გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 30.09.2002
საქმის ნომერი
3კ/806-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.09.2002

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-806-02 3კ-806-02 30 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. შ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “...-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად იგი იძულებული იყო შეეძინა ელექტროგენერატორი, დაეხარჯა საწვავი, ნავთის ნათურის წვის შედეგად გაეჭვარტლა ჭერი, რის გამოც მან ჩაატარა ბინაში რემონტი, რაზეც დაიხარჯა გარკვეული თანხები. გარდა ამისა, ნერვიულობის ნიადაგზე მას შეერყა ჯანმრთელობა, დაუქვეითდა მხედველობა და გაუმწვავდა დიაბეტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა 25000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება დ. შ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის დანიშნულ დღეს 2001წ. 25 სექტემბერს, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა სს “...-ის” წარმომადგენელი. დ. შ.-ს შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოპასუხემ საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ ისინი ამ დროს მონაწილეობდნენ სასამართლო პროცესზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული იყო 2001წ. 25 სექტემბერს 13 საათზე, მაგრამ სასამართლო სხდომა დაიწყო 13 საათსა და 25 წუთზე. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო საქმე თ. პ.-ის სარჩელის გამო სს “...-ის” წინააღმდეგ დანიშნული იყო და დაიწყო 25 სექტემბერს 12 საათზე, მაგრამ აღნიშნული საქმე იმ დღეს არ განხილულა, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს შეეძლო გამოცხადება საოლქო სასამართლოში 13 საათზე დანიშნულ სასამართლო პროცესზე, რის გამოც 2002წ. 18 აპრილის განჩინებით არ დააკმაყოფილა მოპასუხის საჩივარი და უცვლელად დარჩა საოლქო სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების, სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ რაიონულმა სასამართლომ დ. შ.-ს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი დ. შ.-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა.

სსკ-ს 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ ესაა გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. კანონი, მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს უქმნის ერთ უპირატესობას _ სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულად.

სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებები მართალია დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ ისინი უნდა იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, ანუ უკავშირებს თუ არა კანონი ამ დამტკიცებულად ჩათვლილ გარემოებებს იმ შედეგს, რომლის დადგომაც სურს მოსარჩელეს.

მითითებული ნორმის თანახმად, იმისათვის რომAსასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მან წინასწარ უნდა შეაფასოს იურიდიულად სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებენ მოთხოვნას, მაშინ სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს სარჩელს, მან უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

მოცემულ საქმეზე სასამარათლომ ისე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა სარჩელი, რომ იურიდიულად არ შეაფასა სარჩელში მითითებული გარემოებები. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვისას სასამართლომ ასევე არ შეამოწმა იურიდიულად რამდენად ამართლებდა სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას.

აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვისას უნდა გაარკვიოს დაცული იყო, თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “...-ის” წარმომადგენლების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.