საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122006189711
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №938აპ-24 24 სექტემბერი, 2024 წელი
ტ–ი შ., №938აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ტ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ - მ. ვ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. ტ–ი (პირადი ნომერი: N..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ–ი, ა–ს ქუჩა №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ. ტ–მა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, კი, ქალის მამაკაცისადმი მორჩილების და იმ მოტივით, რომ ქალს მიიჩნევდა მის საკუთრებად და ამ საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. ზ–ს. კერძოდ, ხელი ჰკრა და დააგდო ძირს, ძლიერად მოუჭირა ხელები და კეფის არეში დაარტყა ხელი. თითოეული აღნიშნული ძალადობის შედეგად, მ. ზ–სემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ შ. ტ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა და დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ტ–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ–ი, ა–ს ქუჩა №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ. ტ–სმა, წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. ზ–ს, კერძოდ, ხელი კრა და დააგდო ძირს, ძლიერად მოუჭირა ხელები და კეფის არეში დაარტყა ხელი. თითოეული აღნიშნული ძალადობის შედეგად, მ. ზ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მარტის განაჩენით შ. ტ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2100 ლარი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2022 წლის 4 აგვისტოდან 2022 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - მ. ვ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, წარდგენილი ბრალდებით შ. ტ–ს უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 8 ივლისს, მსჯავრდებულ შ. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - მ. ვ–იმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა შ. ტ–ს ბრალეულობას. განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ მ. ზ–სის ცრუ ჩვენებას, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. მ. ზ–ე არ ცხადდებოდა სასამართლოში, რის გამოც საჭირო გახდა მისი იძულებით მიყვანა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას არ სურდა გამოძიებაში მიცემული ცრუ ჩვენების სხდომაზე დადასტურება. ამასთან, დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, მხოლოდ გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ დაადასტურა მასზე ძალადობის ფაქტი. გარდა ამისა, გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მათ სამეგობროში შ. ტ–სთან დაშორების მიზეზად ძალადობა დასახელებულიყო და არა მის მიერ შ. ტ–სისთვის დაავადების გადადება, რაც მ. ზ–ს იმიჯს აკნინებდა. მოწმე უ. გ–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ქუჩაში გავლისას გაიგო ფრაზა - „არ დამარტყა“. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ შ. ტ–ს დაზარალებულისთვის არ დაურტყამს და მასზე არ უძალადია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებული ეტყოდა - „ნუ მირტყამ“ ან „აღარ დამარტყა“. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის N251აპ-16, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 და 2016 წლის 28 არილის N561აპ-15 გადაწყვეტილებებზე და განმარტავს, რომ წარმოდგენიული არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ტ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ. ტ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას შ. ტ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ მ. ზ–სის ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მას შ. ტ–სთან ორი თვის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. 2022 წლის 3 აგვისტოს მასთან სახლში მოულოდნელად მივიდა შ. ტ–სი, რომელიც იყო ძალიან გაღიზიანებული, გინებით შეიჭრა სახლში და ეუბნებოდა, წინა დღეს რატომ არ გაუღო კარი. ამის შემდეგ, მას შ. ტ–სმა დაარტყა ხელი. იგი დავარდა ძირს და წამიერად წაუვიდა გული. გონზე მოსვლისას დააპირა ტელეფონის აღება და პოლიციაში დარეკვა, რა დროსაც მას შ. ტ–სმა ხელი კეფის არეში დაარტყა და ძლიერად მოუჭირა მაჯაზეც. მან აღნიშნული ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი, ხოლო მაჯაზე და ფეხებზე ჰქონდა დალურჯებები. იმის გამო, რომ შ. ტ–ი არ ანებებდა თავს და არ მიდიოდა, უთხრა, რომ ფანჯრიდან გადახტებოდა. ამ დროს ხმაური გაიგონა მეზობელმა, რომელმაც დარეკა პოლიციაში. შემდეგ კი თვითონაც დარეკა 112-ში, სადაც უთხრეს, რომ საპატრულო პოლიცია უკვე გამოძახებული იყო. სხვა დროს, შ. ტ–სის მხრიდან მასზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მის მიმართ პრეტენზია არ აქვს.
5.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში 2022 წლის 3 აგვისტოს განხორციელებული შეტყობინებით დადგენილია, რომ მ. ზ–მ ოპერატორს განუცხადა რომ მას სცემა შ. ტ–სმა. საგამოძიებო ექსპერიმენტისას კი დეტალურად აღწერა შემთხვევის დროს შ. ტ–სის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ N.......... შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძვლად მითითებულია 2022 წლის 3 აგვისტოს შ. ტ–სის მხრიდან მ. ზ–სისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რა დროსაც მან განიცადა ტკივილი. გარდა ამისა, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი (მ. ზ–ე) უჩიოდა თავის ტკივილს კეფის მიდამოში, რასაც უკავშირებდა თავში ხელის ჩარტყმას. სასწრაფო დახმარების ექიმის - თ. გ–სის გამოკითხვის ოქმით კი დადასტურდა, რომ მას მ. ზ–მ განუმარტა, რომ მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მას აღენიშნებოდა ემოციური დაძაბულობა და თავში ხელის ჩარტყმის გამო კეფის მიდამოში უჩიოდა ტკივილს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ 2022 წლის 3 აგვისტოს შ. ტ–ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად მ. ზ–მ განიცადა ტკივილი.
5.6. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენება თანხვედრილია მოწმე უ. გ–ს ჩვენებასთან, რომელიც მართალია ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია, თუმცა 2022 წლის 3 აგვისტოს, საღამოს, თ–ში, ა–ს ქუჩა №.., №.. კორპუსის წინ გავლისას მან გაიგო ქალის ყვირილი - „მეზობლებო დამეხმარეთ“, „არ დამარტყა“ და მესამე სართულის აივანზე დაინახა ქალბატონი, რის შემდეგაც დარეკა საპატრულო პოლიციაში, რაც დასტურდება საგანგებო სიტუაციეების ცენტრ 112-ში შესული შეტყობინებითაც. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს, რომ მ. ზ–ე ნამდვილად ითხოვდა მეზობლების დახმარებასა და შველას. შესაბამისად, ის რომ მოწმეს არ გაუგია დაზარალებულის მიერ წარმოთქმული სხვა სიტყვები, არ გამორიცხავს შ. ტ–ს ბრალეულობას.
5.7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ დაზარალებულს შ. ტ–ს მიმართ აქვს ინტერესი, კერძოდ, იგი ცრუდ ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში, რათა დამალოს მათი დაშორების რეალური მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის ჩვენებასა და სხვა მტკიცებულებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა, მითუფრო, როცა დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას შ. ტ–სთან პრეტენზია არ აქვს. კასატორს კი არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც პალატას მის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა. დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ვერ გახდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. დაზარალებულმა ამომწურავი, სრულყოფილი და თანმიმდევრული პასუხი გასცა ყველა შეკითხვას და მისი ჩვენება სრულად თანხვედრილია სხვა მტკიცებულებებთან. გარდა ამისა, დაზრალებული პირველივე წინადადებაში უთითებდა შ. ტ–ს მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, შესაბამისად, კასატორის არგუმენტი, რომ დაზარალებულმა მხოლოდ გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ დაადასტურა ძალადობის ფაქტი, მოკლებულია საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება შ. ტ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - მ. ვ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე