანა. ხაზგასასმელია, რომ გამოძიებისას ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაზარალებულმა მიუთითა თ..ში, ... აგარაკებზე, ხ–ს ქუჩის №..-ში მდებარე სახლზე, სადაც მისი განმარტებით, მივიდა პირადი ნივთების წამოსაღებად, თუმცა სახლში შესვლისას დახვდა თ. ჩ–ე, რომელმაც დანით მიაყენა ჭრილობები. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შემოწმებისას, დაზარალებულს არ მიუთითებია სახლის ეზოზე და არ უთქვამს, რომ თ. ჩ–მ გარდა სახლისა, სადმე სხვაგანაც მიაყენა მას დაზიანებები. დაზარალებულის ურთერთგამომრიცხველი მტკიცების კვალდაკვალ, ყურადსაღებია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ეზოში, რომელშიც ბრალდების მხარის მტკიცებით, დამატებით მიაყენა ჭრილობები დაზარალებულს თ. ჩ–მ, სისხლის კვალი არ აღმოჩენილა. ფაქტის შემთხვევითი შემსწრე ტაქსის მძღოლის – ს. შ–ს ჩვენების მიხედვით, ეზოში მოჩხუბარი ორი მამაკაციდან მართალია ერთმა რამდენჯერმე მოუქნია ხელი მეორეს, თუმცა ამ დროს მსჯავრდებულს ხელში, რა ეკავა არ დაუნახავს. ს. შ–ს განმარტებების მსგავსად, მოწმის სახით დაკითხულმა დ. ჩ–მაც დაადასტურა, რომ ეზოში შეხლა-შემოხლის დასრულების შემდეგ, დაზარალებულმა ისე დატოვა შემთხვევის ადგილი, რომ მსჯავრდებული უკან არ დასდევნებია, არამედ – სახლში შებრუნდა. ყოველივე აღნიშნულის ერთობლივად გათვალისწინებით, მტკიცებულებების შეფასების შედეგად გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, მათ შორის – ბრალადშერაცხილი დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური ნიშნების გონივრულ ეჭვს მიღმა დამტკიცება, სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თ. ჩ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი