საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100122006014186
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №541აპ-24 ქ. თბილისი
მ. ბ., 541აპ-24 9 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ბ. მ–ს - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 10 ივნისს, დილის საათებში, ქალაქ ბ–ში, ........ის ქუჩის N.. ......ის ქუჩის N..-ში მდებარე სს ,,......... ბანკის“ N... სერვისცენტრში, ბ. მ–ე თავს დაესხა მოლარე თ. ჭ–ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, პისტოლეტის დემონსტრირებით მოსთხოვა თანხის გადაცემა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. ბ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 10 ივნისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ჩ–მა მოითხოვა ბ. მ–სის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ჩ–მა, რომელიც ითხოვს ბ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს ბ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ბ. მ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულ თ. ჭ–ს, მოწმეთა: თ. მ–ს, რ. თ–ს, ლ. დ–ს, ზ. ჯ–ს, ნ. ხ–ს, ნ. რ–ს, თ. შ–ს, თ. ზ–ს, თ. ჭ–ს, გ. ფ–ს, ნ. ფ–ს ჩვენებებით, პირის ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სს „........ ბანკის“ N... სერვისცენტრის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით და მათი დათვალიერების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. მ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის – ყაჩაღობის – ჩადენა.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; მთავარია ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით...... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17)
12. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული და შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები ერთგვაროვნად და თანმიმდევრულად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს. ყველა მათგანი ცალსახად ადასტურებს ბ. მ–ს მიერ დაზარალებულისათვის იარაღის გამოყენების მუქარით ფულის მოთხოვნის ფაქტს. მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია როგორც იარაღის გამოყენების მუქარით ფულის მოთხოვნის, ისე მოვლენათა განვითარების ნაწილში (ბ. მ–ს ბანკში შესვლის, რიგის ნომრის აღების, N.. სალაროსთან ლოდინის, თ. მ–სათვის ხელის ჩაჭიდების, იარაღის სალაროს ხონჩაში ჩადების, ფულის მოთხოვნის, იარაღიდან გასროლის, სალაროს კარების გაღების მცდელობის, კვლავ თანხის მოთხოვნისა და ბანკის დატოვების ნაწილში). იმავდროულად, მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებთან, რომლის დათვალიერებისას მოწმეებმა: თ. მ–მ და თ. ჭ–მ ამოიცნეს ბ. მ–ე, (სასამართლო ასევე ითვალისწინებს 2022 წლის 10 ივნისის პირის ამოცნობის ოქმებს). სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა; არ დასტურდება აღნიშნულ მოწმეთა მიკერძოებულობა და ბ. მ–ს ცრუდ მხილების განზრახვა.
13. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო ასევე დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ფოტოსურათით ბ. მ–ს ამოცნობა მოხდა მას შემდეგ, რაც ბ. მ–ე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით გაიყვანეს შემთხვევის ადგილზე - ს.ს. ,,........ ბანკის“ ფილიალში, რა დროსაც მას უშუალო შეხება ჰქონდა იქ მომუშავე პირებთან, მათ შორის შემდგომში ფოტოსურათით ბ. მ–ს ამოცნობაში მონაწილე პირებთან. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთი მხრივ დგინდება, რომ 2022 წლის 10 ივნისს საგამოძიებო მოქმედებები - პირის ამოცნობა და საგამოძიებო ექსპერიმენტი - ჩატარდა სხვადასხვა ტერიტორიაზე (პირის ამოცნობა – საქართველოს შსს ა–ს ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ქ. ბ–ში, .......ის ქ. N..-ში, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტი – ბ–ში, ........ის ქუჩის N.. ......ის ქუჩის N..-ში მდებარე სს ,,....... ბანკის“ N... სერვისცენტრში). ამასთან, საგამოძიებო მოქმედება – პირის ამოცნობა ფოტოსურათით, თ. მ–სთან ჩატარდა 14:10:10-14:35:10 საათზე, ხოლო ნ. ფ–სთან – 16:55:10 – 17:23:10 საათზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი კი ბ. მ–ს მონაწილეობით ს.ს. ,,...... ბანკის“ ფილიალში 17:15-17:40 საათზე. მეორე მხრივ, კი სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ბ. მ–სთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას თ. მ–ს და ნ. ფ–ე იმყოფებოდნენ სს ...... ბანკის მითითებულ ფილიალში, ესწრებოდნენ ან/და მონაწილეობდნენ საგამოძიებო ექსპერიმენტში.
14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება ბ. მ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (Kuparadze v. Georgia, No.30743/09, par 76, ECtHR, 21/09/2017).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე