დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 12.12.2011
საქმის ნომერი
ას-1385-1402-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.12.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1385-1402-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი,ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ვ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ უ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში უ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 20 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა სადრენაჟე არხის დაზიანების შედეგად მოყენებული ზიანის, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე საერთო ოთახის, დამხმარე სათავსისა და ავტოფარეხის წყლის დაზიანებამდე პირვანდელი სახით აღდგენა, ასევე დაევალა მოპასუხე მხარეს წყლის საწრეტი არხის გაყვანა ისე, რომ არ დაზიანდეს ჩამონადენი წყლით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. აღნიშნულ საქმეზე სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2010 წლის 10 იანვარს და წელიწადზე მეტია გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

მოპასუხემ უ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და მოსარჩელეს ზიანი აღარ ადგება, რაზეც აღმასრულებელმა აქტი შეადგინა, რაც შეეხება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, არ აძლევს საშუალებას მის გამოსასწორებლად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განჩინებით ვ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე უ. ბ-ეს დაევალა სადრენაჟე არხის დაზიანების შედეგად ვ. ბ-ისათვის მიყენებული ზიანის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე საერთო ოთახის, დამხმარე სათავსისა და ავტოფარეხის წყლის დაზიანებამდე პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ასევე წყლის საწრეტი არხის გაყვანა ისე, რომ არ დაზიანდეს ჩამონადენი წყლით ვ. ბ-ის საკუთრებაში არებული ქონება. გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და იგი შევიდა კანონიერ ძალაში. ქ. ქუთაისში, კ-ის ქუჩის მე-6 შესახვევის ¹23-ში მდებარეობს ვ. ბ-ის კუთვნილი ორსართულიანი სახლი ეზოთი, ხოლო მის მეზობლად, აღმოსავლეთით კ-ის ქუჩის მე-6 შესახვევის ¹25-ში კი, მოპასუხე უ. ბ-ის კუთვნილი ორსართულიანი სახლი ეზოთი. სამეზობლო საზღვართან მოპასუხის კუთვილი ნაკვეთის ფარგლებში ნატეხი ქვის ლოდებით აგებულია კედელი, რომელიც ბ-ის სახლის კედლამდე დაშორებულია 2, 2 – 2, 4 მეტრით, რომელიც კედლის კონფიგურაციიდან გამომდინარე, ერთ ადგილას შევიწროვებულია 0, 8 მ-მდე. კედელი ესაზღვრება ვ. ბ-ის დამხმარე სათავსს. ვ. ბ-ის მხრიდან ამავე მიმართულებით აღმართულია მონოლითური ბეტონის კედელი, ხოლო სამეზობლო კედლებს შორის სივრცე ქმნის წყალსაწრეტ (სადრენაჟე) არხს, რომლის დანიშნულებაა უ. ბ-ის ეზოდან, ასევე ტერასიდან წყლის მილის გატარება ქუჩის სადრენაჟე სისტემამდე. უ. ბ-ის სადრენაჟე წყლის გამყვანი პლასტმასის მილის მთლიანობის დარღვევის გამო რამდენიმე ადგილას გამოჟონილი წყალი აზიანებდა ვ. ბ-ის კუთვნილი შენობა-ნაგებობების ნაწილს. გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში და ამავე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უ. ბ-ის მიერ გაყვანილია წყალსაწრეტი არხი და ჩასხმულია ბეტონი, რის შედეგად წყალგამყვანი მილის გამტარუნარიანობა აღდგენილ იქნა. მოპასუხე უ. ბ-ის შვილმა, გ. ბ-ემ 2011 წლის 25 თებერვალს განცხადებით მიმართა აღმასრულებელ ე. თ-ეს და აღნიშნა, რომ, ვ. ბ-ის წინააღმდეგობის გამო, დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი იყო. ამავე პირის ინიციატივით ზიანის გამოვლენისა და აღწერის მიზნით მოწვეული ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი გახდა მესაკუთრე ვ. ბ-ისაგან ხელშეშლის გამო.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის, 317-ე მუხლის და 992-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მოცემული უნდა იყოს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. მხოლოდ ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას, რასაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აპელანტი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რაც, მისივე აზრით, გამორიცხავდა, აგრეთვე, ზიანს მომავალში. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღსრულების მიზნით, უ. ბ-ემ გაიყვანა წყალსაწრეტი არხი და ჩაასხა ბეტონი, რის შედეგად წყალგამყვანი მილის გამტარუნარიანობა აღდგა, რაც დადასტურებულია აღმასრულებლის აქტით.

ვ. ბ-ე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ვალდებულება ბოლომდე არ შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ ვ. ბ-ემ უარი განაცხადა აღმასრულებლის მოქმედებაში მონაწილეობაზე, არ დაუშვა მოვალე და ექსპერტი მის საკუთრებაში არსებულ სახლში, რაც გამიზნული იყო ზიანის გამოსწორებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის, ამასთან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ. ჭ-ის მიერ 2011 წლის 22 ივნისის გაცემული წერილით დგინდება, რომ ზიანი, თუნდაც ის არსებობდეს, არ მიუყენებია მოპასუხეს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით ასევე დგინდება, რომ სპეციალური გეოლოგიური კვლევის გარეშე სრული ზიანის დადგენა შეუძლებელია. სამოქალაქო საპრცოესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ აპელანტმა ვერ დაამტკიცა ზიანი და მისი მოცულობა, რაც მხოლოდ მას ევალება დელიქტურ ვალდებულებებში, არამედ შემოიფარგლა მხოლოდ მასზე მითითებით, შესაბამის მტკიცებულებათა წარმოუდგენლად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით უ. ბ-ეს დააკისრეს წყლის საწრეტი არხის გაყვანა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. დაიწყო სააღსრულებო წარმოებაც და 2009 წლიდან 2011 წლის მარტამდე, არც სააღსრულებო ბიუროს და არც მოპასუხეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკაშირებით არაფერი გაუკეთებიათ. უ. ბ-ისაგან წამოსული წყალი კი ისევ აზიანებდა მის კუთნვილ უძრავ ქონებას, შესაბამისად, ზარალი უფრო მეტი იყო, ვიდრე 2009 წელს. გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო ქონებაზე მიყენებული ზიანი კიდევ გაიზარდა 2011 წელს. მოპასუხის შვილმა გია ბ-ემ მიმართა ექსპერტიზის ჩატარების შესახებაც სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს რის შესახებ მისთვის არ ყოფილა ცნობილი, ექსპერტიზის ჩატარების შესახებ ნებართვა არავის უთხოვია. მოპასუხე ამით ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში არ შეუშვა სასამართლო გადაწყვეტილების აღრულებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს წერილიდან არ იკვეთებოდა აზრი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ არც დადებითი და არც უარყოფითი, ხოლო, რაც შეეხება 2011 წლის 22 მარტის სააღსრულებო მოქმედებათა ოქმს, გასაკვირია, ვინ მისცა აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარების უფლება აღმასრულებელს საერთოდ, უფრო მეტიც მაშინ, როდესაც არსებობს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და დადგენილია უ. ბ-ის ბრალეულობა და აღმასრულებელს, თუნდაც ექსპერტს, არ ჰქოდა უფლება, გაეთვალისწინებინა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და თვითონ ჩაეტარებინა ახალი ექსპერტიზა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.