დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 26.07.2002
საქმის ნომერი
3კ/750-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.07.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-750-02 26 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 1 სექტემბერს გ. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ., თი., თე. და თა. მ-ეების წინააღმდეგ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.

სარჩელში აღნიშნა, რომ 1989 წელს, მასსა და მოპასუხე გ. მ-ეს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმად მოსარჩელეს მოპასუხის სახლზე უნდა გაეკეთებინა ვერანდები და საწვიმარი ღარები. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებაზე შეთანხმება მოხდა მოპასუხე თე. მ-ის თბილისიდან ჩამოსვლის შემდეგ და გადასახდელ თანხად განისაზღვრა 2000 რუსული მანეთი. სამუშაოს შესრულების დროს შეთანხმება შეიცვალა და მოპასუხეებმა, ფულის ნაცვლად, შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა ივალდებულეს 200 კვ.მ მინით. სამუშაოები დასრულდა 1990წ. დასაწყისში, მაგრამ მოპასუხეებმა მისი ღირებულება არ გადაიხადეს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან რამდენიმეჯერ ჩააკითხა თბილისში თე. მ-ეს, რომელიც ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მინა ჯერ არ ჰქონდა და პირდებოდა მის შოვნას. თე. მ-ე მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციაში და თბილისიდან ატანდა ხოლმე რკინას, ხის მასალას, საღებავს კასრებში. სულ გამოატანა ხუთი რეისი, საიდანაც ორჯერ ტრანსპორტირების ხარჯები _ 800 მანეთი გადაიხადა თვითონ, რომლის საფასურადაც მოპასუხეს უნდა მიეცა 8 ტ. რკინა. მითითებული რკინის მასალა გ. გ-ემ მიიტანა თავის სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ თე. მ-ემ სთხოვა მას, რომ მისი ძმის _ თა. მ-ისათვის მიეცა 2 ტ. რკინა, რასაც შემდგომში თვითონ დაუბრუნებდა. აღნიშნულ წინადადებას მოსარჩელე დათანხმდა, მაგრამ თა. მ-ემ ისარგებლა რა მისი სახლში არყოფნით, 2 ტონის მაგივრად წაიღო 6 ტ. რკინა. ამის შემდეგ იგი კვლავ სთხოვდა მოპასუხეებს მინასა და რკინას, რაზედაც პირდებოდნენ, რომ მისცემდნენ, მაგრამ პირობას არ ასრულებდნენ. 1999 წელს მ-ეებმა განუცხადეს, რომ, თითქოს მას მინა და რკინა წაღებული ჰქონდა, რითაც მიხვდა, რომ მოპასუხეები მას აღარაფერს მისცემდნენ.

მოსარჩელე გ. გ-ემ მიუთითა, რომ მისგან წაღებული 6 ტ. რკინიდან 2 ტონაზე პასუხისმგებელი იყო თე. მ-ე, რაზედაც შეთანხმებული იყვნენ, ხოლო 4 ტ. კი უნდა დაებრუნებინა თა. მ-ეს, ვინაიდან იგი წაიღო შეუთანხმებლად. 200 კვ.მ მინის ანაზღაურება მოსარჩელემ მოითხოვა გ., თი., და თე. მ-ეებისაგან.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე თე. მ-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 200 კვ.მ მინის გადაცემა ან მისი ღირებულების _ 2400 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხე თე. მ-ემ. აპელანტმა გ. გ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო აპელანტმა თე. მ-ემ მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, რის გამოც, ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად დავა უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964წ). აღნიშნული კოდექსის მიხედვით, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებას.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თე. მ-ემ, მოსარჩელეს, თბილისიდან გაატანა ორი რეისი არმატურის რკინა, საიდანაც ამ უკანასკნელმა, თვით თ. მ-ის მითითებით ერთი რეისი მიიტანა თავის ეზოში, ვინაიდან, თ. მ-ის სახლამდე, გზის არარსებობის გამო, მანქანა ვერ ადიოდა. აღნიშნულის შესახებ გ. გ-ემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომ მითითებული რკინის მასალა ნამდვილად მისცა თე. მ-ემ ტრანსპორტირების ხარჯების სანაცვლოდ და, რომ იგი ნამდვილად მისი იყო. ამდენად, გ. გ-ის მოთხოვნა, მოპასუხისათვის 4 ტ. რკინის ღირებულების _ 3600 ლარის დაკისრების შესახებ, მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, ასევე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მისი მოთხოვნა 2 ტ. რკინის არმატურის ღირებულების _ 1200 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია თე. მ-ის მოთხოვნა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. პალატამ დადგენილად ცნო, რომ სამუშაოების დამთავრების შემდეგ (1990წ. შემდეგ), იგი სისტემატურად აკითხავდა თბილისში მომუშავე თე. მ-ეს, რათა მიეღო თავისი შრომის ანაზღაურება, რასაც მოვალე ვერ აძლევდა, მაგრამ პირდებოდა, რომ შემდგომში აუცილებლად გაუსტუმრებდა ვალს. სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მხოლოდ 1999 წელს შეიტყო გ. გ-ემ თავისი დარღვეული უფლებების შესახებ, როდესაც გაეცნო მ-ის მიერ მოქალაქე ჟ. კ-ის სახელზე დაწერილ წერილს, სადაც ნათქვამი იყო, რომ სასამართლოს გარეშე ისინი ვერ მორიგდებოდნენ.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-ემ და თე. მ-ემ.

კასატორი გ. გ-ე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

კასატორი თე. მ-ე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მითითებით, რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მენარდეს, გ. გ-ეს, შეკვეთილი სამუშაო ბოლომდე არ შეუსრულებია. დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მტკიცება, თითქოს 2000 რუსული მანეთის სანაცვლოდ მხარეები შეთანხმდნენ 200 კვ.მ მინის გადაცემის შესახებ. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 358-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სამუშაოს შესრულების დროს აშკარა გახდება, რომ იგი ჯეროვნად არ იქნება შესრულებული, შემკვეთს შეუძლია მენარდეს დაუნიშნოს სათანადო ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, ხოლო თუ მენარდემ ეს მოთხოვნა დათქმულ ვადაში არ შეასრულა, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება. სასამართლომ, ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლი და არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოება იმ ნაწილში, რომ მენარდემ სამუშაო არ შეასრულა.

სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ გ. გ-ის მიერ დაცული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რითაც დაარღვია სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის მოთხოვნა. კასატორის მითითებით ის მართლაც ატანდა ხოლმე მოსარჩელეს სამშენებლო მასალებს, რასაც ეს უკანასკნელი უკეთებდა რეალიზაციას და იღებდა მოგებას, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯებს იხდიდა თვითონ და არა გ. გ-ე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და თვლის, რომ კასატორთა მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 343-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით ერთი მხარე (მენარდე) კისრულობს თავისი რისკით შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო მეორე მხარის (შემკვეთის) დავალებით მისი ან თავისი მასალით, ხოლო შემკვეთი კისრულობს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაიხადოს მისი ღირებულება.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც გ. გ-ემ ვალდებულება იკისრა თ. მ-ისათვის შეესრულებინა სამუშაო, ხოლო ამ უკანასკნელს გადაეხადა მისი საზღაური.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორ გ. გ-ის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ თე. მ-ემ მას თბილისიდან გაატანა ორი რეისი რკინის მასალა და ერთი რეისი თვით მ-ის მითითებით კასატორმა მოიტანა თავის სახლში. გ. გ-ემ ვერ წარმოადგინა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იმის დასადასტურებლად, რომ 4 ტ. რკინის მასალა ტრანსპორტირების ხარჯების სანაცვლოდ მას ეკუთვნოდა და თე. მ-ე ვალდებული იყო გადაეხადა მისი ღირებულება _ 3600 ლარი.

სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს.

საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორ გ. გ-ის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2 ტ. რკინის არმატურის ღირებულების _ 1200 ლარის დაკისრების შესახებ. კასატორმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება თე. მ-ის ასეთი ვალდებულების არსებობის შესახებ.

საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორ თე. მ-ის მითითება, რომ მოსარჩელის მიმართ მას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა შესასრულებელი და რაიონულმა სასამართლომ არასწორად დააკისრა 200 კვ.მ მინის ან მისი ღირებულების _ 2400 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოება მიმდინარეობდა 1989-1990წ.წ. სამუშაოთა მსვლელობის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაცვლად თე. მ-ე მოსარჩელეს მისცემდა 200 კვ.მ მინას, რაც მან არ შეასრულა. კასატორმა თე. მ-ემ საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ ვერ წარმოადგინა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა) განისაზღვრება სამი წლით.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე პირდებოდა მოსარჩელეს მომსახურების საფასურის გადახდას. მოსარჩელე მის შეპირებას ცნობდა, ე.ი. არსებობდა მხარეთა გარიგება ხელშეკრულების შესრულების ვადის გაგრძელებაზე.

საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ გ. გ-ემ თავისი დარღვეული უფლებების შესახებ შეიტყო 1999 წელს, როდესაც გაეცნო მ-ის მიერ ჟ. კ-ის სახელზე შედგენილ წერილს, სადაც ნათქვამი იყო, რომ სასამართლოს გარეშე ისინი ვერ მორიგდებოდნენ. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ გ. გ-ეს სარჩელის შეტანის უფლება წარმოეშვა 1999 წელს, რომელიც შეტანილ იქნა 2000 წელს. ამდენად, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ თვლის კასატორ თე. მ-ის მითითებას მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული განჩინება სწორი და სამართლებრივად დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. გ-ისა და თე. მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.