საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100123007708446
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №656აპ-24 ქ. თბილისი
ჯ. ლ. 656აპ-24 23 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ლ. ჯ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2023 წლის 22 ივნისს, დღის საათებში, ქ. ქ–ში, ......ის ქუჩის N..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ჯ–მ იძალადა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, მეუღლეს – ი. ა–ს – ფეხის მარჯვენა ფეხზე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2023 წლის 3 ივლისს, დღის საათებში, ქ. ქ–ში, ........ის ქუჩის N..–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ. ჯ–ე თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, მეუღლეს – ი. ა–სს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, რის გამოც ი. ა–სს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.3. 2023 წლის 3 ივლისს, დღის საათებში, ქ. ქ–ში, ..... ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ. ჯ–მ იძალადა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, მეუღლეს – ი. ა–ს ხელის ხელებზე მოჭერით, სახის არეში დარტყმით და წაქცევით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების 2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდში;
3.2. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 8 ივლისამდე პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 125 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო;
3.3. კონტროლი მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ და მოითხოვა ლ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ლ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ც–მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა როყვა ითხოვს ლ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ლ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
8.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს ლ. ჯ–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია - ლ. ჯ–მ ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები. ასევე, მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. ჯ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეტანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ლ. ჯ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. ვინაიდან,11.1. დაზარალებულმა ი. ა–მ 2023 წლის 22 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ლ. ჯ–ს ფეხი შემთხვევით მოხვდა ბარძაყზე, როდესაც ველოსიპედის გამო ეჯიკავებოდნენ ერთმანეთს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ჯ–სეს 2023 წლის 22 ივნისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში ბრალად აქვს წარდგენილი დაზარალებულის მარჯვენა ფეხზე დაზიანების მიყენება, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ ადასტურებს დაზარალებულის მარჯვენა ფეხზე რაიმე სახის დაზიანების არსებობას (იხ.: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ტ.1, ს.ფ. 21-24).
11.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 3 ივლისის მუქარის ეპიზოდთან მიმართებით დაზარალებულ ი. ა–სს ჩვენება არაინფორმატიულია, ვინაიდან, მოწმის სახით ჩვენების მიცემისას აღნიშნულზე არ უსაუბრია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ ეპიზოდებთან მიმართებით სისხლის სასამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომელიც ლ. ჯ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას დაადასტურებდა.
12. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ლ. ჯ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
13. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
14.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ლ. ჯ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე