საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.06.2024
საქმის ნომერი
2კ-66აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005946437

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №66აპ-24 ქ. თბილისი

ლ. კ. 66აპ-24 17 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ლ–ს, – დაბადებულს 19..წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2022 წლის 2 აპრილს, ქ. თ–ში, .......ის ქუჩისა და დ-ს ქუჩის კვეთაზე, ბ–ს მოქალაქეს - მ. ტ–ს (M. T–K) და კანადის მოქალაქე თ. ლ–ს (K. S–A) ერთმანეთთან მოუვიდათ შელაპარაკება, კ. ლ–მ მ. ტ–ს თავის არეში დაარტყა ხელი, მ. ტ–მა მიიღო დაზიანება, რის გამოც, იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია (ვინაიდან ჩამტვრეული ჰქონდა თავის ქალა, ოპერაციის შემდგომ კი იმყოფებოდა კომაში).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

3.1. თ. ლ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.2. კ. ლ–მა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. თ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 2 აპრილიდან.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დადგინდა თ. ლ–ს მიერ მ. ტ–სათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, თუმცა დადასტურდა სხვაგვარი ძალადობის ჩადენა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, თ. ლ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა მეტრეველმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ცვლილება, თ. ლ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

5.2. მსჯავრდებულ თ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ხ–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, თ. ლ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ხ–მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, თ. ლ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა თ. ლ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

10. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ. ლ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მსჯავრდება განაპირობა; გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება, რაც უნდა დასტურდებოდეს სუბიექტური ან/და ობიექტური კრიტერიუმებით (იხ. მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის №746აპ-19 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის №674აპ-20 განჩინება).

12. სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა: რ. რ-ს, გ. რ–სისა და ა. ა–სის ჩვენებებს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ. რ–მა უშუალოდ დაინახა მსჯავრდებულ თ. ლ–ს მხრიდან დაზარალებულ მ. ტ–ს მიმართ ხელის დარტყმის ფაქტი, რის შედეგადაც ბ–ს მოქალაქე (მ. ტ–სი) ძირს ეგდო (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის სხდომის ოქმი 14:50:45-14:51:50), ხოლო გ. რ–სემ და ა. ა–სმა დაადასტურეს, რომ კონფლიქტი მხოლოდ ამ ორ უცხოელ მამაკაცს შორის იყო (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის სხდომის ოქმი 13:01:42-13:02:20; 13:02:24 – 13:03:19 - გ. რ–ს მოწმის სახით დაკითხვა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის სხდომის ოქმის 15:16:27-15:16:55 - ა. ა–სის მოწმის სახით დაკითხვა). მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებთან, სადაც ნათლად ჩანს ერთი პირის მიერ მეორის მიმართ დარტყმის ფაქტი. ფიზიკური ძალადობის ჩამდენი პირი კი იდენტიფიცირებულია რ. რ–თან ჩატარებული 2022 წლის 2 აპრილისა და გ. რ–სთან ჩატარებული 2022 წლის 2 აპრილის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით (რ. რ–მა და გ. რ–მ სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურეს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების სისწორე).

13. სასამართლო ითვალისწინებს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათ №....-ს, რომლის თანახმად, თ. ლ–ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2022 წლის 2 აპრილს, 06:35 საათზე, პოლიციის სამმართველოში. პაციენტს სახეზე აღენიშნებოდა ექსკორიაციები ტუჩის მიდამოში, ასევე მარჯვენა იდაყვის მიდამოში. მარჯვენა საფეთქლის მიდამოში - ჰემატომა. დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ დაიკითხა მისი გარდაცვალების გამო, თუმცა ფიზიკური ტკივილის განცდის საკითხი სასამართლოს შეუძლია შეაფასოს დაზარალებულის სუბიექტური აღქმის გარეშეც, ობიექტური ტესტის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ხელის ძლიერად დარტყმა სახის არეში, ნებისმიერ ადამიანში ობიექტურად იწვევს ფიზიკურ ტკივილს. დარტყმის სიძლიერესთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს მოწმე ს. ე–ს ჩვენებას, რომლის მიხედვით, მან გაიგო ძლიერად დარტყმის ხმა ( დღემდე არ იცის ხელის ხმა იყო თუ ბოთლის, უბრალოდ ძალიან ძლიერი ხმა გაიგო, რაც ძალიან გამოიკვეთა. როცა მოიხედა, ნიკალაი უკვე ძირს ეგდო (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის სხდომის ოქმი 12:50:10-12:50:40; 12:35:30 – 12:35:50). ასევე, რ. რ-ს განმარტებას მსჯავრდებულ თ. ლ–ს მხრიდან დაზარალებულ მ. ტ–სის მიმართ ხელის დარტყმის ფაქტთან მიმართებით, რის შედეგადაც მ. ტ–სი ძირს ეგდო (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის სხდომის ოქმი 14:50:45-14:51:50). შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – სხვაგვარი ძალადობის ჩადენა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია .

15. იმავდროულად, სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას თ. ლ–ს გამართლების შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ჩანაწერების მიხედვით დაზარალებული ორჯერ წაიქცა და ვერ დგინდება როდის მიიღო დაზიანება. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის არ არსებობის პირობებში დაუდგენელია დაზარალებულის მიერ მიღებული დაზიანებების წარმომავლობა, მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულის ქმედებას (დარტყმას) და შედეგს (სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 2022 წლის 2 აპრილს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ა. ჰ-ში შეყვანილ იქნა პაციენტი მ. ტ–ი უგონო მდგომარეობაში, დიაგნოზებით: კომა დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული სუბდურული ჰემატომა, სუბარაქნოიდული ჰემორაგია, თავის ტვინის შეშუპება, ქალა-ფუძის მოტეხილობა) შორის. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. ლ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისა და მსჯავრდებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება თუ რომელი წაქცევის დროს მიიღო დაზიანება დაზარალებულმა.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თ. ლ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ. ლ–მამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი ქმედების კვალიფიკაციის საკითხზე.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ხ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე