საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.09.2024
საქმის ნომერი
2კ-934აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100121005263861

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №934აპ-24 26 სექტემბერი, 2024 წელი

პ–ე თ., №934აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. პ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ნ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. პ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 17 ოქტომბერს თ–ში, ............ის ქუჩა №...-ე კორპუსის ბინა №..-ში ურთიერთშელაპარაკებისას, თ. პ–მ სცემა პ. კ–ი და ც კ–ი. კერძოდ, თ. პ–მ ორივე მათგანს ხელი და ფეხი ჩაარტყა გულ-მკერდისა და წვივის არეში. აღნიშნული ქმედებებით პ. კ–იმა და ც კ–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით თ. პ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. პ–მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ნ. ბ–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, წარდგენილი ბრალდებით თ. პ–ს უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 18 ივლისს, მსჯავრდებულმა თ. პ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. ბ–მა საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, თ. პ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორთა პოზიციით, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა თ. პ–ს ბრალეულობას. თ. პ–ე შემთხვევის ადგილზე გაზის ქსელში ავარიული მდგომარეობის გამოსასწორებლად მივიდა, რათა მოეხდინა გაზის სავარაუდო გაჟონვით გამოწვეული ავარიული სიტუაციების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია. მას უნდა გაეტარებინა ქმედითი ღონისძიებები, რათა თავიდან აეცილებინა აფეთქება და სხვა უბედური შემთხვევები. დაზარალებულებმა - ც. და პ. კ–ებმა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ ისინი წინააღმდეგნი იყვნენ თ. პ–ს დაეშალა მათი გარდაცვლილი მამის მიერ გაკეთებული გაზის მოწყობილობა. აღნიშნულით ასევე დადასტურდა, რომ თ. პ–ე ძმებმა გარეთ გაათრიეს, რის გამოც მან გაზის ქსელის შემოწმება ვერ დაასრულა. იგი ცდილობდა მათგან თავის გათავისუფლებას, რის გამოც შებოჭილი იქნევდა ხელ-ფეხს. მას არ ჰქონდა აღნიშნულ პირთა ცემის განზრახვა, მხოლოდ მათგან თავის დაღწევას ცდილობდა. მან ადგილზე არსებული წინააღმდეგობის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა დისპეჩერი, რომელმაც დარეკა საპატრულო პოლიციაში. თვითონ დაზარალებულებმა კი განაცხადეს, რომ ისინი არ იყვნენ ნაცემები. მათ ძიძგილაობის დროს მიიღეს დაზიანებები. გარდა ამისა, დაზიანებები აღენიშნებოდა თ. პ–საც, რომლის ცემის ფაქტიც აღიარა ც კ–მა. მოწმე ი. ფ–მ კი დაადასტურა, რომ თ. პ–ს მიათრევდნენ ძმები კ–ები. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში თ. პ–ე ვერ შეძლებდა ორი ადამიანის ცემას. კასატორები ასევე უთითებენ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უტყუარად იმის მტკიცება, რომ დაზარალებულებს დაზიანება მიაყენა თ. პ–მ მოკლებულია საფუძველს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ. პ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას თ. პ–ს უდანაშაულობის შესახებ, ასევე, მსჯავრდებულ თ. პ–სის ჩვენებას, რომ იგი ვალდებული იყო დაეშალა ჩაშენებული ელექტროღუმელი, რა დროსაც იგი სცემეს ც და პ. კ–ებმა, რის გამოც მხოლოდ თვითონ არის დაზარალებული და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების - ც კ–სა და პ. კ–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დადგინდა, რომ 2021 წლის 17 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, თ–ში, ............ის ქუჩა №...-ე კორპუსის ბინა №..-ში მდებარე მამისეულ სახლში, სამზარეულოს კარადაში განთავსებული მილიდან ჟონავდა გაზი, რის შესახებაც შეატყობინეს შესაბამის სამსახურს. პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე გამოცხადდა თ. პ–ე, რომელმაც სამზარეულოში განთავსებული წყლის გამაცხელებელის შეკეთების შემდეგ გადაწყვიტა დაეშალა კარადაში ჩამონტაჟებული ელექტროქურა. ვინაიდან პრობლემა უკვე მოგვარებული იყო, მას პ. კ–მა მოუწოდა თავი დაენებებინა ელექტროღუმელისთვის. აღნიშნულზე თ. პ–სე გაღიზიანდა და უპასუხა, რომ ქონების მესაკუთრის პოზიციის მიუხედავად იგი ამოწმებდა ყველაფერს. მათ არაეთხელ მოუწოდეს თ. პ–ს დაეტოვებინა მათი ბინა, თუმცა იგი გახდა არაადეკვატური და წასვლის ნაცვლად დარბოდა ოთახებში. ვინაიდან თ. პ–ე საკუთარი ნებით არ ტოვებდა სახლს, მათ მას აქეთ-იქედან მოჰკიდეს ხელი და დააპირეს მისი კარისკენ გაყვანა. ამ დროს მათ თ. პ–მ გაუწია წინააღმდეგობა და ხელ-ფეხის მეშვეობით სხეულის სხვადასხვა არეში ორივეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მათ თ. პ–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულთა ჩვენებები გამყარებულია იმ დროს ბინაში მყოფი მოწმის - ი. ფ–ს ჩვენებით, რომელმაც ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა.

5.5. ის რომ პ. და ც. კ–ებს აღენიშნებოდათ დაზიანებები დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. კეძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №......... დასკვნით დგინდება, რომ პ. კ–ის აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე, ასევე ნაჭდევები ამავე წვივის და მარჯვენა წინა მხრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები არ ეწინააღმდეგება 2021 წლის 17 ოქტომბრის თარიღს. ექსპერტიზის №....... დასკვნით კი დგინდება, რომ ც. კ–ის აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი არ ეწინააღმდეგება 2021 წლის 17 ოქტომბრის თარიღს.

5.6. სასამართლო ასევე ყუარდღებას ამახვილებს მოწმეების - გ. ხ–სა და დ. ც–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 17 ოქტომბერს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მისამართზე, სადაც მათ დახვდათ თ. პ–ე და ძმები კ–ები. პირად საუბარში ორივე მხარე ადასტურებდა ერთმანეთის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრილია საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში შესულ შეტყობინებასთან, რომელშიც მითითებულია, რომ 2021 წლის 17 ოქტომბერს, თ–ში, ............ის ქუჩა №...-ე კორპუსის ბინა №..-ში ც. კ–მა, პ. კ–მა და თ. პ–მ ერთმანეთის მიმართ განახორციელეს ძალადობა.

5.7. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებმა - ც. და პ. კ–ებმა თანამიმდევრულად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. მათი ჩვენებები გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით. შესაბამისად, საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებში, ასევე სხვა მტკიცებულებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორებს კი არ მიუთითებიათ რაიმე გარემოებაზე, რაც პალატას მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ვერ გახდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება თ. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. პ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ნ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე