საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123008417257
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1232აპ-24 ქ. თბილისი
ბ. გ. 1232აპ-24 7 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ–ის, – პირადი ნომერი ..........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 22 ნოემბერს, დილის საათებში, თ–ში, .........ის ქუჩის №...-ში მდებარე სამშენებლო კომპანია ,,ი–სის“ სამშენებლო ობიექტზე, სადაც წარმოებდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, სამუშაოთა მწარმოებელმა – გ. ბ–მა – დარღვია უსაფრთხოების წესები, კერძოდ: გ. ბ–ს, მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდა უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი, ევალებოდა უზრუნველეყო სიმაღლეთა სხვაობის ადგილის შემოღობვა დამცავი შემოღობვით, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – დამცავი ქამრით სამუშაოს შესრულების კონტროლი, მან არ დატოვა სამუშაო ოფისი, არ ავიდა მე-13 სართულზე, არ გააკონტროლა, რ. დ–ს ეკეთა თუ არა დამცავი ქამარი, რის გამოც, რ. დ–ი მე-13 სართულის ლიფტის შახტიდან ჩავარდა მე-10 სართულზე არსებული ლიფტის შახტის სახურავზე და მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები სხეულის არეში. კერძოდ: მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა, ბოქვენის სიმფიზის ტრავმული გაგლეჯა, ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა და ქვედა ტუჩის ჭრილობა.
1.1. აღნიშნული ქმედებით გ. ბ–მა ჩაიდინა უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 240-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენით გ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გ. ბ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ. ბ–ის მიერ, უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ, რომელმაც მოითხოვა გ. ბ–ის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. ბ–მა და მოითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო მისი დაშვების შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენი, გ. ბ–ის მიმართ, დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ. კასატორი ითხოვს გ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მისთვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ. ბ–მა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო მისი დაშვების შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს გამართლებული გ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე – შესაგებლით – პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას ან გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8.1. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, ის გარემოება, რომ 2021 წლის 22 ნოემბერს დილის საათებში, თ–ში, .........ის ქუჩის №...-ში მდებარე სამშენებლო კომპანია ,,ი–სის“ სამშენებლო ობიექტზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას, რ. დ–ი მე-13 სართულის ლიფტის შახტიდან ჩავარდა მე-10 სართულზე არსებულ ლიფტის შახტის სახურავზე და მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შრომითი ხელშეკრულებისა და მშენებლობაზე მოქმედი ინსტრუქციის მიხედვით, შრომის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რ. დ–ს ევალებოდა სიმაღლეზე მუშაობის შემთხვევაში, დამცავი ქამრის გაკეთება, შემთხვევის დღეს შპს „ი–სში“ ლიფტის შახტის ღიობზე ხის კოჭების დადებისას მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაზე მომუშავე რ. დ–ს არ გაუკეთებია დამცავი ქამარი, რაც არღვევდა „ი–სში“ მოქმედ შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებს.
8.2. მხარებს შორის დავის საგანია მხოლოდ იმ საკითხის გარკვევა, უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი ევალებოდა თუ არა გ. ბ–ს და შესაბამისად, ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
9. ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს გ. ბ–ის წარდგენილ ბრალდებებში გამართლება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:
10.1. დაზარალებულ რ. დ–ის ჩვენებას, რომ შპს „ი–სის“ მშენებარე ობიექტზე იყო მუშა, რა დროსაც გ. ჩ–ა მუდმივად უტარებდა ინსტუქტაჟს, უსაფრთხოების კუთხით სამუშაოს შესრულებისას, მათ შორის, ავალებდა ჩაფხუტის დახურებას, ქამრის გაკეთებას და სხვა. უშუალოდ შემთხვევის დღეს, ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მე-13 სართულზე ლიფტთან დაკავშირებული სამუშაოები შეესრულებინა. აღნიშნული დავალება მისცა ბრიგადირმა ი-მ (14:23:35). სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების ქამარი აიღო (14:27:50), თუმცა გაკეთება დაავიწყდა/დაეზარა (14:28:11; 14:35:55). ამასთან, ვინაიდან მხოლოდ მცირე ადგილზე იყო შესასრულებელი სამუშაო, იფიქრა, რომ მოკლე დროში შეასრულებდა და ქვევით ჩავიდოდა (12:23:50). სამუშაოს შესრულების პროცესში ვინმემ შეამოწმა ეკეთა თუ არა მას ქამარი არ ახოვს (14:24:40). დილით ნახა თუ არა გ. ბ–ი არ ახსოვს, თუმცა იგი ქვემოთ – პირველ სართულზე – იმყოფებოდა (14:24:47). დამცავ საშუალებებს ატარებდნენ თუ არა მუშები აკონტროლებდა გ. (რომლის გვარიც არ იცის). აღნიშნულს გ. ბ–ი არ აკონტროლებდა (14:25:30). იგი ,,პრარაბი“, ინჟინერი იყო (14:35:49). შემთხვევის დღეს გ. იყო თუ არა მათთან ასული ზედა სართულებზე არ ახსოვს (14:26:20). სამუშაოს მსვლელობისას მე-13 სართულზე არსებულ ლიფტის შახტიდან ჩავარდა მე-10 სართულზე, რის გამოც ფეხი და მარჯვენა მხრის ნეკნი მოიტეხა, ასევე დაუზიანდა ცხვირი (14:26:30). პრეტენზია არ აქვს და პირიქით მადლობელია, ვინაიდან კომპანიამ გადაუხადა მკურნალობის ხარჯები (14:28:36). გ. ჩ–ა მუშების უსაფრთხოების შესახებ მუდმივად აფრთხილებდა, მიდიოდა და ამოწმებდა სამუშაოს შესრულებისას (13:34:14).
10.2. მოწმე ი-მ მ-მ განმარტა, რომ 2021 წლის ნოემბერში იყო შპს ,,ი–სში“ მუშა. კომპანიაში მის გარდა დასაქმებული იყვნენ ეთნიკურად ა–ები, რადგან დასაქმებულებთან შედარებით უკეთესად ფლობდა ქართულ ენას, სამუშაოს მწარმოებელი გ. ბ–ი მისი მეშვეობით კონტაქტობდა დასაქმებულებთან და აძლევდა კონკრეტულ მითითებებს სამუშაოებთან დაკავშირებით (14:41:38). 2021 წლის 22 ნოემბერს დილის საათებში სამუშაოს დაწყებამდე შრომის უსაფრთხოებაზე სწავლება ჩაატარა გ-მ (გულისხმობს გ. ჩ–აას). მუშებს უთხრა, რომ სამუშაოს წარმოებისას გაეკეთებინათ ქამრები. ტრენინგის ჩატარების შესახებ მოაწერეს ხელი ჟურნალში (14:43:00). მან კომპანიაში მომუშავე მუშას – რ. დ–ს დაავალა, რომ მე-13 სართულზე დაეხურა ლიფტის შახტა. აღნიშნულისთვის ფიცრები სხვა მუშას უნდა მიეწოდებინა მე-12 სართულიდან (14:42:02; 14:43:50). ეს დავალება შეთანხმებული იყო გ. ბ–თან (14:43:39). როდესაც რ. დ–ი გაუშვა ობიექტზე, იგი დაბლა გ. ბ–თან ერთად დარჩა (14:44:22). დაზარალებულის ჩავარდნისას, თავად დაბლა იყო, ხოლო გ. ბ–ი სად იყო, არ ახსოვს (14:44:55). დავალების მიცემის შემდეგ დაზარალებულმა დამცავი ქამარი აიღო და წავიდა ზემოთ, თუმცა გაიკეთა თუ არა არ უნახავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიგეს ყვირილის ხმა, მუშები რ. დ–ის ჩამოვარდნის შესახებ ყვიროდნენ, რის გამოც გამოიძახეს ,,112-ი“ (14:46:46). იმ შემთხვევაში, როდესაც მუშები დამცავ ქამარს არ იკეთებდნენ, შენიშვნას აძლევენ, შემდეგ კი სამსახურიდან უშვებენ (14:45:20). ტრენინგები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ტარდებოდა, შესაძლოა ერთი დღე არ ჩატარებულიყო (14:52:41). უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იყო გ. ჩ–აა, გ. ბ–ს უსაფრთხოების კუთხით დავალება არ ჰქონდა (14:52:48). გ. ბ–ი სამუშაოთა მწარმოებელი იყო (,,პრარაბი“) და მას უსაფრთხოება არ ევალებოდა (14:53:39).
10.3. მოწმე გ. ჩ–მ განმარტა, რომ 2021 წლის ნოემბერში დასაქმებული იყო შპს ,,ი–სში“ შრომითი უსაფრთხოების მენეჯერად. იგი რამდენიმე ობიექტზე მუშაობს შრომითი უსაფრთხოების კუთხით (13:29:00). თანამშრომელი – რ. დ–ი იყო კომპანიის მუშა. შემთხვევის დროს, მაშინ როცა იმყოფებოდა სხვა ობიექტზე, დაურეკა თანამშრომელმა და უთხრა მომხდარის შესახებ. მოგვიანებით გაიგო, რომ რ. დ–ი ჩამოვარდა სიმაღლიდან. კომპანიაში მუშაობისას მის უფლება-მოვალეობაში შედიოდა კომპანიის პოლიტიკის დაგეგმვა, შრომითი უსაფრთხოების მხრივ; თანამშრომლებთან მიმართებით, მათი ინსტრუქტაჟი, სწავლება, ეკიპირება; ასევე რისკბარათების წერა, აღრიცხვა და სხვა (13:20:11). მუშას კონკრეტულ სამუშაოზე დავალებას თავად არ აძლევდა, შესაბამისად, არც რ. დ–ისთვის მიუციდა რაიმე დავალება. ამ შემთხვევაში მის (გ. ჩ–აას) მოვალეობაში შედიოდა, სიმაღლეზე მუშაობის ინსტრუქტაჟის ჩატარება (13:20:56). სამუშაოს დაწყებამდე/მიმდინარეობისას ევალება თუ არა შეამოწმოს აღჭურვილია თუ არა მუშა სათანადოდო, განმარტა, რომ ყველა სამუშაოს დაწყებისას არც ევალება და არც შესაძლებელია, თუმცა თუ ახალ ობიექტზე იწყება ახალი სამუშაო, რაც გარკვეულ საფრთხეებსა და რისკებს შეიცავს, ჩართული უნდა იყოს აუცილებლად, რათა შეაფასოს აღნიშნული საფრთხეები და რისკები (13:21:47). მუშების კონტროლი აღჭურვილობასთან დაკავშირებით ვის ევალება არ იცის, რადგან კომპანიის ვალდებულებაა ასეთი პროცედურის გაწერა (ამ შემთხვევაში გაწერილი იყო თუ არა აღნიშნული პროცედურა არ იცის). თავად, ყველა თანამშრომელს ასწავლიდა სიმაღლეზე ვარდნის დროს დამცავი ღვედის გამოყენების ვალდებულებას (13:22:38). მის მოვალეობაში შედიოდა შრომით ინსპექციისთვის შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ, რაც განახორციელა (13:24:06). აღნიშნულ დღეს ვინ მისცა დავალება რ. დ–ს არ იცის (13:26:31). ობიექტზე მისვლისას გ. ბ–ი არ დახვდა, მას ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და როგორც უთხრეს, შემთხვევის ადგილზე წავიდა, გაეხსნა ჭრილბა და სავადმყოფოში იყო (13:26:39).
10.3.1. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მის მოვალეობაში შედიოდა: ,,შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვა, – ინსტრუქტაჟები, რისკების შეფასება, საფრთხეების შეფასება, ინფორმირება და ამ საფრთხეების შემდგომი კონტროლი. ეს არის არამარტო სამუშაო პროცესზე, ეს არის – ცეცხლმაქრეები, ელექტრომოწყობილობების კონტროლი და ა.შ.” (13:30:55). ყოველდღიურად არ აწვდიდნენ ინფორმაციას სამუშაო პროცესზე, თუ ობიექტზე იწყებოდა ახალი სამუშაო, იგი გ. ბ–თან ერთად გადიოდა საკითხს, ადგენდნენ საფრთხეებს, იწერებოდა რისკის ბარათი, რასაც ხელმოწერით ადასტურებდნენ ის და გ–. და იწყებოდა სამუშაო (13:32:49).
10.3.2. მოსამართლის კითხვაზე, მიმდინარე სამუშაო პროცესში, ყოველდღიურად, თუ ვის ევალებოდა მუშების შემოწმება, რამდენად მუშაობდნენ სათანადო აღჭურვილობით, მოწმემ განმარტა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი უსაფრთხოების მენეჯერს/ინსპექტორს ყოველდღიური შემოწმება არ ევალება. იწერება პროცედურა და კონკრეტულ სამუშაოზე თანამშრომლებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი. გარკვეულ საფრთხეებიდან გამომდინარე შრომითი უსაფრთხოების მენეჯერი ვალდებულია აცნობოს ხელმძღვანელს, ეს იქნება – ტექნიკური ინჟინერი თუ სამუშაოთა მწარმოებელი, საფრთხეებთან დაკავშირებით. იწერება ვადებიც და მოწმდება საფრთხეები აღმოიფხვრა თუ არა ვადებში. შრომითი უსაფრთხოების მენეჯერს არ აქვს ვალდებულება ყველა სამუშაო ყოველდღიურად შეამოწმოს (13:45:22).
11. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ შპს ,,ი–სის” დირექტორის ს. ჯ–ის 2023 წლის 13 დეკემბრის წერილს, რომლის თანახმად, კომპანიას, თ–ში, .........ის ქუჩის №...-ში მდებარე ობიექტზე, შემთხვევის პერიოდში, გამოყოფილი ჰყავდა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი – გ. ჩ–აა.
11.1. ამავე წერილიდან ირკვევა, რომ დირექტორმა ს. ჯ–მა ადრესატს გ. ბ–ის ადვოკატს – თ. ბ–ს გაუგზავნა გ. ჩ–სთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების სკანირებული ვერსია. თუმცა, აღნიშნული თან არ ერთვის წერილს, მაშინ როცა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგეილია აღნიშნულ წერილზე დართული სხვა დოკუმენტები (ტ. N2; ს.ფ.153-162).
11.2. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის გ. ჩ–სა და შპს ,,ი–ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება, აღნიშნული წერილით მხოლოდ ის დგინდება, რომ კომპანიას .........ის ქუჩის №...-ში მდებარე ობიექტზე გამოყოფილი ჰყავდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
12. 2020 წლის 22 ივნისის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დამსაქმებელ შპს „ი–სსა“ და დასაქმებულ გ. ბ–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. დასაქმებულს – საქმის მწარმოებელს – ევალება უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, ხელმძღვანელობა თ–ში, .........ის ქუჩის №...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე (მუხლი 2.1.); ასევე, მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების და მშენებლობის პროცესში არქიტექტურულ პროექტთან სამუშაოების მიმდინარეობის შესაბამისობის კონტროლი და ზედამხედველობა (მუხლი 3.2).
13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №.......... დასკვნის თანახმად:
13.1. 2021 წლის 22 ნოემბერს, თ–ში, .........ის ქუჩის №...-ში მდებარე შპს ,,ი–სის“ სამშენებლო ობიექტზე, სადაც წარმოებს ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, როდესაც აღნიშნული ობიექტის ,,ბ“ ბლოკის მეცამეტე სართულზე არსებული ლიფტის შახტისთვის მოწყობილი ღიობის ფენილით დაფარვის მიზნით, ამავე ობიექტზე ხელშეკრულებით მომუშავე მუშა რ. დ–ი აღნიშნული ლიფტის შახტის ღიობზე დებდა ხის კოჭებს, რომლებიც გამოიყენება ყალიბის მოსაწყობად, რათა შემდგომ ზემოდან დაეკრა ფიცრები, იგი სამუშაოს ასრულებდა დამცავი ქამრის გარეშე, რა დროსაც დაეხვა თავბრუ, ჩავარდა აღნიშნულ ღიობში მეცამეტე სართულიდან, დაეცა მეათე სართულზე არსებულ ანალოგიურ ღიობზე მოწყობილ ფენილზე, რის გამოც ფეხზე მიიღო მრავლობითი მოტეხილობა, დარღვეულ იქნა ,,უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*-ის №2.26* პუნქტის მოთხოვნები;
13.2. მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების №1 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვისათვის.
13.3. უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*-ის №1* დანართის №12 პუნქტის ,,ж“ ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი ევალება სამუშაოთა მწარმოებელს, ოსტატს (ბრიგადირ ოსტატს) მასზე განპიროვნებულ სამშენებლო უბნის ფარგლებში.
14. აღნიშნული დასკვნა დაადასტურა ექსპერტმა რ. წ–ამ და დამატებით განმარტა, რომ მან იხელმძღვანელა ნორმატიული აქტით – უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*-ი, რადგან 2014 წელს გამოიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც 1992 წლამდე გამოცემული რუსული ნორმატივები, რომლებიც ქართულად არ იყო გამოცემული, შეიძლება გამოყენებულიყო ლიტერატურის სახით. კონკრეტულ სიტუაციაში საქმის მასალების მიხედვით გამოძიებამ უნდა დაადგინოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, თუმცა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების №1 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვისათვის, ხოლო უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*-ის №1* დანართის №12 პუნქტის ,,ж“ ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი ევალება სამუშაოთა მწარმოებელს, ოსტატს (ბრიგადირ ოსტატს) მასზე განპიროვნებულ სამშენებლო უბნის ფარგლებში (14:24:24). შესაბამისად, იგი, როგორც მშენებელი ექსპერტი, უთითებს ნორმატიულ მასალას, ბრალდებული პირი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა დროსაც შესაძლებელია მის მიერ მითითებული ნორმატიული მასალა საერთოდ არ გაითვალისწინონ (14:25:37), ვინაიდან ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, გააჩნია ობიექტს. ზოგიერთ მათგანში საქმეთა მწარმოებელია ვალდებული თავად გააკონტროლოს ადგილზე უსაფრთხოება, ხოლო ზოგიერთ ობიექტში – ხელშეკრულებით სამუშაოთა მწარმოებელს მხოლოდ მშენებლობის პროექტის მიხედვით შესრულების კონტროლი ევალება და ხელშეკრულებას უსაფრთხოებაზე აფორმებს სხვა პირთან/ორგანიზაციასთან, ზოგიერთ ობიექტზე ასეთი რამდენიმე პირიც შეიძლება იყოს (14:27:17; 15:15:04). სამუშაოთა მწარმოებელი მუშებს ვერ ჩაუტარებს ინსტრუქტაჟს, მაგრამ მან უნდა შეაფასოს ირღვევა თუ არა უსაფრთხოების ნორმა დამცავი ქამრის გარეშე მუშაობისას. მუშებს უნდა გააცნოს პროექტში არსებული უსაფრთხოების ნორმები. შესაძლოა მას სერტიფიკატი არ ჰქონდეს, მაგრამ მან დამცავი ქამრის გარეშე არ უნდა გაუშვას მუშა სამუშაოდ იქ სადაც ჩავარდნის საფრთხეა (14:34:16).
14.1. მოწმემ განმარტა, რომ საქმიანობისას იყენებს ხოლმე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებას, თუმცა ამ შემთხვევაში ვერ გამოიყენა, ვინაიდან აღნიშნულ დადგენილებაში არ არსებობს საჭირო ფორმულირების დანაწესი. შესაბამისად, იძულებული იყო გამოეყენა ის დანაწესები, რომლებიც ამ საკითხს არეგულირებდა (იხ.: 14:20:51; 14:30:47; 14:54:02).
15. შპს ,,თ–ს ექსპერტიზის ბიუროს“ 2024 წლის 20 მარტის №...... დასკვნის თანახმად:
15.1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გ. ჩ–აას და დასაქმებულის რ. დ–ის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი – სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“-ის მე-15 მუხლი, მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ვ“ ქვეპუნქტები და მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი;
15.2. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გ. ჩ–აა და დასაქმებული რ. დ–ი იყვნენ პასუხისმგებელნი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
15.3. დასაქმებულის, რ. დ–ისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებების მიყენებას კავშირი ჰქონდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გ. ჩ–სა და დასაქმებული რ. დ–ის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან, კერძოდ: დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი – სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“-ის მე-15 მუხლი, მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ვ“ ქვეპუნქტები, მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი და შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი;
15.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ დანართში მითითებული მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის შემცველი ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი სამშენებლო ნორმების და წესების (СНиП III-4-80) №2.26 პუნქტი და №1-ის დანართი №12 პუნქტის ,,ж” ქვეპუნქტის რეგულირების ქვეშ არ ექცევა თ–ში, .........ის ქუჩის №...-ში მდებარე სამშენებლო კომპანია ,,ი–სის“ სამშენებლო ობიექტზე, სამუშაოების წარმოებისას 2021 წლის 22 ნოემბერს შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა. მშენებლობის უსაფრთხოების წესები დაირღვევა, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით რეგულირებულია ეს წესები და საბჭოთა დროინდელი სამშენებლო ნორმებისა და წესების (СНиП III-4-80) გამოყენების საფუძველი არ არსებობს;
15.5. გ. ბ–ის მიერ არ არის დარღვეული თ–ში, .........ის ქუჩის №...-ში მდებარე სამშენებლო კომპანია ,,ი–სის“ სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების წარმოებისას 2021 წლის 22 ნოემბერს შრომის უსაფრთხოების წესები;
15.6. თ–ში, .........ის ქუჩის №...-ში მდებარე სამშენებლო კომპანია ,,ი–სის“ სამშენებლო ობიექტზე, სამუშაოების წარმოებისას 2021 წლის 22 ნოემბერს შრომის უსაფრთხოების წესების სავარაუდო დარღვევის დროს გ. ბ–ი შრომის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პირი არ იყო.
16. ექსპერტმა ს. თ–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით 8 წელია მუშაობს (ექსპერტად მუშაობის 3 წლიანი სტაჟი, მსგავსი დასკვნა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით არ გაუცია და აღნიშნული პირველია), აქვს შესაბამისი აკრედიტაცია და სერტიფიკატი. არავის არ აქვს უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობა ან აიღოს რაიმე პასუხისმგებლობა, თუ მას არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი (12:23:18). დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო სივრცეში, დასაქმებული უზრუნველყოს იმ ინდივიდუალური საშუალებებით, რაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება მას დასჭირდეს, დასაქმებული ვალდებულია გამოიყენოს მისთვის მიწოდებული საშუალებები საჭიროებისამებრ, ხოლო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ვალდებულია ეს ყველაფერი გააკონტროლოს – ანუ გააკონტროლოს იყენებს/სწორად იყენებს თუ არა. საქმეთა მწარმოებელს არც ვალდებულება და არც პასუხისმგებლობა არ აქვს რაიმე სახის კონტროლი განახორციელოს. მას არც უფლებამოსილება არ აქვს, ვინაიდან არც სერტიფიკატი არ აქვს (12:31:13). ს–ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანების თანახმად, ყველა კომპანია ვალდებული იყო ჰყოლოდა აკრედიტირებული და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (12:32:09). მოცემულ შემთხვევაში, ობიექტზე თუ ვერ ხერხდებოდა შახტის დაფარვა უნდა მოწყობილიყო პლატფორმა, ან პირს უნდა ჰკეთებოდა ინდივიდუალური დაცვის საშუალება – ქამარი, რომელიც ჩავარდნისას დაიჭერდა და არ დაშავდებოდა. მუშას უსაფრთხოების სპეციალისტს უნდა გაეკონტროლებინა ეკეთა თუ არა შრომის ქამარი (12:34:20).
16.1. მოწმემ დაადასტურა, რომ უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*-ში სამუშაოსთან მიმართებით გაწერილი დაშორებები (სამუშაო ადგილი და გასასვლელები, სადაც სიმაღლეთა სხვაობა 1.3 მეტრზე მეტია და სამუშაო უნდა იწარმოოს ნაპირამდე 2 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, აუცილებელია სიმაღლეთა სხვაობის ადგილი შემოღობილ იქნას დამცავი შემოღობვით, თუ შემოღობვა შეუძლებელია, მაშინ სამუშაო უნდა იწარმოოს დამცავი ქამრის გამოყენებით) ქართულ კანონმდებლობაში არ არის, თუმცა არის – დანაწესი, სადაც მითითებულია, რომ ღიობი უნდა იყოს დაფარებული, ხოლო თუ დაფარვა ვერ ხერხდება პირს უნდა ეკეთოს ინდივიდუალური დაცვის საშუალება – ქამარი. ამდენად, დადგენილი არ არის რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ღიობთან მუშაობა, იმისათვის, რომ დამცავი ქამარი გამოიყენოს, თუმცა დადგენილია, რომ მუშამ უნდა გამოიყენოს დამცავი ქამარი თუ ღიობის დაფარვა ვერ ხერხდება (12:35:57).
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
17.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №.... ბრძანების თანახმად, ს–ს ტერიტორიაზე შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების დამტკიცებამდე, სამშენებლო საქმიანობისას გამოყენებულ იქნეს დანართში მოცემული ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები, აგრეთვე მათი ის ნაწილები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და რომელთა ალტერნატივა არ არსებობს ეროვნული სამშენებლო ნორმების და წესების ან ნორმატიული აქტების სახით. ამავე ბრძანების თანახმად, სამშენებლო ნორმები და წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტებს შორის მითითებულია – ,,СНиП III-4-80* უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში”.
17.2. უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*-ის №1* დანართის №12 პუნქტის ,,ж“ ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი ევალება სამუშაოთა მწარმოებელს, ოსტატს (ბრიგადირ ოსტატს) მასზე განპიროვნებულ სამშენებლო უბნის ფარგლებში.
17.2.1. ამავე დოკუმენტის 2.26* პუნქტის თანახმად, თუ სიმაღლეთა სხვაობა 1.3 მეტრზე მეტია და სამუშაო უნდა იწარმოოს ნაპირამდე 2 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, აუცილებელია სიმაღლეთა სხვაობის ადგილი შემოღობილ იქნას დამცავი შემოღობვით, ხოლო თუ შემოღობვა შეუძლებელია, სიმაღლეზე სამუშაო უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ქამრის გამოყენებით.
17.3. საქართველოს მთავრობის სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არის დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მიწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას; ხოლო მე-4 მუხლის თანახმად: დამსაქმებელი ვალდებულია, გამოყოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ობიექტზე სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისას დაიცავს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, თავის მხრივ, მათ შორის, ვალდებულია: შეაფასოს სამუშაო ადგილი და განსაზღვროს ვარდნის საშიშროება; შეაფასოს რა სახის კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული; შეაფასოს უშუალოდ სამუშაო პროცესი, რამდენად დაცულია დასაქმებული სიმაღლიდან ვარდნასთან დაკავშირებული საფრთხისგან; დარწმუნდეს იმაში, რომ დასაქმებულები სამუშაოს შესრულებისას მოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად; უზრუნველყოს კონტროლი კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებაზე; თავის მხრივ, დასაქმებული ვალდებულია: გაეცნოს და იხელმძღვანელოს შრომის უსაფრთხოების გეგმით გაწერილი ნორმებით; შეატყობინოს ზედამხედველს სიმაღლიდან ვარდნასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საფრთხის შესახებ; მიმართოს ზედამხედველს სიმაღლიდან ვარდნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე; შეატყობინოს დამსაქმებელს/შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს ნებისმიერი ინციდენტის შესახებ; განკარგოს/გამოიყენოს ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება სიმაღლიდან ვარდნის თავიდან ასაცილებლად.
18. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების, გ. ბ–თან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შინაარსის და სისხლის სამართლის საქმეში გ. ჩ–აასა და შპს „ი–სს“ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების არარსებობის მხედველობაში მიღებით, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს „ი–სში“ სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაზე (რასაც რ. დ–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა) პასუხისმგებელი პირი იყო სამუშაოთა მწარმოებელი – გ. ბ–ი. შესაბამისად, ვერ დასტურდება გ. ბ–ის მიერ უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
19. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი გ. ბ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებას ცდილობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2022 წლის 4 მარტის №........... დასკვნით (რომლის თანახმად, მათ შორის: ,,უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СниП III-4-80*-ის“ №1* დანართის №12 პუნქტის ,,ж“ ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი ევალება სამუშაოთა მწარმოებელს, ოსტატს (ბრიგადირ ოსტატს) მასზე განპიროვნებული სამშენებლო უბნის ფარგლებში), რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ იმავე დასკვნის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების №1 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვაზე, აღნიშნული დასკვნის გამცემმა ექსპერტმა – რ. წ–ამ სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ სამუშაოს მსვლელობისას უსაფრთხოებაზე კონტროლი, მართალია, ევალება სამუშაოთა მწარმოებელს, თუმცა, კონკრეტულ სიტუაციაში, საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც მშენებარე ობიექტის კონკრეტულ უბანს მიმაგრებული ჰყავს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ზოგიერთ ობიექტს ასეთი რამდენიმე პირი ჰყავს. მშენებლობაზე უსაფრთხოების პასუხისმგებელ პირს აუცილებელია ჰქონდეს სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებლობაზე უსაფრთხოების ინჟინრად ვერ იმუშავებს.
19.1. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ი–სის” დირექტორის 2023 წლის 13 დეკემბრის წერილით, კომპანიას, .........ის ქუჩის №...-ში მდებარე ობიექტზე, შემთხვევის პერიოდში, გამოყოფილი ჰყავდა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 2020 წლის 22 ივნისის შრომითი ხელშეკრულებით, ხელშეკრულება გაფორმდა დამსაქმებელ შპს „ი–სსა“ და დასაქმებულ გ. ბ–ს შორის. დასაქმებულს – საქმის მწარმოებლს ევალება უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, ხელმძღვანელობა თ–ში, .........ის ქუჩის №...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე (მუხლი 2.1.); ასევე, მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების და მშენებლობის პროცესში არქიტექტურული პროექტთან სამუშაოების მიმდინარეობის შესაბამისობის კონტროლი და ზედამხედველობა (მუხლი 3.2).
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ დაშვების პირობებშიც, თუ არ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შპს ,,თ–ს ექსპერტიზის ბიუროს“ 2023 წლის 20 მარტის №... დასკვნა, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ობიექტზე გ. ბ–ს ევალებოდა უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი და მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
21. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
21.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება გ. ბ–ი მიერ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
22. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
23. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე