საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100122005434675
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №501აპ-24 8 აგვისტო, 2024 წელი
გ–ა დ., №501აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. გ–ა (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 13 დეკემბერს, დღის საათებში, ჩ–ს რაიონის სოფელ ზ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ. გ–ა ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, დედინაცვალს – ი. ბ–ს, ძმას - გ. გ–ს, ძმისშვილს - ს. გ–ას და რძალს - ნ. ქ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოიტანდა ცეცხლსასროლ იარაღს და ჩახოცავდა ყველა ოჯახის წევრს, მათ თავებს კი დაკიდებდა ჭიშკარზე, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, დ. გ–ს მიმართ არ არსებობდა ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, დ. გ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 1 აპრილს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმება, დ. გ–ს დამნაშავედ ცნობა და კანონიერი სასჯელის დანიშვნა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს დ. გ–ს ბრალეულობას. კერძოდ, დაზარალებულების ჩვენებებით დადგინდა, რომ დ. გ–ა დაემუქრა მოკვლით, რამაც წარსულში მისი ნასამართლობის გათვალისწინებით, გამოიწვია მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა დაზარალებულებების შემდგომ ქცევაზე, რომლებიც მოტივირებულნი იყვნენ ხელი შეეწყოთ ობიექტური გამოძიებისათვის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ. გ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების – ი. ბ–სა და ნ. ქ–ს ჩვენებებზე, ასევე ს. გ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლის თანახმად, გ. გ–ს დაკრძალვის წინა დღეს, ვინაიდან დ. გ–აა განაწყენებული იყო ი. ბ–ს იქ ყოფნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყველას. დაზარალებულთა ჩვენებებით და გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მუქარის დროს დ. გ–ა ესაუბრებოდა გ. გ–ს.
5.3. მითითებულის საპირისპიროდ კი სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა – გ. გ–მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს დ. გ–ა სიცოცხლის მოსპობით არავის დამუქრებია, არც მის ცოლ-შვილს. დ. გ–ა ი. ბ–ს შემთხვევის ადგილზე ყოფნის გამო იყო გაღიზიანებული, იგინებოდა და სახლიდან გაგდებით იმუქრებოდა. თავად დ. გ–მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბარლდებაში, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი უარყვეს და მხოლოდ ძმებს შორის არსებული კონფლიქტი დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა ბრალდების მხარის მოწმეებმა – რ. ც–მ, შ. გ–მ, ბ. გ–მ, ბ. კ–მა და ფ. გ–ამ.
5.4. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ იქნა თანაბარი მტკიცებითი ძალის მქონე ერთგვაროვანი მტკიცებულებები, რომელთა შორის არის არსებითი ურთიერთწინააღმდეგობა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჭიროებდა დამატებით ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებას, რომელსაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა მინიჭებოდა მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ, დაზარალებულების – ი. ბ–სა და ნ. ქ–ს ჩვენებები, ასევე ს. გ–ს გამოკითხვის ოქმი წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულ გ. გ–ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ დ. გ–ა მას და მისი ოჯახის წევრებს თავების მოჭრით არ დამუქრებია, დათოსთან კამათის დროს მასთან ახლოს მისი ცოლ-შვილი არ იმყოფებოდა და დ. გ–ა მათ არ დამუქრებია, ის იმყოფებოდა მის გვერდით და მუქარის განხორციელების შემთხვევაში, პირველ რიგში თვითონ გაიგებდა. ამდენად, დ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ვერ იქნა წარმოდგენილი, თანხვდენილი და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა.
5.5. პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გაქარწყლდება გონივრული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა დ. გ–აას დამნაშავედ ცნობისათვის.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.8. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
შალვა თადუმაძე