გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 28.06.2002
საქმის ნომერი
3კ/538-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.06.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹3კ-538-02 26 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება და მისივე კუთვნილ მეორე სახლში შესახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

კასპის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ირიცხება ს. მ. ოღლი. მასთან ერთად ცხოვრობს მეუღლე ნ. ი. კ-ზი და უმცროსი შვილის _ კასატორ გ. ს. ოღლის, ოჯახი. უფროსი ვაჟიშვილის, ვ. ს. ოღლის, საკუთრებაშია იმავე სოფელში მდებარე სხვა სახლი.

2001წ. ივლისში ს. მ. ოღლიმ და ნ. ი. კ-ზიმ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში გ. ს. ოღლის და მისი მეუღლის, მ. ი. კ-ზის, საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებისა და ვ. ს. ოღლის მიერ დაკავებულ სახლში შესახლების შესახებ.

კასპის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა მოპაუხეების სადავო სახლიდან გამოსახლება და ვ. ს. ოღლის კუთვნილ სახლში შესახლება.

გადაწყვეტილება სააპეაიცო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გ. ს. ოღლიმ და მ. ი. კ-ზიმ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 14 იანვრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცვალა იმგვარად, რომ გ. ს. ოღლი და მ. ი. კ-ზი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლებულ იქნენ სოფ. ... მდებარე ვ. ს. ოღლის საკუთრებაში არსებულ სახლში.

გ. ს. ოღლი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სადავო სახლიდან მისი გამოსახლების საკითხის დასაყენებლად მესაკუთრეს არ გააჩნდა დასაბუთებული პრეტენზია. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა მტკიცებულებად კასპის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის განაჩენი, რადგან იგი გამოტანილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საბინაო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აღაიანის გამგეობიდან 2001წ. 18 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად სოფ. ... მდებარე სადავო სახლი ს. მ. ოღლის სახელზეა აღრიცხული, ხოლო 1965 წელს აშენებული სახლის მესაკუთრე ვ. ს. ოღლია.

ს. მ. ოღლიმ მისი კუთვნილი სახლიდან შვილის და რძლის გამოსახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები მას და მის მეუღლეს სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ხელწერილით გაფრთხილებულნი იყვნენ პოლიციის მუშაკების მიერ.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, აგრეთვე, კასპის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც მოპასუხე მ. ზ-ოვა მსჯავრდებულ იქნა დედამთილისათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი, ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

სადავო სახლის მესაკუთრესა და მოპასუხეთა ოჯახს შორის გამწვავებული კონფლიქტური ურთიერთობის არსებობის ფაქტი ჩაითვალა სადავო ბინის მფლობელობის შეწყვეტაზე დასაბუთებული პრეტენზიის წაყენების საფუძვლად, ხოლო ასეთ პირობებში მესაკუთრის მიერ კანონით მინიჭებული უფლების განხორციელება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უფლების ბოროტად გამოყენებად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ვ. ს. ოღლის მფლობელობაში არსებული სახლის მესაკუთრეა ს. მ. ოღლი. აღაიანის გამგეობის მიერ 2001წ. 26 ივნისს გაცემულ ცნობაში კი გარკვევით არის მითითებული, რომ 1985 წელს აშენებული სახლი მოსარჩელემ სანოტარო ხელშეკრულებით აჩუქა შვილს ვ. ს. ოღლის და აღრიცხულია ამ სახლის მესაკუთრედ.

მტკიცებულებათა შეფასებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

თუ საქმის ხელახლა განხილვის დროს სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი ვ. ს. ოღლის სახლში მოპასუხეების შესახლების ნაწილში აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ს. ოღლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.