დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 19.12.2011
საქმის ნომერი
ას-1370-1387-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.12.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1370-1387-2011 19 დეკემბერი 2011 წელი, ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ე. ჯ-ა»

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აბონენტად დარეგისტრირება, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ე. ჯ-ის» მიმართ აბონენტად დარეგისტრირების, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და განსაზღვრული სიმძლავრის ელლექტროენერგიის მიწოდების დავალდებულების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე წარმოადგენს ქუთაისში, თ-ის ქ.¹14-ში განთავსებული „ბ-ის“ (ყოფილ კინოთეატრ „ს-ოს“) მესაკუთრეს. ამჟამად მიმდინარეობს შენობის გარე ფასადის და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები ქუთაისის მერიასთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ „ბ-ს“ ესაჭიროება მძლავრი ელექტრო მომარაგება, 2009 წელს მიმართა სს „ე. ჯ-ას“ გაზრდილი ენერგეტიკული სიმძლავრის მიწოდებისა და ელექტრულ ქსელთან მიერთების მოთხოვნით, რაზედაც სს „ე. ჯ-ამ“ გასცა ტექნიკური პირობა. მოსარჩელის მიერ სრულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ყველა პირობა, მის ტერიტორიაზე მოწყობილ იქნა 6/0.4 კილოვატი ძაბვის სატრანსფორმატორო ქვესადგური, აღრიცხვა მოწესრიგდა 6 კილოვატის მხარეს, რაც დასტურდება თავად მოპასუხის სამსახურების ტექნიკური შემოწმების აქტით, მოწყობილობათა გამოცდის ოქმებითა და სხვა დოკუმენტებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე 2010 წლის აპრილში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს აბონენტად დარეგისტრირების, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და ელექტროენერგიით მიწოდების მოთხოვნით, თუმცა მოპასუხე დღემდე არ ასრულებს მის ვალდებულებებს და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, გამოგონილი და კანონშეუსაბამო მიზეზებით არ არეგისტრირებს აბონენტად და არ აძლევს საშუალებას, მიუერთდეს ქსელს და მიიღოს ელექტროენერგია, რაც მთლიანად აფერხებს „ბ-ის“ საქმიანობას. მოსარჩელე ითხოვს, რომ სს «ე. ჯ-ას» დაევალოს, მოსარჩელე თ. ა-ე დაარეგისტრიროს 6-10 კილოვატი ძაბვის აბონენტად და უზრუნველყოს მისი ელექტროენერგიით მომარაგება თანახმად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის» მე-4 მუხლის პირველი და მეათე პუნქტებისა. ამასთან, სს «ე. ჯ-ას» უნდა დაევალოს, მოსარჩელე თ. ა-ესთან, როგორც 6-10 კილოვატი ძაბვის მომხმარებელთან, გააფორმოს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, «ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების» დამტკიცებული სტანდარტული ფორმის მიხედვით თანახმად სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის» მე-4 მუხლის მე-12 პუნქტისა.

მოპასუხე სს «ე. ჯ-ამ» სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მშენებარე ობიექტზე მოსარჩელეს ესაჭიროება ელექტროენერგია საყოფაცხოვრებო მომხმარებლის დონეზე, რითაც მოცემულ ეტაპზე იგი უზრუნველყოფილია, ხოლო გაზრდილი სიმძლავრის ელექტროენერგიას ვერ აითვისებს და, ამდენად, დაუშვებელია, მიეწოდოს. ამის გარდა, ამავე მისამართზე დარეგისტრირებულია სხვა აბონენტი – ინდმეწარმე „ა. ა-ე“, რაც გამორიცხავს თ. ა-ის დამოუკიდებელ აბონენტად რეგისტრაციის შესაძლებლობას. მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფს ელექტრომომარაგების ქსელის ექსპლოუატაციას უსაფრთხოების თვალსაზრისით საკუთარი პერსონალით, რამდენადაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირთან შრომითი ხელშეკრულება მას გაფორმებული არა აქვს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით: პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თ. ა-ე წარმოადგენს ქ.ქუთაისში, თ-ის ქ.¹14-ში მდებარე უძრავი ქონების 4297,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ყოფილ კინოთეატრ „ს-ოს“ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს. ქ.ქუთაისის მერის ნ.შამუგიას 2008 წლის 5 თებერვლის ¹172 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა კინოთეატრ «ს-ოს» შენობის რეკონსტრუქციის პროექტი „ბ-ის“ მოსაწყობად, ხოლო 2008 წლის 7 თებერვალს თ.ა-ის სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა ¹000510. 2007 წლიდან თ-ის ქუჩის ¹14-ში ელექტროენერგიის მომხმარებელ აბონენტად რეგისტრირებულია ინდმეწარმე „ა. ა-ე“, რომელსაც საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებისთვის მიეწოდება 95 კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგია, რომლითაც რეკონსტრუქციის პერიოდში დაუბრკოლებლად სარგებლობს თ. ა-ე, შენობის რეკონსტრუქცია დამთავრებული არ არის – მიმდინარეობს გარე ფასადისა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. 19.08.09 წელს, მოპასუხეს როგორც განაწილების ლიცენზიატს, თ.ა-ემ მიმართა განცხადებით გაზრდილი ენერგეტიკული სიმძლავრის მიწოდებისა და ელექტრო ქსელთან მიერთების თაობაზე, რაზეც მოპასუხემ განაცხადა წერილობითი თანხმობა და იმავდროულად მომხმარებელს წარუდგინა საამისოდ შესასრულებელი აუცილებელი ტექნიკური პირობების ჩამონათვალი 18 პუნქტად, მათ შორის ვალდებულება, რომ ქსელზე მიერთებამდე თ.ა-ემ სს „ე. ჯ-ას“ კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომ შესწევს ელექტრო გადამცემი ხაზისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურის ტექნიკური ექსპლოატაციის უნარი. მოპასუხის 20.10.09 წლის ¹517/148-9 წერილით და 21.04.2010 წლის ¹15/10 აქტით დადასტურებულ იქნა, რომ თ.ა-ის მხრივ სამუშაოები შესრულებულია ტენიკური პირობის შეთანხმებული პროექტის შესაბამისად და წარმოდგენილი დოკუმენტაცია სათანადოა, ობიექტის ელექტრომომარაგება აკმაყოფილებს ტექნიკის ექსპლოატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმებს – ბ-ი შესაძლებელია მიერთებულ იქნეს ქსელზე. სემეკის აღმასრულებელი დირექტორის ა.ქ-ის 28.05.2010 წლის 4/02-23/105-954 წერილით თ.ა-ისადმი 6-10 კილოვატი ძაბვის ქსელში ობიექტის ჩართვა შესაძლებელია ელექტრო მომარაგების ქსელის საკუთარი პერსონალით ექსპლოატაციის და ახალ აბონენტად თ. ა-ის დარეგისტრირების შემთხვევაში – კომპანიასთან სათანადო ხელშეკრულების დადებით. მოსარჩელემ აბონენტად დარეგისტრირებისა და გაზრდილი სიმძლავრის ელექტროენერგიაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის წერილობით მიმართა მოპასუხეს, რაზეც უარი იმ საფუძვლით ეთქვა, რომ რეკონსტრუქციის მიმდინარე საჭიროებისათვის ობიექტის საექსპლოატაციოდ მიღებამდე მის მიერ ვერ იქნება ათვისებული არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებისათვის აუცილებელი სიმძლავრის ელექტროენერგია, რის გამოც სს „ე. ჯ-ას“ მიერ 20.08.09 წელს გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედება შეჩერებულია ობიექტის მიერ სრული ფუნქციური დანიშნულების მიღებამდე. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ შესრულებული არ არის 20.08.2009 წელს გაცემული ტექნიკური პირობის პუნქტის ¹14- მან სს „ე. ჯ-ას“ კომისიას ვერ წარუდგინა ჯეროვანი დოკუმენტები, რომ შესწევდა ელექტროგადამცემი ხაზისა და ელექტრომოწყობილობათა უსაფრთხო ექსპლოატაციის უნარი. სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე, როგორც ლიცენზიატი ასევე ვალდებული და პასუხისმგებელია გაზრდილი სიმძლავრის ელექტროენერგიის მიწოდების შემთხვევაში მომხმარებლის კვალიფიციურ უსართხოებაზე და ასეთ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის სპეციალური ცოდნისა და პროფესიული უნარიანობის განხილვა-შეფასებაზე. სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ობიექტის რეკონსტრუქციის მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელეს აუცილებლობით არ ესაჭიროებოდა 6-10 კილოვატამდე გაზრდილი ენერგოსიმძლავრე და რეკონსტრუქციის დასრულებამდე იგი უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის აუცილებელი სიმძლავრით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პალატამ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულრებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული „ელ.ენერგიის სიმძლავრის მიწოდებისა და მოხმარების წესით“ ¹1.1 და ¹1.2 მუხლების თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს ურთიერთობებს ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ანდა მოხმარების დროს ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელ.ენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ანდა მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. სემეკის აღმასრულებელი დირექტორის ა.ქ-ის 28.05.2010 წლის ¹4/02-23/105-954 წერილით თ.ა-ისადმი განმარტებულია, რომ 6-10 კილოვატი ძაბვის ქსელში ობიექტის ჩართვა შესაძლებელია ელექტრომომარაგების ქსელის საკუთარი პერსონალით ექსპლოატაციისა და ახალ აბონენტად თ.ა-ის დარეგისტრირების შემთხვევაში – კომპანიასთან სათანადო ხელშეკრულების დადებით. საკუთარი პერსონალით ექსპლოატაცია გულისხმობს ექსპლოატაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სათანადო დონეზე, ამასთან ლიცენზიატის პასუხისმგებლობის გამოურიცხავად, რამდენადაც წესების მეორე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიატი ასევე ვალდებულია, დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილ ნორმები და წესები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული „ელ. ენერგიის სიმძლავრის მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მეორე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება. თუ მომხმარებლის მიერ ირღვვა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები. ამ ნორმით დადგენილი წესი უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევაზეც, როდესაც მომხმარებლის მომარაგება ელექტროენერგიით ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა დარღვევა იმთავითვე ნათელია. ტექნიკური პირობების მე-14 პუნქტით თ.ა-ეს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რათა ქსელზე მიერთებამდე სს „ე. ჯ-ას“ კომისიაზე წარედგინა დოკუმენტი, რომ მას შესწევს ელექტროგადამცემი ხაზისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურის ტექნიკური ექსპლოატაციის უნარი, რასაც ვერ შეცვლის კონკრეტულ სპეციალისტთან დადებული შრომითი ხელშეკრულების წარდგენა, რომლის კომპეტენტურობა სადავოა მოპასუხისაგან. პალატამ გაიზიარა სს „ე. ჯ-ას“ მოსაზრება და განმარტა, რომ, მართალია, 2010 წლის 21 აპრილის ელექტროქსელში მისაერთებელი ელექტროდანადგარების მოწყობილობების ტექნიკური შემოწმების შესახებ ¹15/10 აქტში მითითებულია, რომ სელექტროდანადგარების ექსპლოატაციაზე პასუხისმგებელი პირია მამუკა წურწუმია, მაგრამ აპელანტს მასთან დადებული ხელშეკრულება და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიისათვის არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, აპელანტმა წარმოადგინა ლ. ქ-ასთან 2010 წლის 15 აპრილს დადებული შრომითი ხელშეკრულება ¹3, რომლის თანახმად, კონტრაქტორი დაინიშნა ქუთაისში, თ-ის ქ.¹14-ში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურის ტექნიკური ექსპლოატაციის ზედამხედველად, როგორც ელექტრომემონტაჟის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი და წარმოადგინა შესაბამისი მოწმობა ¹29, წარმოდგენილი მოწმობის მიხედვით ლ. ქ-ას გააჩნია არა სატრანსპორმატორო ქვესადგურის მომსახურე პერსონალის, არამედ მაღლივზე მომუშავე ელექტრომემონტაჟის კვალიფიკაცია. ამასთან აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მოწმობა ძალადაკარგულია, ვინაიდან გასულია კვალიფიკაციის შემდგომი შემოწმების ვადა. სასამართლოს მიერ სწორად არის დადგენილი, რომ შენობის რეკონსტრუქციის პერიოდში აპელანტს ნამდვილად არ ესაჭიროება 6 კილოვატი ძაბვის მხრიდან 1444 კილოვატ სიმძლავრის ელექტროენერგიის მიწოდება, ვინაიდან იგი ამ ეტაპზე მოთხოვნილ სიმძლავრეს ვერ აითვისებს. თ. ა-ეს, როგორც ობიექტის მესაკუთრეს, შენობის რეკონსტრუქციის მიზნით დადებული აქვს ნარდობის ხელშეკრულება შპს „ი-თან“, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი არის ქუთაისში, თ-ის ქ.¹14-ში მდებარე ობიექტზე დარეგისტრირებული აბონენტი. ამდენად, ეს გარემოება კიდევ უფრო ამყარებს კომპანიის პოზიციას, რომ ამ ეტაპზე თ. ა-ეს ტექნიკური პირობის მოთხოვნილი სიმძლავრე არ ესაჭიროება. მიმდინარეობს შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც ასრულებს არა შენობის მესაკუთრე, არამედ კონტრაქტორი. გასათვალისწინებელია, რომ ერთსა და იმავე მისამართზე ორი აბონენტის ერთდროული რეგისტრაცია არ დაიშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხე ბოროტად იყენრბს უფლებებს, რაც პალატამ არ გაიზიარა. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მეორე წინადადების თანახმად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სს «ე. ჯ-ა“ ეწევა რა სამეწარმეო საქმიანობას მოგების მიზნით, ივარაუდება, რომ იგი პირდაპირი ფინანსური მნიშვნელობით დაინტერესებულია ყველა შესაძლო კონტრაჰენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობით, რის თავისუფლებაც გააჩნია მხოლოდ კანონის ფარგლებში. სს „ე. ჯ-ა“ უარს არ აცხადებს ელექტროენერგიის მიყიდვაზე აპელანტისათვის, მაგრამ მან უნდა დააკმაყოფილოს აბონენტად დარეგისტრირების წესები, რაც არ არის აპელანტის მიერ დაცული, რაც შეეხება ელექტროენერგიის სიმძლავრის მომატებას, იგულისხმება, რომ აპელანტს აქვს მიწოდებული გარკვეული სიმძლავრის ელექტროენერგია, მაგრამ მომატება ხელშეკრულების თანახმად, ხდება მაშინ, როცა ობიექტი ექსპლოატაციაში შევა და არა რეკონსტრუქციისას. Pპალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ არსებულ ვითარებაში სს „ე. ჯ-ასთვის“ აპელანტთან ხელშეკრულების დადების ვალდებულების დაკისრება დაუშვებელია, რამდენადაც არ შეესაბამება ზემოთხსენებული დადგენილებით დამტკიცებულ წესებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ემ შემდეგი დასაბუთებით: იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებაც დაუსაბუთებელია და არასწორი, კერძოდ, სასამართლო დაეყრდნო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, რაც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან არ არსებობს ტექნიკური პირობების დარღვევის ფაქტი მოსარჩელის მხრიდან. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის ძალითაც მომხმარებელი ვალდებულია, ელექტროენერგია გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის. სასამართლომ ელექტროენერგიის მიზნობრივად გამოყენება დაუკავშირა ობიექტის რეკონსტრუქციის დასრულებას, რაც არასწორია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აღნიშნულ ელექტროენერგიას გამოიყენებდა მხოლოდ ერთადერთი – არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მიუხედავად იმისა, თუ რეკონსტრუქციის რა ეტაპზე იქნებოდა ობიექტი, ნახევრად დასრულებული, მთლიანად დასრულებული თუ აქტიურად მომუშავე მდგომარეობაში, რადგანაც ამ ობიექტის საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოყენება, მისი ფუნქციური დანშნულებიდან გამომდინარე, უბრალოდ, შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში უთითებს, რომ ერთსა და იმავე მისამართზე ორი აბონენტის რეგისტრაცია არ დაიშვება, რაც ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლო არ მიუთითებს, თუ რომელ ნორმატიული აქტის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება აღნიშნული. შესაბამისად, სასამართლოს ეს მტკიცება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლო უნდა დაყრდნობოდა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-4 მუხლის 1-ლი და მე-12 პუნქტებს და უნდა დაევალდებულებინა მოპასუხე აბონენტად დაერეგისტრირებინა და ხელშეკრულება გაეფორმებინა ობიექტის მესაკუთრე თ. ა-ესთან, რადგანაც სს „ე. ჯ-ას“, როგორც ბაზარზე დომინანტ კომპანიას, ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ასევე არ გამოიყენა სასამართლომ. სასამართლოს მტკიცება, რომ მოსარჩელეს არ ესაჭიროება ესა თუ ის სიმძლავრე ელექტროენერგია დაუსაბუთებელია და არ ემყარება რაიმე სახის მტკიცებულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას შეძლება ემყარებოდეს სასამართლოს შინაგანი რწმენა, ანუ მითითებას იმ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომლის ყოველმხრივი და ობიექტური ანალიზის შედეგადაც სასამართლოს ჩამოუყალიბდა აღნიშნული შინაგანი რწმენა, რომ მოსარჩელეს აუცილებლად არ ესაჭიროება ელექტროენერგიის გაზრდილი სიმძლავრე, მაშინ, როცა გადაწყვეტილებაში არაა მითითებული, რომელი მტკიცებულებების ანალიზით მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე. სასამართლო ასევე არ მსჯელობს და არ უთითებს რაიმე სახის მოსაზრებაზე, რამაც განაპირობა აღნიშნული დასკვნის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების შეფასება დაუსაბუთებელი სუბიექტური მოსაზრებაა და არა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. საქმის მასალებში წარმოდგენილია ქუთაისის მერიის სამსახურებთან შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა, რითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია და ახორციელებს ისეთი სოლიდური არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) ობიექტის რეკონსტრუქციას, როგორიცაა 10.000 კვ.მ-ზე მეტი ფართის „ბ-ი“, რომელიც გათვლილია სამ კინოდარბაზზე, ბოულინგ კლუბზე, სასტუმრო ოთახებზე, რამდენიმე ლიფტზე და რამდენიმე კვების ობიექტზე. შესაბამისად, წარმოუდგენელია აღნიშნული ობიექტი ელექტროენერგიას მოიხმარდეს საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, როგორც ამას პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოები მიუთითებენ. მოსარჩელე არაა რეგისტრირებული, როგორც აბონენტი და, შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, რაიმე სახით მიიღოს ელექტროენერგია საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ამდენად, სასამართლოს მტკიცება, რომ მოსარჩელეს არ ესაჭიროება გაზრდილი სიმძლავრის ელექტროენერგია და, რომ იგი უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის აუცილებელი სიმძლავრით, არის უსაფუძვლო მტკიცება და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებათა სრული და ობიექტური ანალიზიდან. სააპელაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში უთითებს ისეთ გარემოებაზე, რომლის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის დროს საერთოდ არ უმსჯელია. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. ა-ეს შენობის რეკონსტრუქციის მიზნით დადებული აქვს ნარდობის ხელშეკრულება შპს „ი-ან“, რომელიც დარეგისტრირებულია აბონენტად. აღნიშნულით კი, სასამართლო ცდილობს დაამტკიცოს, რომ კონტრაქტორი აწარმოებს სამუშაოებს და, რომ თ. ა-ეს მოთხოვნილი ელექტროენერგია არ ესაჭიროება. აღნიშნული მტკიცება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, რადგან სააპელაციო სასამართლომ თავად უთხრა უარი მოპასუხეს შპს „ი-ან“ დაკავშირებული მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო დადგენილ გარემოებად უთითებს ფაქტს, რომ 2007 წლიდან დღემდე აღნიშნულ მისამართზე, აბონენტად რეგისტრირებულია ინდმეწარმე „ა. ა-ე“. ზემოაღნიშნული ორი გარემოება კი, წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია. უფრო მეტიც, მთლიანად უსაფუძვლოს ხდის მოპასუხის მთავარ არგუმენტს, რომ ერთსა და იმავე მისამართზე ორი აბონენტის რეგისტრაცია არ შეიძლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ა-ეს უნდა დაუბრუნდეს კ. ჭ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 % _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

თ. ა-ეს დაუბრუნდეს კ. ჭ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300, ლარის, 70 % _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.