საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.06.2024
საქმის ნომერი
2კ-171აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007528464

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №171აპ-24 ქ. თბილისი

ჭ. დ. 171აპ-24 5 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ჭ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 19 ივლისს, ერთი მხრივ, შპს ,,დ–სა“ (გამყიდველი) და მეორე მხრივ, მოქალაქე გ. ც–ს (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გ. ც–მ შეიძინა თ–ში, ..........ის ქუჩის N..-ში მდებარე 76.20 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა (საკადასტრო კოდით: ............; რომელიც შემდგომში გარდაიქმნა N............. საკადასტრო კოდად) 37 950 აშშ დოლარად, საიდანაც 30 000 აშშ დოლარი წინასწარ 2017 წლის 17 ივლისს გადაიხადა, ხოლო დარჩენილი თანხა, ეტაპობრივად, 2018 წელს დაფარა. ხელშეკრულების გაფორმებამდე და გაფორმების პროცესში მოქალაქე გ. ც–სთვის ცნობილი არ იყო, რომ უძრავი ქონება დატვირთული იყო სანივთო-სამართლებრივი უფლებით - იპოთეკით კომერციული ბანკის სასარგებლოდ, კერძოდ, დ. ჭ–მ, შპს ,,დ–ს“ წარმომადგენლის მეშვეობით გ. ც–სთან 2018 წლის 19 ივლისს გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და რეალური ფაქტების დამალვით მიუთითა, რომ მესამე პირებს არ შეიძლება, ჰქონოდა რაიმე პრეტენზია ნასყიდობის საგანთან და არავის გააჩნდა სამართლებრივი უფლებები ნასყიდობის საგნის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ დ. ჭ–მ იცოდა, რომ უძრავი ქონება იპოთეკით იყო დატვირთული 2017 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით სს ,,ვ–ს“ სასარგებლოდ. მას შემდეგ, რაც იპოთეკარი სს ,,ვ–ა“ ჩაანაცვლა სს „.......... ბანკმა“, ამ უკანასკნელმა სარჩელით მიმართა საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედ არბიტრაჟს და მოითხოვა გ. ც–ს და სხვა მოქალაქეთა სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებათა აუქციონის წესით რეალიზაცია. გ. ც–მ სწორედ აღნიშნული საკითხის განხილვისას შეიტყო, რომ მისი უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით. 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა გ. ც–ს და სხვათა ბინების აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით, რის გამოც გ. ც–ს აღმოჩნდა რეალური საფრთხის წინაშე თავისი ბინის აუქციონის წესის გაყიდვის გამო. შესაბამისად, დ. ჭ–ე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტის დამალვით, მოტყუებით დაეუფლა გ. ც–ს კუთვნილ 94 599.03 ლარს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულმა ქმედებამ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. დ. ჭ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ჭ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. ჭ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს სასჯელის დამძიმებას.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დ. ჭ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის აღიარებასთან ერთად საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ გ. ც–ს და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი და ამოღებული წერილობითი ხელშეკრულებები, გ. ც–სთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გადახდის ქვითრები და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. ჭ–მ ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედება.

10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისთვის, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). ამდენად, პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 20 ნოემბრის განჩინება N 886აპ-23)

12.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ჭ–მ მტკიცებულებები სცნო უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია.

12.2. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის სახის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების დებულებათა, ასევე პატიმრობის ultima racio ხასიათის გათვალისწინებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას(იხ. Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, § 91, ECtHR 2010; Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, ECtHR,13/07/2017). ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით(იხ. Ruiz Torija v. Spain, § 29, Series A no. 303-A, ECtHR, 09/12/1994; García Ruiz v. Spain [GC], no. 30544/96, §26, ECtHR 1999-I; Moreira Ferreira v. Portugal (no.2), [GC], no. 19867/12, § 84, ECtHR,11/07/2017; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, §65, ECtHR, 27/02/2020). ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECtHR, 21/07/2015), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილული იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, §65, 66, ECtHR, 27/02/2020). ამასთანავე იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, §69, ECtHR, 27/02/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე