დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.05.2025
საქმის ნომერი
2კ-74-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802225011364945

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№74I-25 2 მაისი, 2025 წელი

ჩ-ი ე., №74I-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. (E.) ჩ–ის (C–k) ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ჟ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. (E.) ჩ–ის (C–k) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:

2019 წლის 20 ივნისის განაჩენის თანახმად: 2010 წლის 30 მაისს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შ–ს რაიონში, ე. ჩ–მა ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრში, რიგში მდგომ პირს შესთავაზა ავტო რბოლაში შეჯიბრი. როდესაც დაზარალებულმა შეჯიბრზე უარი განაცხადა, ე. ჩ–მა თანამზრახველებთან ერთად ჯანმრთელობა დაუზიანა დაზარალებულს.

2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენის თანახმად: 2010 წლის 17 აპრილს, ე. ჩ–მა თანამზრახველებთან ერთად მიზნად დაისახა მყიდველების მოძიება, ოქროს გონივრულ ფასში გასაღების მიზნით. სინამდვილეში, ე. ჩ–ს მიზნად ჰქონდა დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, ოქროს გადაცემის განზრახვის გარეშე. თუმცა დაზარალებული მიხვდა ჩანაფიქრს და შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენის თანახმად: ე. ჩ–მა ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო მყიდველების მოძიება და მათზე ყალბი გერმანული ვალუტის გასაღება. ე. ჩ–ი წარმოადგენდა ორგანიზაციის ლიდერს და ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით:

2012 წლის 6 ივნისს, დენიზლის პროვინციაში, ე. ჩ–მა თანამზრახველებთან ერთად, ორ დაზარალებულს 30000 თურქული ლირის სანაცვლოდ მიჰყიდა ყალბი გერმანული ვალუტით სავსე ჩანთა.

2012 წლის 8 ივნისს, დენიზლის პროვინციაში, ე. ჩ–ი, თანამზრახველებთან ერთად, შეხვდა დაზარალებულს და თანხაზე მოლაპარაკებისას გამოსტაცა გერმანული ვალუტის შესაძენად განკუთვნილი 80000 თურქული ლირა.

2012 წლის 11 ივლისს, თავაშის პროვინციაში, დაზარალებულები შეხვდნენ ე. ჩ–ს გერმანული ვალუტის შეძენის მიზნით, თუმცა მათ ეჭვი შეეპარათ და შეატყობინეს პოლიციას. რის შემდეგაც, ე. ჩ–მა თანამზრახველებთან ერთად, ძალის გამოყენებით სცადა 10000 თურქული ლირის წართმევა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩარევით განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანა.

2012 წლის 7 სექტემბერს, ე. ჩ–ი, თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს შეჰპირდა, რომ 5000 თურქული ლირის სანაცვლოდ გადასცემდა გერმანულ ვალუტას. მას შემდეგ, რაც დაზარალებულა დამნაშავეებს გადასცა აღნიშნული თანხა, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2012 წლის 19 სექტემბერს, სოფელ ა–ში, ე. ჩ–მა თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს, თანხაზე მოლაპარაკებისას გამოსტაცა გერმანული ვალუტის საყიდლად განკუთვნილი თანხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2012 წლის 8 ოქტომბერს, დაზარალებულმა ე. ჩ–სა და მის თანამზრახველებს გადასცა გერმანული ვალუტის საყიდლად განკუთვნილი თანხა, რის შემდეგაც ე. ჩ–ი და მისი თანამზრახველები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

1.2. 2019 წლის 20 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის მე-5 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს N2018/661-2019/517 განაჩენით ე. ჩ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 86/2-1 მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით; აღნიშნული განაჩენი თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს 1-ელი სისხლის სამართლის პალატის N2021/3078-2021/8413 გადაწყვეტილებით შევიდა კანონიერ ძალაში 2021 წლის 20 მაისს.

1.3. 2019 წლის 17 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის თავასის პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს N2019/209-2019/490 განაჩენით ე. ჩ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 157/1 მუხლით (თაღლითობა) და 35/1 მუხლების შესაბამისად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 თვისა და 15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-11 სისხლის სამართლის პალატის N2021/24750-2021/8041 გადაწყვეტილებით შევიდა კანონიერ ძალაში 2021 წლის 7 ოქტომბერს.

1.4. 2020 წლის 11 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს N2013/89-2020/307 განაჩენით ე. ჩ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 220/2 მუხლით (დანაშაულის ჩადენის მიზნით დაარსებული ორგანიზაციის წევრობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

1.5. იმავე განაჩენით, ე. ჩ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 157 (1) მუხლით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 20000 თურქული ლირის ოდენობით, (რაც დენიზლის საქალაქო მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით – 1000 დღის ვადით).

1.6. იმავე განაჩენით, ე. ჩ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 157(1) მუხლით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჯარიმა 20000 თურქული ლირის ოდენობით, (რაც დენიზლის საქალაქო მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით – 1000 დღის ვადით).

1.7. იმავე განაჩენით, ე. ჩ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 157(1) მუხლით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და ჯარიმა 100 თურქული ლირის ოდენობით, (რაც დენიზლის საქალაქო მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით – 5 დღის ვადით).

1.8. იმავე განაჩენით, ე. ჩ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 157(1) მუხლით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და ჯარიმა 2000 თურქული ლირის ოდენობით, (რაც დენიზლის საქალაქო მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით – 100 დღის ვადით).

1.9. იმავე განაჩენით, ე. ჩ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 157(1) მუხლით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 20000 თურქული ლირის ოდენობით, (რაც დენიზლის საქალაქო მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით – 1000 დღის ვადით.

1.10. იმავე განაჩენით, ე. ჩ–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 157(1) მუხლით (თაღლითობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 6000 თურქული ლირის ოდენობით, (რაც დენიზლის საქალაქო მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით – 300 დღის ვადით).

1.11. 2022 წლის 29 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის რეგიონალური სააპელაციო სისხლის სამართლის მე-7 სასამართლოს N2021/1351-2022/1809 გადაწყვეტილებით აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში; 2023 წლის 26 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის საქალაქო მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს N2023/10879-2023/10870 გადაწყვეტილებით შეიკრიბა ზემოთ აღნიშნული სასჯელები და ე. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის, 29 თვისა და 3420 დღის ვადით.

1.12. 2024 წლის 12 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ გამოიცა ე. ჩ–ის დაკავების ბრძანება ზემოთ აღნიშნული სასჯელების აღსრულების მიზნით.

1.13. 2024 წლის 25 სექტემბრიდან ე. ჩ–ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ე. ჩ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2024 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ჩ–ი.

2.2. 2024 წლის 6 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ე. ჩ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.3. 2024 წლის 22 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ე. ჩ–ის ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2.4. 2025 წლის 10 იანვარს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ე. ჩ–ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

2.5. 2025 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ე. ჩ–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 4 ივნისამდე.

2.6. 2025 წლის 6 მარტს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რაც მიღებულ იქნა 2025 წლის 24 მარტს.

2.7. ამჟამად ე. ჩ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.8. 2025 წლის 14 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის საქალაქო მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის N2023/10879-2023/10870 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

2.10. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის საქალაქო მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის N2023/10879-2023/10870 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.

2.11. 2025 წლის 21 აპრილს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ჩ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჟ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, ე. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას ერთვის შეუსაბამო ინფორმაცია. მას განაჩენებით მსჯავრადშერაცხილი ქმედებები არ ჩაუდენია და მისი მსჯავრდება ეფუძნება სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებას და პოლიტიკურ შეხედულებებს, რისი გათვალისწინებითაც შესაძლოა დაექვემდებაროს არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობას. თურქეთის რეპუბლიკის მიერ გადმოგზავნილ მასალებში ძალიან მწირი ინფორმაციაა ე. ჩ–ის მიერ დანაშაულების ჩადენის დასადასტურებლად, შესაბამისად, სასამართლოს უნდა მოეთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროდან და პროკურატურისგან.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ე. ჩ–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ე. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ე. ჩ–ი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს 2024 წლის 4 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ე. ჩ–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ე. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულ პირთა შემთხვევაში კი, ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ე. ჩ–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილს (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ორიდან ოთხ წლამდე ვადით; საქართველოს სსკ-ის 19,180 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (თაღლითობის მცდელობა ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (თაღლითობა ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ათ წლამდე ვადით; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (ძარცვა ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით; საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

8. ამრიგად, ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ე. ჩ–ს მოსახდელი აქვს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, 4 თვეზე მეტი ხნის ვადით, ხოლო მსჯავრადშერაცხილი ქმედებები ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.

9. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

10. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით.

11. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, ხოლო თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებისას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

12. ე. ჩ–ის მიმართ გამოტანილმა განაჩენებმა საბოლოო სახე მიიღო 2021 და 2022 წელს, ხოლო მის მიმართ ძებნა გამოცხადდა 2024 წელს. შესაბამისად, სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამოწურული არ არის. ასევე, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ე. ჩ–ის სასჯელების მოხდის ხანდაზმულობის ვადა იწურება 2031 წელს და 2032 წელს. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

13. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

14. ასევე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ე. ჩ–ი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი იდევნება სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებისა და პოლიტიკურ შეხედულებების გამო, ამასთან რომ შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

15. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ე. ჩ–ის უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება მისი უფლებები.

16. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის საკმარისად ნათელი ინფორმაცია ე. ჩ–ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტების დასადგენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის მსჯავრდების საკითხზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი, ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, თურქეთის მხარის მიერ არასაკმარისი საპროცესო დოკუმენტების გადმოგზავნის თაობაზე და მიუთითებს, რომ საექსტრადაციო მასალებში წარმოდგენილია ყველა ის საპროცესო დოკუმენტი, რაც საკმარისია ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკითხის გადასაწყვეტად.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

18. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

19. ე. ჩ–ი არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

20. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ე. ჩ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

22. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ჩ–ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, მან თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით მის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გარდა ამისა, აღსანიშანვია, რომ ე. ჩ–ს საქართველოსთან განსაკუთრებული კავშირი არ აქვს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ე. ჩ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.

24. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ე. ჩ–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.

25. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

26. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ჩ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ჟ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე– (E.) ჩ–ის (C–k) ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ჟ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე