დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 19.12.2002
საქმის ნომერი
3კ/907-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.12.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-907-02 3კ-907-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე

დავის საგანი: შვილის ნახვის უფლების მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. შ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ე. ქ.-ესთან ქორწინების შეწყვეტა და შვილის დ. შ.-ის ნახვის უფლების მინიჭება შემდეგი საფუძვლით: 1994 წელს ცოლად შეირთო ე. ქ.-ე. ქორწინება რეგისტრირებული იყო საროში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი და. შ.-ი. ოჯახში არსებული სისტემატური კონფლიქტების გამო მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე განაგრძეს ცხოვრება. ყოფილი მეუღლე არ აძლევს საშუალებას, რომ ურთიერთობა ჰქონდეს თავის შვილთან, რითაც უგულვებელყოფს მამის უფლებებს შვილის მიმართ.

ე. ქ.-მ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა დ. შ.-სთან 1994წ. 4 ივნისს რეგისტრირებული ქორწინებისა და დ.შ.-ის მიერ მისი შვილის, პირველი ქორწინებიდან, ი. შ.-ის შვილად აყვანის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით: 1994 წელს ცოლად გაყვა დ. შ.-ს. დ. შ.-ს სახელშეკრულებო ურთიერთობები ჰქონდა მამამისთან, რომელიც იყო ორგანიზაცია “...”-ის დირექტორი. დ. შ.-მ ისარგებლა ამით და მოინდომა, რომ ორი უიღბლო ქორწინებით გულაცრუებული ქალი გამოეყენებინა თავისი მიზნებისათვის, რათა ზეგავლენა მოეხდინა მამამისზე და გაებათილებინა სახელშეკრულებო ვალები. ამიტომ დ. შ.-ის მიზნად არ ჰქონდა ოჯახის შექმნა და ქორწინება ფიქტიურია. რაც შეეხება დ. შ.-ის მიერ შვილის ნახვის უფლებას, მოსარჩელე განმარტავს, რომ დ. შ.-ი ქრონიკული ნარკომანია და შვილთან ურთიერთობა მავნე ზეგავლენას მოახდენს ბავშვზე.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ. შ.-სა და ე. ქ.-ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა. სასამართლომ დაავალდებულა ე. ქ.-ე, არ შეუშალოს დ. შ.-ს ხელი შვილის ნახვასა და მასთან ურთიერთობაში. ე. ქ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ დ. შ.-ი და ე. ქ.-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1994წ. 4 ივნისიდან. სასამართლომ ე. ქ.-ის განმარტება, რომ ქორწინება ატარებდა ფიქტიურ ხასიათს არ მიიჩნია დადგენილად, რადგან ის ფაქტი, რომ ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას არ დასტურდება. რაც შეეხება ი. შ.-ის შვილად აყვანის გაუქმებას, სასამართლოს აღნიშნულზე არ უმსჯელია, რადგან სასამართლოს აზრით, სსკ-ს 1274-ე მუხლის შესაბამისად ასეთ შემთხვევაში, მონაწილეობა უნდა მიიღოს მეურვეობისა და მზრუნველყობის ორგანომ. სასამართლომ არ ჩათვალა დ. შ.-ი ქრონიკულ ნარკომანად და მიიჩნია, რომ მისი შვილთან ურთიერთობა უარყოფითად არ იმოქმედებს ბავშვზე. მიზანშეუწონლად მიიჩნია ზედამხედველოობის დაწესება მამა-შვილის ურთიერთობაზე.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ.-მ. შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. შ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით ე. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დ. შ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილება. დ. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნა შვილთან ურთიერთობის ნაწილში დაკმაყოფილდა. ნება დაერთო მას, იქონიოს ურთიერთობა 1995წ. 25 იანვარს დაბადებულ არასრულწლოვან შვილთან დ. შ.-თან. განესაზღვრა შვილის ნახვისა და ურთიერთობისათვის კვირაში ორი დღე პარასკევის დღის მეორე ნახევრიდან კვირა დღის მეორე ნახევრამდე სახლში წაყვანით. ე. ქ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი დ. შ.-ის მიერ 1989წ. 17 ოქტომბერს დაბადებული ი. შ.-ის შვილად აყვანა და შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ჩანაწერებში. ქორწინების ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. შ.-ის შვილად აყვანა ფიქტიურ ხასიათს ატარებს, რის გამოც სკ-ს 1272-ე მუხლის თანახმად შვილად აყვანა ცნო ბათილად. რაც შეეხება ქორწინების ბათილად ცნობას, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს სკ-ს 1170-ე მუხლით განსაზღვრული ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 1202-ე მუხლის თანახმად, ნება დართო შვილთან ურთიერთობებზე დ. შ.-ს, რადგან დადასტურებულად მიიჩნია, რომ იგი არ არის ნარკომანიით დაავადებული, სხვა შვილთან ურთიერთობის ამკრძალავი რაიმე გარემოება ქ.-ს არ წარმოუდგენია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ქ.-ის წარმომადგენელმა დ.ონიანმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ქორწინების ბათილობაზე უარის თქმის და შვილის ნახვის უფლების ნაწილში და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასამართლომ არ გაითვალისწინა რომ რაიონულმა სასამართლომ ე. ქ.-ის სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა და ქორწინება ნამდვილად მიიჩნია, რადგან დ. შ.-მ იშვილა ე. ქ.-ის შვილი პირველი ქორწინებიდან. სააპელაციო სასამართლოში შ.-მ განაცხადა, რომ შვილება ფიქტიური იყო, რაც აისახა კიდეც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლომ ასევე არასწორად განუსაზღვრა შ.-ს ბავშვის ნახვა. მისცა მას უფლება ბავშვი წაიყვანოს სახლში მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომლის თანამად სპეციალისტებს აუცილებლად მიაჩნიათ შ.-ის ბინიდან მოსახლეობის ევაკუაცია. სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომელიც არ არის კანონიერ ძალაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1993 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი და. შ.-ი, ქორწინების პერიოდში დ. შ.-მ 1995წ. 22 ივნისს შვილად აიყვანა მისი მეუღლის ე. ქ.-ის მცირეწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან. დაქორწინების შემდეგ მეუღლეებმა ცხოვრება დაიწყეს დ. შ.-ის მშობლების ბინაში. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა ე. ქ.-ის სარჩელი და არ ცნო ბათილად ქ.-ს და შ.-ს შორის ქორწინება, რადგან დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ქორწინების რეგისტრაცია მიზნად ისახავდა ოჯახის შექმნას. სკ-ს 1170-ე მუხლის თანახმად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნას ბათილად, თუ დარღვეულია სკ-ს 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სკ-ს 1170-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი პირობა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ რადგან დ. შ.-ის მიერ ე. შ.-ის პირველი ქორწინებიდან შვილის შვილად აყვანა სასამართლოს მიერ ბათილად იქნა მიჩნეული, საფუძველი გამოეცალა მხარეებს შორის ქორწინების ნამდვილად ცნობას. ის, რომ დ. შ.-ის მიერ ე. ქ.-ის პირველი ქორწინებიდან შვილის შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი არ ნიშნავს იმას, რომ ქორწინება მათ შორის ფიქტიური იყო, რადგან როგორც საქმის მასალებით ირკვევა ბავშვის შვილად აყვანა გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვებს ჰქონოდათ ერთნაირი გვარი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად დააკმაყოფილა დ. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნა და ნება დართო მას იქონიოს შვილთან დ. შ.-თან ურთიერთობა. სკ-ს 1202-ე მუხლის თანახმად, “მშობელი, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში”.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შ.-ის შვილთან ურთიერთობა მავნე გავლენას იქონიებს ბავშვზე დ. შ.-ის შვილთან ურთიერთობა აუცილებლად და კანონიერად მიიჩნია თბილისის განათლების განყოფილების სპეციალისტმაც. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ რადგან სახლი, რომელშიც დ. შ.-ი ცხოვრობს ავარიულია, ბავშვს შეექმნება საფრთხე, პალატა თვლის, რომ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მამის შვილთან ურთიერთობის დამაბრკოლებელ გარემოება.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ქ.-ის წარმომადგენლის დ. ო.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.