დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 13.09.2002
საქმის ნომერი
3კ/573-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.09.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-573-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: შენობიდან გამოსახლება (ძირითადი სარჩელი), შენობით სარგებლობის უფლების დატოვება (შეგებებული სარჩელი).

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ქ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ნ. თ-ის გამოსახლება ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... სამკერვალო ატელიედან შემდეგი საფუძვლით: 2000წ. 28 ივლისს აუქციონის წესით შეიძინა სამკერვალო ატელიეს შენობა, რაზედაც ხელვაჩაურის რაიონის ქონების მართვის სამმართველოსთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება. ატელიე დაკავებული აქვს ადრე იქ მომუშავე მკერავ ნ. თ-ეს და არ აძლევს შესყიდული შენობით სარგებლობის უფლებას.

ნ. თ-ემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ატელიეთი სარგებლობის უფლების აღდგენა შემდეგი საფუძვლით: 1985 წლიდან მუშაობდა სადავო ატელიეში მკერავად. 1981 წელს შენობას თავისი ხარჯებით ჩაუტარა რემონტი, ატელიეს პრივატიზაციის დროს დაირღვა პრივატიზების შესახებ კანონი. კერძოდ, მას, როგორც 15წ. სტაჟის მქონე მუშაკს, შესყიდვის უპირატესი უფლება ჰქონდა, ამიტომ ჯერ მისთვის უნდა შეეთავაზებინათ შენობის შესყიდვა და შემდეგ გაეტანათ აუქციონზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი ნ. თ-ის სადავო შენობიდან გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ნ. თ-ის შეგებებული სარჩელი შენობით სარგებლობის უფლების თაობაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აუქციონის ჩატარების დროს დაირღვა ნ. თ-ის უფლებები, რადგან აუქციონის შესახებ მას დროულად არ ეცნობა. მან ვერ განახორციელა შენობის შეძენის ნება.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 იანვრის გადაწყვეტილება და ნ. თ-ე გამოსახლებული იქნა მოსარჩელის საკუთარი შენობიდან. ასევე არ დაკმაყოფილდა ნ. თ-ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 12 დეკემბრის დადგენილებით სამკერვალო ატელიე შეტანილი იყო საპრივატიზაციო ნუსხაში და აუქციონის წესით აღნიშნული ობიექტის გაყიდვის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთში ერთი თვის ადრე. აღნიშნული შენობა აუქციონზე გაიყიდა 1432 ლარად, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებული გადაეცა ა. ქ-ეს. ამრიგად, სამკერვალო ატელიეს მესაკუთრე არის მოსარჩელე და თანახმად სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ნ. თ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო შენობაზე სარგებლობის უფლების შენარჩუნება. კერძოდ, სააპელაციო პალატამ სადავო საკითხის გადაწყვეტისას დაარღვია საქართველოს კანონი “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” რადგან დავის საგანი იყო სახელმწიფო ქონება, მან კი არასწორად გამოიყენა სკ-ს 170-ე მუხლი, რადგან დავის საგანი არის სახელმწიფო ქონება და ამით დარღვეული იქნა საქართველოს კანონი “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ”.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 12 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე სოფ. ... საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი სამკერვალო ატელიე შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ნუსხაში. ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ აჭარაში აუქციონის გამართვამდე ერთი თვით ადრე.

2000წ. 14 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში გამართულ აუქციონზე აღნიშნული შენობა ა. ქ-ემ 1432 ლარად შეისყიდა. 2001წ. 23 მარტს აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ა. ქ-ის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹0164-ა, მოწმობა, რომლითაც მას საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე ტანსაცმლის სამკერვალო სახელოსნო. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველი გახდა გამყიდველს _ ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებასა და ა.ქ-ეს შორის 2000წ. 12 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აჭარის ა/რ სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2001წ. 27 მარტს გაცემულია ტექნიკური პასპორტი, რომლითაც სადავო შენობის მესაკუთრედ ა. ქ-ეა რეგისტრირებული.

კასატორის ნ. თ-ის ძირითადი პრეტენზია მიმართულია პრივატიზაციისა და აუქციონის შედეგების უკანონობაზე, მაშინ როცა აღნიშნული მოთხოვნა მას მოცემულ დავის განხილვისას არ დაუყენებია და შესაბამისად დავის საგანს აუქციონის შედეგების ბათილობა ან გაუქმება არ წარმოადგენდა. მან შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო შენობის სარგებლობის უფლების შენარჩუნება.

პალატა დადასტურებულად თვლის, რომ სადავო სამკერვალოს მესაკუთრე ა. ქ-ეა და კანონიერად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სკ-ს 170-ე მუხლის საფუძველზე დაკმაყოფილდა სადავო შენობიდან მოპასუხის გამოსახლების მოთხოვნა.

პალატა ასევე სწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ქ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან ამ უკანასკნელს არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი, ფლობდეს სადავო ფართს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.